კეგელი (გერმ. Kegel), სასტამბო შრიფტის ზომა, მოიცავს ასონიშნის (თვალის) სიმაღლესა და ე. წ. მხარულებს – თვალის ზემოთ და ქვემოთ მდებარე თავისუფალ სივრცეს, რ-იც ქმნის შუალედებს ტექსტის სტრიქონებს შორის დაბეჭდილ წიგნში, გაზეთში და ა. შ. კ-ს ზომავენ სასტამბო პუნქტებით (პუნქტი უდრის 0,376 მმ) ან კვადრატებით (48 პუნქტი). ფართოდ იყენებენ შემდეგი კ-ის შრიფტებს: 5; 6 (ნონპარელი); 7; 8 (პეტიტი); 9 (ბორგესი); 10 (კორპუსი); 12 (ციცერო); 14; 16; 20; 24; 28 და 36 პუნქტი, აგრეთვე 1; 1^(1/4), 1^(1/2); 2; 2^(1/2); 3; 4; 5; 6; 8; 10; 12 და 15 კვადრატი. „ქართული ენციკლოპედიის" სტატიების ძირითადი ტექსტი აწყობილია კ. 6 შრიფტით (ა. დუმბაძის მიერ სპეციალურად შექმნილი ე. წ. „საენციკლოპედიო შრიფტი"), ენციკლოპედია „საქართველო" კი კ. 7,5 შრიფტით იბეჭდება. თანამედროვე საგამომცემლო საქმიანობაში იყენებენ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, ხოლო კ-ს – სულ უფრო იშვიათად.