კედლის მხატვრობა

კედლის მხატვრობა, კედელზე, უშუალოდ ბათქაშზე ან მასზე მიმაგრებულ ტილოზე, ანდა ქაღალდზე საღებავებით დახატული სურათები და ორნამენტები. კ. მ. შეიძლება შესრულდეს ფრესკის, (სველ ბათქაშზე), სეკოს (მშრალ ბათქაშზე) ან შერეული ტექნიკით. კ. მ-ის მასალად გამოიყენება ბუნებრივი პიგმენტებისაგან დამზადებული საღებავები, ტემპერა, XV ს-იდან გავრცელდა ზეთის, XIX სიდან კი – სილიკატური საღებავები; თანამედროვე კ. მ-ში გამოიყენება ასევე აკრილი. მხატვრობის ამავე სახეობას მიეკუთვნება მოზაიკაც. კ. მ-ის უძველესი ნიმუშებია მღვიმეებსა და კლდის ზედაპირებზე შესრულებული გვიანდ. პალეოლითის ეპოქის მოხატულობები. ფართოდ იყო გავრცელებული კ. მ. ძვ. ეგვიპტეში, სადაც ტაძრებსა და სამარხებს საკულტო, ბატა­ლური, ყოფითი თუ სხვ. შინაარსის გამოსახულებებით ამკობდნენ. ძვ. წ. II ათასწლ. მიეკუთვნება ჩინური კ. მ-ის ნიმუშები; ძვ. წ. I ათასწლ. – ურარტული, ძვ. წ. II ათასწლეულში ეგეოსურ სამყაროში შეიქმნა კ. მ., რ-იც ანტ. ფერწერის წინამორბედად არის მიჩნეული. ძვ. საბერძნეთის კ. მ-ის ნიმუშებმა ჩვენს დრომდე ნაკლებად მოაღწია, თუმცა მითოლოგიური თუ სხვა შინაარსის მრავალრიცხოვანი მოხატულობების არსებობის შე­სა­ხებ წერილობითი წყაროები გვატყობინებს. ცნობილია სახელგანთქმულ ოსტატთა სახელებიც: აპელესი, პოლიგნოტე ტასოსელი, პარასიოსი, ზევკსისი და სხვ. ფართოდ გამოიყენებოდა კ. მ. რომში, სადაც მას სხვა­დასხვა დანიშნულების ნაგებობათა მოსართავად იყენებდნენ (მაგ., პომპეისა და ჰერკულანუმის კ. მ.). შუა აზიის ტერიტორიაზე უძველესი კ. მ. შესრულებულია ძვ. წ. I ს-ში (ხვარაზმი), VII–VIII სს-ში (ფენჯიკენტი, ვარახშა და სხვ.). ამ რეგიონის მომდევნო საუკუნეების მოხატულობები განსაკუთრებული დეკორატიულობით გამოირჩევა და ორნამენტული სახეებისგან არის შედგენილი. კ. მ-ის მრავალრიცხოვანი ნიმუშები შეიქმნა ჩინეთში (დუნხუანი, V–XI სს.), ინდოეთში (აჯანტა, VI–VII სს.), ცეილონში (V ს. მღვიმეები), კორეაში, იაპონიასა და სხვ. კ. მ-ით ირთვებოდა სასახლეები, ტაძრები და სხვ. ნაგებობები.

შუა საუკუნეებში ჩა­მო­ყა­ლიბ­და რელიგ. შინაარსის კ. მ. (რომი, ბიზანტია, სა­ქარ­თვე­ლო, სერბეთი, ბულგარეთი, რუსეთი). დას. ევროპაში კ. მ. განსაკუთრებით გავრცელდა რომანულ ხელოვნებაში. გოთიკურ შენობებში კედლის დიდი არეების ნაკლებობის გამო კ. მ-ს ვიტრაჟიც დაემატა. კ. მ-ის განვითარებაში ახ. ეტაპი დაიწყო რენესანსის ეპოქაში. იტალ. ოსტატებმა – ჯოტომ, მაზაჩომ, პიერო დელა ფრანჩესკამ, ლეონარდო და ვინჩიმ, რაფაელმა, მიქელანჯელომ არაერთი ფერწე­რული შე­დევრი შექმნეს. ამ ხანაში რელიგიური ში­ნაარსის გამოსახულებებთან ერ­თად გაჩნდა მითოლოგიურ სიუ­ჟეტებსა და საერო თემებზე და­ფუძნებული მოხატულობებიც. ბაროკოს ეპოქაში კ. მ-სთან ერთად ფართოდ გამოიყენება შპალერი, სარკეები; კლასიციზმის ეპოქაში ჭარბობს სიმბოლურ-ალეგორიული შინაარსისა და ჟანრული ხასიათის სიუჟეტები, ასევე პეიზაჟი. სხვა­და­სხვა დანიშნულების ნაგებობების შესამკობად ფართოდ გამოიყენებოდა კ. მ. XIX და XX სს-შიც.

ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ­შ ი კ. მ-ის ჩვენამდე მიღწეულ უძველეს ნიმუშებს მიეკუთვნება წრომის ტაძრის საკურთხევლის შემამკობე­ლი, ქრისტეს დიდების გამომსახვე­ლი VII ს. დამდეგის მოზაიკა, ქსნის არმაზის ეკლესიის კანკელისა (864) და თელოვანის ტაძრის (VIII–IX სს.) მოხატულობის ფრაგმენტები. დავითგარეჯის მრავალმთის დოდორქის ­მონასტრის ეკლესიისა და საბერეების ეკლესიათა აფსიდებში ქრისტეს დიდების, თეოფანიური შინაარსის IX–X სს. გამოსახულებებია შემორჩენილი. სავარაუდოდ, IX–X სს. ეკუთვნის მაცხოვრის ეკლესიის აფსიდის მოხატულობა სოფ. ნესგუნში (სვანეთი). ამ ხანის მოხატუ­ლობებს, ზოგადად, ახა­სი­ა­თებს გამოსახულებათა სიბრტყობრიობა, ფორმათა ფერწერული მოდელირების უგულებელყოფა, მოუხეშავი ნახატის ექსპრესიულობა, მკვეთრ ფერთა დაპირისპირებაზე აგებული კოლორიტი და სხვ. კ. მ-ის განვითარების შემდეგი ეტაპი მოიცავს X ს. დასასრულს – XIII ს. ცნობილია ამ პერიოდის რამდენიმე ფერწერული სკოლა: მეფისკარის, ტაო-კლარჯეთის, დავითგარეჯის და სვანეთის. X–XI სს. მიჯნაზე მთლიანად შეიცვა­ლა ტაძართა მოხატულობების დეკორატიული სისტემა – თუ ადრე მხატვრობა მხო­ლოდ ტაძრის მთავარ ნაწილებს გამოყოფდა (სა­კურთხე­ვე­ლი, ჩრდ. კედელი), ახლა ის უკვე ინტერიერის მთელ სივრცეს იკავებს. კ. მ. სიუჟეტურადაც გამდიდრდა – ქრისტეს დიდება საკურ­თხე­ვ­ლის კონქში ­ვედრებამ და აღსაყდრებული ჩვილედი ღვთის­მშობლის გამოსახულებებმა შეცვალა, ძირითად სივრცეში კი მრავალრიცხოვან სახარებისეულ სიუჟეტებთან ერთად, ღვთისმშობლისა და ცალკეულ წმინდანთა, მ. შ. ქართველ წმინდანთა ნარატიული ციკლებიც გამოისახებოდა (მაგ., წმ. გიორგის, წმ. ნინოს, წმ. დავით გარეჯელის ცხოვრების სცენები და ა. შ.). X–XI სს. შესანიშნავ მოხატულობათა ნიმუშებია: ოთხთა ეკლესიის, ოშკის, იშხნის, ხახულის, ტბეთის (ტაოკლარჯეთი) კ. მ., რ-იც ხასიათდება წერის დახვეწილი მანერით, უმდიდრესი ფერადოვნებითა და ხატებათა განსაკუთრებული სულიერებით; კუმურდოს, მანგლისის, უდაბნოს მონასტრის მთავარი ტაძრისა და სატრაპეზოს ფრესკები (დავითგარეჯა), ატენის სიონის (ე. წ. დედაქალაქური სკოლა), ზემო კრიხის (რაჭა) და სხვა მოხატულობანი ინდივიდუალურ ნიშნებთან ერთად, ზოგადად, განსაკუთრებული მონუმენტურობით, ფორმათა გამომსახველობითა და ძლიერი პლასტიკური ნახატით ხასიათდება. XII ს. დასაწყისს განეკუთვნება გელათის მონასტრის მთავარი ტაძრის საკურ­თხევლის კონქის შემამკობელი ბრწყინვალე მოზაიკა ღვთისმშობლის დიდების გამოსახულებითა და იმავე ტაძრის ნართექსის მოხატულობა, რზეც მსოფლიო საეკლესიო კრების ერთ-ერთი უძველესი გამოსახულებაა. ამავე ხანას განეკუთვნება შესრულების მაღალი ოსტატობითა და ექსპრესიულობით გამორჩეული მოხატულობები ზემო სვანეთში: მეფის მხატვარ თევდორეს მიერ შექმნილი იფრალი (1096), ლაგურკა (XI–XII სს. მიჯნა), ნაკიფარი (1130) და 1140 მიქაელ მაღლაკელის მიერ შექმნილი ლატალის თემის მაცხვარიშის ტაძრის მოხატულობა.

ქარ­თული სახელმწიფოს „ოქროს ხანად“ ცნობილ ეპოქაში (XII– XIII სს. მიჯნა) იქმნება ბრწყინვალე ფერწერული ანსამბლების დიდი ჯგუფი, რ-იც მეტი დინამიკურობით, დეკორატიულობით, დახვეწილი, დენადი, პლასტიკური ნახატით, ფორმათა ნაზი მოდელირებით, ლირიკული ემოციურობითა და ცივი და თბილი ტონების კონტრასტზე დამყარებული, განსაკუთრებული ჟღერადობის მქონე ფერადოვნებით გამოირჩევა (ვარძია, ბეთანია, ნათლისმცემელი, ყინწვისი, ბერთუბანი). ამ მოხა­ტულობებს განსაკუთრებულ მნიშვ­ნელობას ისიც მატებს, რომ აქ ქართველ მეფეთა – გიორგი IIIის, თამარის და გიორგი-ლაშას – პორტრეტებია წარმოდგენილი.

XIII ს. II ნახ. – მონღოლთა ბატონობის პერიოდში, მიუხედავად უმძიმესი პოლიტ.-ეკონ. მდგომარეობისა, ქარ­თულ კ. მ-ს განვითარება არ შეუწყვეტია. ამ ხანაში იქმნება რიგი შესანიშნავი მოხატულობებისა, რ-თა ფორმასა და შინაარსში თანაბრად აისახა როგორც ქარ­თული მხატვრობის განვითარების წინა ეტაპებისთვის დამახასიათებელი ნიშნები, ისე თანადროული მოწინავე ტენდენციები. ასეთია: ახტალა (II ფენა), ქობაირი, კირანცი (ისტორიული ლორე), ხარების ეკლესია (დავითგარეჯა), საფარა, ჭულე (სამცხე), აჭის წმ. გიორგი (გურია) და ა. შ. XIV–XV სს. კ. მ-ში [გელათი (მეფე დავით ნარინის ეგვტერი), უბისა, საფარა, ზარზმა, წალენჯიხა, ლიხნე, ნაბახტევი, სორი და სხვ.] მკაფიოდ ჩანს ბიზანტიაში იმ დროს გავრცელებული ე. წ. პალეოლოგიური სტილის ნიშნები. ამ ხანის მოხატულობებს ახა­სი­ა­თებს სიუჟეტების რაოდენობის ზრდა, სცენათა და ფიგურათა ზომის შემცირება, პერსონაჟების უფრო აქტიური და დინამიკური ქმედება, მნიშვნელოვნად გამდიდრებული და დეტალიზებული არქიტექტურული და პეიზაჟური ანტურაჟი, უფრო დაქუცმაცებული ფორმა და ა. შ., თუმცა არც ადგილობრივი მხატვ­რუ­ლი ტრადიციებია მივიწყებული.

XVI–XVIII სს-ში ­ახლდებოდა ძველი მოხატულობები და მრავ­ლად იქმნებოდა ახა­ლიც. ათონის სკოლის მხატვ­რუ­ლი ტრადიციების გავლენა ემჩნევა ამ პერიოდის კა­ხე­თის (მაგ., ალვანი, ახა­ლი შუამთა, ნეკრესი, გრემი და ა. შ.), ასევე გელათის მთავარი ტაძრის ­ცენტრ. ნაწი­ლისა და გელათის წმ. გიორგის ეკლესიის კ. მ-ს. იგი მრავლად შემოგვრჩა XVII ს-შიც [სვე­ტიცხოველი, გელათის ღვთისმშობლის ტაძარი (ჩრდ. ეგვტერი და ტაძრის დას. მკლავი), სამთავისი, ნიკორწმინდა, მარტვილი, შემოქმედი, ხობი (­ცენტრ. ნავი), ხონის წმ. გიორგი, ბობნევი და სხვ.]. ამ პერიოდის ნიმუშები გამოირჩევა გართულებული იკონოგრაფიული პროგრამებით, ახალ სიუჟეტთა სიმრავლით, უმრავლეს შემთხვევაში, შესრულების მაღალი ოსტატობით, თუმცა უკვე პოსტ-ბიზანტიური მხატვრობისთვის დამახასიათებელი შესრულების ერთგვარი „სიმშრალე“ ახა­სი­ა­თებს.

სრულიად განსხვავებულ მიმართულებას განეკუთვნება XVI ს-ში შექმნილი ე. წ. „ხალხური“ მოხატულობების ჯგუფი (ჭალა, გელათის წმ. ელია, ილემი, ქორეთი, ბუგეული, ფარახეთი, კალაური, ტაბაკინი და ა. შ.), რ-იც პროფესიულ მოხატულობებთან შედარებით, შესრულების ნაკლები ოსტატობით ხასიათდება, თუმცა განსაკუთრებული უშუალობით, ნათელი, ხალისიანი ფერადოვნებითა და ორნამენტული სამკაულის სიუხვითაა გამორჩეულად მიმზიდველი.

XIX ს. I ნახ. მოხატულობებით (ბოდბე, სამთავროს წმ. ნინოს მცირე ტაძარი, მუხრანის ეკლესია და ა. შ.) არსებითად სრულდება შუა საუკუნეების ქარ­თული კ. მ-ის ისტორია. ამ პერიოდის მხატვრობას უკვე რუს. და ევრ. ნიმუშების გავლენის კვალი ემჩნევა. თანამედროვე კ. მ-ის აღორძინება XX ს. 50–80-იან წლებში დაიწყო. ქართველ მხატვრებს საშუალება მიეცათ მოეხატათ სხვა­დასხვა დანიშნულების შენობები, მ. შ. ეკლესიები. 40-იანი წლების ბოლოს ლ. გუდიაშვილმა დაიწყო ქაშვეთის ეკლესიის მოხატვა (მოიხატა მხო­ლოდ სა­კურ­თხე­ვე­ლი), 80- იან წლებში ა. ბანძელაძემ მოხატა დიდუბის ეკლესია, ლ. ცუცქირიძემ – სიონის საკათედრო ტაძრის ნაწილი. მოხატულობით შეიმკო ასევე სხვა­და­სხვა საჯარო სივრცეები: თსუ-ის სააქტო დარბაზის ჰოლი (კ. მახარაძე), რიტუალების სასახლე (ზ. ნიჟარაძე), ქარ­თული ენციკლოპედიის ფოიე, ფუნიკულიორის ზედა სადგური (ორივე ნ. იგნატოვი) და სხვ. საეკლ. და საერო ნაგებობების კ. მ-ით შემკობის ტრადიცია XXI ს-შიც გაგრძელდა. აღსანიშნავია ი. ცინცაძის, დ. ხიდაშელის, გ. მაღლაკელიძის, ა. გოგლიძის თუ სხვათა საეკლ. მოხატულობები, ასევე გ. ბუღაძის მიერ სხვა­და­სხვა საჯარო სივრცისთვის (თსუ-ის ბიბლიოთეკის პლაფონი, პარლამენტის სხდომათა დარბაზი, ბათუმის პიაცა და ა. შ.) შექმნილი კ. მ-ის ნიმუშები და სხვ.

ლიტ.: ა მ ი რ ა ნ ა ­შ ვ ი ­ლ ი  შ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1961; გელათი-900, თბ., 2007; დავითგარეჯის მონასტრები. ლავრა, უდაბნო, გამოსაცემად მოამზადეს მ. ბულიამ და დ. თუმანიშვილმა, თბ., 2008; დავითგარეჯის მონასტრები. ნათლისმცემელი, ბერთუბანი, გამოსაცემად მოამზადეს მ. ბულიამ და დ. თუმანიშვილმა, თბ., 2010; დ ი დ ე ბ უ ლ ი ძ ე  მ., ყინწვისის წმ. ნიკოლოზის ტაძრის ფერწერული ან­სამბ­ლის მხატვ­რუ­ლი სახე, თბ., 2006; ვ ი რ ს ა ლ ა ძ ე  თ., ატენის სიონის მოხატულობა, თბ., 1986; მ ი ს ი ვ ე , ქართული მხატვრობის ისტორიიდან, თბ., 2007; ს ხ ი რ ტ ლ ა ძ ე  ზ., ადრეული შუა საუკუნეების ქარ­თული კედლის მხატვრობა. თელოვანის ჯვარპატიოსანი, თბ., 2008; მ ი ს ი ვ ე , ოთხთა ეკლესიის ფრესკები, თბ., 2009; ქარ­თული ქრისტიანული ხელოვნება, რედ.: დ. თუ­მანი­შვი­ლი, მ. დიდებულიძე, ქ. მიქელაძე, თბ., 2008; А л а д а ш в и л и  Н., А л и б е г а ш в и л и  Г., В о л ь с к а я  А., Живописная школа Сванети, Тб., 1983; А л и б е г а ш в и л и  Г., Светский портрет в грузинской средневековой монументальной живописи, Тб., 1979; В и р с а л а д з е Т., Избранные труды, Тб., 2007; В о л ь с к а я  А., Росписи средневековых трапезных Грузии, Тб., 1974; მისივე, Роспись пещерных монастырей Давид Гареджи, კრ.: გარეჯი, თბ., 1988; Л о р д к и п а н и д з е  И., Роспись в Цаленджиха, Тб., 1992; П р и в а л о в а  Е., Роспись Тимотесубани, Тб., 1980; P h i l i p p o t  P., Die Wandmalerei, W.– Münch., 1972.

მ. ბულია