კეთილშობილი ირემი

კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus), ძუძუმწოვარი წყვილჩლიქოსან ცხოველთა რიგიდან, ირმისებრთა ოჯახიდან. სახეობა იყოფა 15 ქვესახეობად: კავკასიური, ევროპული, ბუხარული, მარალი, ვაპიტი და სხვ. სხეულის სიგრ­ძე – 2,3 მ, ნიდაოში – 1,6 მ, მასა – 350 კგ. ზედა მხა­რე ყავისფერი აქვს, წითური ან მოყვითალო ელფერით, ქვედა – უფრო მკრთალი; ყელსა და თავს დაჰკრავს მორუხო ელფერი, კუდის ქვეშ აქვს დიდი თეთრი ლაქა. ზამთრობით მთელ სხეულს მორუხო ელფერი დაჰკრავს. ნუკრებს თეთრი ხალები აქვთ, რ-ებიც ზრდასრულ ასაკში უქრებათ. კავკასიურ ქვესახეობას (C. maral) ხალები ზოგჯერ რუდიმენტის სახით შეიძლება შერჩეს. ირემი 20 წლამდე ცოცხლობს. რქები მხო­ლოდ ხარირემს აქვს (ქვესახეობიდან გამომდინარე სხვა­და­სხვა რაოდენობის ტოტებით – 2–10). გამრავლების პერიოდის (ხურაობა, მყვირალობა) შემდეგ, გაზაფხულზე რქები სცვივა და შემდგომ ისევ ამოსდის. ახალგაზრდა მამრებს მცირე რაოდენობის ტოტები აქვთ, 5–12 წლის ასაკში მათი რაოდენობა და რქების სისქე მაქსიმუმს აღ­წევს, შემდეგ ტოტების რაოდენობა იკლებს და რქები სუსტდება. მყვირალობა აგვისტოდან თებერვლამდე შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში სექტემბერ-ნოემბერზე მოდის. მრავლდება წელიწადში ერთხელ.

კ. ი. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდ. და ­ცენტრ. აზიაში, ჩრდ. ამერიკაში; აფრიკაში მხო­ლოდ ტუნისში შემორჩა. ინტროდუცირებულია ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ჩილესა და არგენტინაში. კავკასიაში ბრაკონიერობისა და ადგილსამყოფლის დეგრადაცი­ის გამო უმეტესად გამქრალია. შემორჩენილია მხო­ლოდ და­ცულ ტერიტორიებზე და მთიან და­ღესტანში. სა­ქარ­თვე­ლო­ში გვხვდე­ბა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვ­ნულ პარკში, ლაგოდეხის ნაკრ­ძალში, ძალიან მცირე რაოდენობით – გარდაბნის აღკვეთილში. ერთეულების სახით ზოგჯერ გვხვდე­ბა თრიალეთის ქედზე, ასევე თუშეთის ეროვნულ პარკში, სადაც დაღესტნიდან გადმოდის.

გვხვდება ფოთლოვან, ნათელ და ჭალის ტყეებში, სუბალპებსა და ალპებში, სადაც ზაფხულობით ადის. იკვებება მცენარეული საკვებით, ეტანება სამარილეებსა და მინერალებით მდიდარ მიწას, რ-საც ჭამს კიდეც.

კ. ი. შესულია „სა­ქარ­თვე­ლოს წითელ ნუსხაში", როგორც გადაშენების უკიდურესი საფრთ­ხის წინაშე მყოფი ტაქსონი (CR).

ა. ბუხნიკა­შვი­ლი