კელაპტარა (Orobanche), მრავალწლოვანი ან ერთწლოვანი უქლოროფილო პარაზიტი მცენარეების გვარი კელაპტარასებრთა ოჯახისა. ღეროს სიმაღლე 50 სმ აღწევს. ფესვები გადაქცეული აქვს მოკლე ხორცოვან მისაწოვრებად – ჰაუსტორიებად, რითაც ისინი ეხებიან მასპინძელი მცენარის ფესვებს და იჭრებიან შიგნით. მცენარეს აქვს თეთრ-რუხი, მოყვითალო, მოვარდისფრო ან მოლურჯო შეფერილობა. გვარში 150-ზე მეტი სახეობაა. გავრცელებულია ზომიერ და სუბტროპ. სარტყელში. საქართველოში 28 სახეობა იზრდება. ბევრი მათგანი ძნელად მოსაშორებელი პარაზიტი სარეველაა: მზესუმზირას კ., დატოტვილი კ., კომბოსტოს კ., ეგვიპტური კ., ყვითელი კ. და სხვ. კ. მასპინძელ მცენარეს ართმევს წყალს და საკვებ ნივთიერებებს, მისგან დაავადებული მცენარე ჭკნება და კვდება. ბრძოლის ღონისძიებებია: მცენარეთა სელექცია, თესლბრუნვა, ნიადაგის ღრმად (20 სმ) დამუშავება, ჰერბიციდების გამოყენება.