კელასურის კედელი, აფხაზეთის დიდი კ ე დ ე ლ ი, თავდაცვითი ნაგებობა. იდგა ჩრდ. კავკასიიდან დას. საქართველოსკენ მიმავალ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზაზე, რ-იც უშუალოდ შავი ზღვის სანაპიროს მიუყვებოდა. ქართულ საისტორიო მწერლობაში, ჯუანშერის თხზულებაში, VIII ს. ამბებთან დაკავშირებით ნახსენებია „ზღუდე კლისურისა" და ჩრდ. კავკასიიდან შავიზღვისპირეთში მიმავალ გზებს იცავდა. VIII ს. დასასრულიდან, აფხაზთა სამეფოს ჩამოყალიბების შემდეგ, ზღუდემ დაკარგა თავისი მნიშვნელობა და თანდათან დაინგრა. მისმა ნაშთებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.
შემორჩენილია ლევან II დადიანის მიერ აფხაზი ფეოდალების შემოსევების შესაჩერებლად XVII ს-ში აგებული საფორტიფიკაციო ნაგებობათა სისტემა (საერთო სიგრძე 60 კმ). კედელი იწყება მდ. კელასურის შესართავიდან, მიუყვება მდინარის მარცხ. სანაპიროს, შემდეგ უხვევს ჩრდ.-აღმ-კენ და ფანავის ქედის ძირის სამხრ. მხრიდან გრძელდება მდ. ღალიძგის ხეობაში. კ. კ. ერთმანეთთან კოშკებით დაკავშირებული ცალკეული საფორტიფიკაციო ნაგებობებია (კოშკების სისტემა, ზოგჯერ ცალ-ცალკე კოშკები და კედლები). ზღუდით გამაგრებულია მხოლოდ ვიწრო გადმოსასვლელები საკუთრივ აფხაზეთის, დალისა და წებელდის მხრიდან. ლევან II დადიანის საგანგებოდ შემოღებული ღონისძიებების მიხედვით, ყოველი ფეოდალი (სასულიერო ან საერო) ვალდებული იყო წელიწადში 1 თვე თავისი მხედრებით ემორიგევა კ. კ-ის დასაცავად. ლევან II დადიანის სიკვდილის შემდეგ კ. კ. უყურადღებოდ დარჩა. როდესაც აფხაზი ფეოდალების ძალაუფლება მდ. ენგურამდე გავრცელდა, კ. კ-მა თავისი ფუნქცია დაკარგა.
თ. ბერაძე