კემულარია კლოდ დე

კემულარია კლოდ დე (Claude de Kemoularia) (30.III. 1922, პარიზი, – 4. XI. 2016, იქვე), საფრანგეთის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, დიპლომატი, საბანკო საქმის ორგანიზატორი. პოლიტ. და ეკონ. მეცნ. დოქტორი. პოლიტ. ემიგრანტის, სა­ქარ­თვე­ლოს დემოკრ. რესპ. მთავრობის წევრის, იოსებ კემულარიას (1880–1957) ­შვი­ლი. დაამთავრა სორბონის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი და პარიზის პოლიტ. მეცნ. უმაღლესი სკოლა. კ-ს მინიჭებული ჰქონდა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი (1982), 1982–84 იყო საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდებში. 1957–80 და 1984–87 მსახურობდა გაეროში. იყო გაეროს გენ. მდივნის თა­ნა­შემწე, სამდივნოს უფროსი და პირადი წარმომადგენელი, საინფორმაციო სამსახურის დირექტორი ჟენევაში. საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში. 1985–86 ორჯერ აირჩიეს უშიშრ. საბჭოს თავ-რედ. საფრანგეთის პრეზიდენტის, ფ. მიტერანის მრჩეველი საგარეო ეკონ. ურთიერთობათა დარგში (1981–82). საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი ბანკის, „პარიბას" პრეზიდენტი (1988–98). კ. არჩეული იყო ომანის საერთაშ. ბანკის დირექტორთა საბჭოს უფრ. წევრად, საფრან­გეთ-კა­ტარის და საფრანგეთომანის ბიზ­ნესკლუბების პრეზიდენტად, ფრან­გულ-არაბული სავაჭროსამ­რეწვ. პალატის დირექტორთა საბ­ჭოს წევრად. 1992 მონაწი­ლეობდა თანამედროვე მსოფლიოს პოლიტ. ელიტის პოლიტ.-ეკონ. გაერთიანების – „ბილდერბერგის კლუბის"– კონფერენციაში, როგორც საფრ. დელეგაციის წევრი. იმავე წლებში აირჩიეს გაეროს საფრანგეთის ასოციაციისა და საერთაშორისო საბჭოს „მოძრაობა ევროპისაკენ" („Mouvement Europeen") საპატიო წევრად. 1987–96 იყო ფრანგული მოდის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავის, ფირმა Nina Ricci-ს დირექტორთა საბჭოს წევრი.

2002-იდან კ. იყო საერთაშ. პოლიტ. გაერთიანება „მონაკოს" კლუ­ბის ერთ-ერთი ­დამაარსებელი, 2005-იდან – პრეზიდენტი, კლუბთან არსებული ­ხმელთაშუა­ზღვის საკითხების პოლიტ. შესწავ­ლის ინ-ტის დირექტორი, 2006 მსოფლიო პოლიტ. ფორუმის – „ახა­ლი მსოფლიოს პოლიტიკური არქიტექტურა" – ერთ-ერთი ორგანიზატორი და მთავარი მომხსენებელი.

კ-ს გამოქვეყნებული აქვს მნიშვნე­ლო­ვა­ნი შრომები პოლიტ. მეცნ. და ეკონ. დარგში. შეყვანილია საფრ. პრესტიჟულ ენციკლ. გამოცემაში „ვინ ვინ არის საფრანგეთში"(„Who's Who in France"). დაჯილდოებულია „საპატიო ლეგიონის" 2 ორდენით, საფრ. ღირსების ორდენით და სხვა სახელმწ. ჯილდოებით. 1988 მიენიჭა „საპატიო ლეგიონის“ ოფიცრის წოდება.

2010 კ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩამოვიდა და თავისი წიგნის პრეზენტაციაზე განაცხადა: „...სანამ ცოცხალი ვარ, ევროპაში სა­ქართვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის დასაცავად ყვე­ლაფერს გავაკეთებ... იამაყეთ, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ხართ... მჯერა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევროკავშირში გაწევრიანდება და ევროპაში კუთვნილ ადგილს დაიკავებს".

თხზ.: ცხოვრება გაშლილი ფრთებით. მემუარები, ფრანგულიდან თარგმნეს: პრინცესა ვერონიკა მიურატმა, შ. ჭაბაშვილმა, მ. გობეჩიამ, თბ., 2010.

ლიტ.: კ ო ბ ი ა ­შ ვ ი ­ლ ი  ნ., პარიზი. კლოდ დე კემულარია (შორეული – ახლობელი), თბ., 2010; უ რ უ შ ა ძ ე  ლ., კლოდ კემულარია – საფრანგეთში მოღვაწე ქართველი, «ფუძე», 2007, №2; The Journal of Modern African Studies, 1993, გვ. 31, №4.

ლ. ურუშაძე