კენდო (იაპონ. – ხმლის გზა), იაპონური საბრძოლო და სპორტული ხელოვნების ნაირსახეობა. ჰგავს ფარიკაობას. 118 სმ სიგრძის ბამბუკის ხმალი (სინაი) მებრძოლს ორივე ხელით უჭირავს, მეტოქეს წესებით ნებადართულ ადგილებში ახვედრებს და მომგებიან ქულებს აგროვებს. ფეოდ. იაპონიაში კ. სამურაების წვრთნის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. XVIII ს-ში კ-ს ოსტატმა ცუსო ნაკანიშიმ ნამდვილი ხმალი ბამბუკის ჯოხით შეცვალა, სხეულის დასაცავად კი სპეციალური სამოსელი შემოიღო. 1914 კ. საშ. სკოლების სასწავლო პროგრამაში შეიტანეს. 1928 შეიქმნა „სრულიად იაპონიის კენდოს ფედერაცია". II მსოფლიო ომში იაპონიის ჩაბმის შემდეგ კ-მ სპორტული ფუნქცია დაკარგა (მთავრობამ ეს ორთაბრძოლა უკვე დაწყებითი კლასებისთვის აუცილებელ საგნად აქცია), ზრდასრულ მოსახლეობას ომის სამზადისში ნამდვილი ხმლით ვარჯიში უწევდა. ომში დამარცხების შემდეგ (ამერიკული ოკუპაციის დროს) კ., ძიუდო და კიუდო (იაპონური მშვილდოსნობა) აიკრძალა. 1952 „სრულიად იაპონიის კენდოს ფედერაცია" აღდგა. 1970 ტოკიოში შეიქმნა კ-ს საერთაშ. ფედერაცია (IFK), რ-იც ყოველ სამ წელიწადში ერთხელ მსოფლიოს პირად და გუნდურ ჩემპიონატებს მართავს. ამჟამად კ-ს საერთაშ. ფედერაციაში 44 ქვეყანაა გაერთიანებული (მსოფლიოში ამ სახეობას 8 მლნ-მდე ადამიანი მისდევს, მ. შ. თითქმის 40 % ქალია).
საქართველოს კ-ს ეროვნ. ფედერაცია დაარსდა 2009 წ. 30 ნოემბერს (პრეზიდენტი გ. ლეკაშვილი). სპორტის ამ სახეობაში ვარჯიში დაიწყო 2001-იდან იაპონელი ,,სენსეის“ კუნიო ოკადას ხელმძღვანელობით. ფედერაცია 2011 (ევროპის კ-ს ფედერაციის გენერალურ ასამბლეაზე) ოფიციალურად გაწევრიანდა ევროპის კ-ს ფედერაციაში. საქართველოს კ-ს ეროვნ. ფედერაცია თბილისსა და მთელ საქართველოში ხელს უწყობს კ-ს საბრძოლო ხელოვნების განვითარებას და პოპულარიზაციას.