კენკროვანი კულტურები, ველური და კულტურული მრავალწლოვანი მცენარეების (ბუჩქები, ნახევრადბუჩქები, ბალახები) ჯგუფი, რომელთა ნაყოფი, ე. წ. კენკრა საჭმელად ვარგისია. ევროპის ქვეყნებში უმეტესად გავრცელებულია მარწყვი, ხურტკმელი, მოცხარი, ჟოლო; შორეულ აღმოსავლეთში – შავი მოცხარი. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი უმეტესად მოჰყავთ მარწყვი, ჟოლო, მოცვი, მაყვალი, მოცხარი და ხურტკმელი.
კენკრა შეიცავს ადამიანისათვის მნიშვნელოვან ორგ. მჟავებს, შაქარს, მინერ. მარილებს, ვიტამინებსა და არომატულ ნივთიერებებს. იხმარება ნედლად, გაყინული, გამხმარი; გამოიყენება საკონსერვო და საკონდიტრო წარმოებაში (ამზადებენ მურაბას, ჯემს, კომპოტს, სასმელს, მარმელადს და სხვ.), ნაყოფს (მოცვი, ჟოლო, შავი ცირცელი და სხვ.) იყენებენ სამკურნალოდაც. კ. კ. ადვილად მრავლდება, ადრე იწყებს მსხმოიარობას (მარწყვი – მე-2, ჟოლო – მე-3, მოცხარი და ხურტკმელი – მე-3–მე-4 წელს) და ყოველწლიურად იძლევა მაღალ მოსავალს. მრავლდება ვეგეტატიურად – კალმით, გადაწიდვნით, ბუჩქის დაყოფით, ამონაყარითა და პწკალით; თესლით გამრავლებას მიმართავენ სელექციისათვის. კ. კ-ის სამრეწველო ბაღებს აშენებენ ვეგეტატიურად ნამრავლი ნერგით ისეთ ნაკვეთებზე, რებიც დაცულია ქარისაგან, სწორია ან ოდნავ დაფერდებული. მათი განვითარებისათვის უმჯობესია თბილი და ტენიანი ჰავა. კ. კ-ის პლანტაციების მოვლა ითვალისწინებს ნიადაგის დამუშავებას, მცენარეთა დაცვას მავნებლებისა და დაავადებებისაგან, გასხვლას, პწკალის შეცლას და სხვ.
მარწყვისთვის საუკეთესო ექსპოზიციად ითვლება სამხრეთის, სამხრ.- დას. და სამხრ.-აღმ. ფერდობები. მისი დარგვა შესაძლებელია თითქმის მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში, საქართველოში კი უმჯობესია ადრე გაზაფხულსა ან შემოდგომაზე (როცა ნიადაგის ტემპ-რა 0–20 სმ სიღრმეზე 8ºC-ზე მეტია). დღითიდღე იზრდება მარწყვის სამრეწველო ბაღის ფართობები კახეთის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და აჭარის რეგიონებში. მათ 20 ჰა-ზე მეტი ფართობი უკავიათ, სადაც დარგულია 25-ზე მეტი პერსპექტიული და გამოცდილი ჯიში.
ჟოლოსთვის საუკეთესოა ჩრდილოეთის, ჩრდ.-აღმ. და ჩრდ.-დას. დაქანებები. უნდა დაირგას ადრე გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომაზე. 2014–15 გურჯაანში, თელავში, საგარეჯოში, მარნეულში, კასპში, ახალციხეში, გორსა და ქარელში ჟოლო 25 ჰა ფართობზე იყო გაშენებული.
საქართველოში გავრცელებულია მოცვის 4 სახეობა: მთის, ლურჯი, წითელი და კავკასიური. ეს კულტურა მაქსიმალურ მოსავალს იძლევა მჟავე ნიადაგებზე. ნაკლებად მომთხოვნია (ველური ფორმა) სინათლისა და ტენის მიმართ. იტანს 20–25 ºC ყინვას. ნერგის გამოყვანა-გამრავლება ხდება უჯრედის კულტურის წესით (სინჯარაში) ლაბორატორიულ პირობებში. საქართველოში ლურჯი მოცვის გაშენება 2006-იდან დაიწყო. დას. საქართველოში დიდი პოტენციალია მის მოსაყვანად. პლანტაციები გაშენდა შუახევში, ქედაში, ხულოში, ხელვაჩაურში, ქობულეთში, ზუგდიდში, ხობში, ოზურგეთსა და ანასეულში, დარგულია 15 ჯიშის 220 ათასზე მეტი მცენარე.
საქართველოში კ. კ-ის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი, 500-ზე მეტი ჯიში (როგორც შემოტანილი, ისე ადგილობრივი), ბუნებრივი და ეკონ. პირობების გათვალისწინებით, ზონების მიხედვით არის დარაიონებული. მთაში, ტყეში, ჭაობსა და ველზე უხვადაა ველური კენკროვნები, რ-თა ნაყოფი საკვებად ვარგისია; მათ კულტ. ფორმებთან შესაჯვარებლადაც იყენებენ.
ლიტ.: გ ო გ ი ნ ა ვ ა ლ., მ ი რ ო ტ ა ძ ე ნ., ძ ე რ ი ა კ., მ ი რ ო ტ ა ძ ე მ., ჟოლოსა და უეკლო მაყვლის კულტურის გაშენება-მოვლა, გადამუშავება, შენახვა, თბ., 2018; მ ა თ ი ვ ე, ლურჯი მოცვის კულტურის გაშენება-მოვლა, გადამუშავება, შენახვა, თბ., 2018; მ ა ღ ლ ა კ ე ლ ი ძ ე ე., გ ო გ ი ნ ა ვ ა ლ., მეხილეობა, თბ., 2018.
ლ. ლასარეიშვილი
ლ. გოგინავა