კერა

კერა 1. ცეცხლის დასანთები და შესანახი ადგილი საცხოვრე­ბელში. მისი გამოყენება ადამიანმა ისწავლა განვითარების ადრინდ. საფეხურზე. სავარაუდოდ, 1,8 – 2 მლნ. წლის წინ ცეცხლს იყენებდა უძველესი ადამიანი ე. წ. ზ ი ნ ჯ ა ნ - თ რ ო პ ი, რ-ის ნაშთები აღმოჩენილია ტანზანიაში, ოლდოვაის ხეობაში (ლ. ლიკის გათხრები). ჩინეთში, ჯოუ-ქოუტიანის მღვიმეში, აშელური ხანის ადამიანის – სინანთროპის – ნამოსახლარში აღმოჩნდა მუდმივი ცეცხლის კვალი ხანგრძლივი დროის განმავლობაში და ქვებისაგან მოწყობილი კ-ის ნაშთები. აშელური ხანის კ-ის ნაშთები მიკვლეულია დას. ევროპაშიც. მუსტიეს ხანიდან კ. გვხვდე­ბა ადამიანის ყველა ნამოსახლარში. ცნობილია კ-სთან მიცვალებულთა დაკრძალვის შემთხვევებიც. დროთა ვითარებაში ჩამოყალიბდა კ-ის სხვა­და­სხვა ფორმა – მრგვალი, სწორკუთხედი, ორმოსებრი, მიწის ზედაპირზე გამართული და ა. შ. მრგვალ საცხოვრებელში კ., როგორც წესი, შუა ადგილზე იყო (ნენები, ევენკები და ჩრდ. სხვ. ხალხები), სწორკუთხედებში – კედლის ახლოს (დაღ. ხალხები). გარდამავალ ტიპადაა მიჩნეული კედლისპირა კ., რ-იც შემდგომში ბუხარმა შეცვალა.

ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ­შ ი უძველესი კ. (გარკვეული წესით განლაგებული ქვები, ორმო, რ-საც ცეცხლის კვალი ეტყობა) გვხვდე­ბა ადრინდ. მუსტიეს ხანაში (წოფი, ბრინჯაოს მღვიმე), გვიანდ. მუსტიეს ხანასა (ჯრუჭულის მღვიმე) და ზედა პალეოლითის მთელ რიგ ძეგლებში (დევისხვრელი და სხვ.). შულავერში, იმირში და ხრამის დიდ გორაზე (ძვ. წ. VI–V ათასწლ.) თიხის კ-ები გვხვდე­ბა ნაგებობებში და ზოგჯერ მის გარეთაც. ხრამის დიდ გორაზე კ-ებში ნაპოვნია თიხის ანთროპომორფული ქანდაკებანი (ერთ მათგანში 17). გამომწვარი თიხის კ-ები გვხვდება მტკვარ-არაქსის კულტურის (ძვ. წ. IV ათასწლ. დასასრ. – III ­ათასწლ. დასაწყისი) ძეგლებში (ოზნი, ქვაცხელები, გუდაბერტყა, ამირანის გორა და სხვ.). წრიული ფორმის თიხის გამომწვარ კ-ს შიდა მხა­რეს აქვს რამდენიმე შვერილი. კ-ებს იყენებდნენ გასათბობად, საჭმლის მოსამზადებლად, ცდილობდნენ მასში ცეცხლი არასდროს გამქრალიყო. ამავე დროს ის ოჯახის წმინდა, საკულტო ადგილიც იყო. იქვე სრულდებოდა სხვა­და­სხვა რელიგ. რიტუალი. კ-ები გვხვდე­ბა გვიანდ. ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. II ათასწლ. დასასრული I ათასწლ. დასაწყისი) ნამოსახლარებში (ხოვლეგორა, დიღომი). ფეოდ. ხანის თიხის კ-ებია აღმოჩენილი ურბნისში (IV–VIII სს.), დმანისში (XI–XIII სს.) და სხვ.; ქვით ნაგები კ-ები – არახლოზე (XII–XIII სს.), ქოჩულოში (XII–XIII სს.) და სხვ. გვიანდ. ფეოდ. ხანაში მას ზოგჯერ თონე ცვლიდა. თონის მსგავსი უძველესი კ-ები აღმოჩენილია სამადლოსა და ციხეგორაზე (ძვ. წ. IV–III სს.).

ქართვ. ხალხის ძვ. საცხოვრებელ ნაგებობებში (მთის სახლი, ოდა, დარბაზული სახლი) კ. საცხოვრებლის ცენტრში იყო გამართული. აქვე იყო ცეცხლის დასანთები და შესანახი ადგილი – ყვერბი, პურის გამოსაცხობი ოთხფეხა კ. (სვანეთი), ჯაჭვის ჩამოსაკიდებელი – აყარი და სასანთლე – საკვარე. კ-თან სრულდებოდა სხვა­და­სხვა საწესო ჩვევები, მაგ., პატარძლის წაღმა დატრიალება, მესისხლეთა შერიგება და სხვ.

2. გადატანითი ­მნიშვნელობით ნიშნავდა ოჯახს, სახლ-კარს, რაზეც მიანიშნებს შემდეგი გა­მოთქმები: კ-ის დავსება, კ-ის გაცივება, კ-ის დანგრევა და სხვ.

3. ადგილი, საიდანაც რაიმე მოვლენა ან მოძრაობა იწყება და ვრცელდება.

ლიტ.: ქარ­თული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2011; ჩ ა რ თ ო ლ ა ნ ი  მ., ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, თბ., 1961; ჩ ი ტ ა ი ა  გ., გლეხის სახლი ქვაბლიანის ხეობაში, «მიმომხილველი», 1926, ტ. 1; მ ი ს ი ვ ე, შრომები, ტ. 1, თბ., 1997.

ნ. ვაჩეი­შვი­ლი

მ. ჩართოლანი