კერამიკა (ბერძნ. keramikē – სამეთუნეო ხელოვნება, გამომწვარი თიხის ნაკეთობები, კ-ის ნაწარმი კაცობრიობის ისტორიის უძველესი ხანიდან გამოიყენება. მასალა მდგრადია ატმოსფერული ფაქტორების ზემოქმედებისადმი, ამდენად, ჩვენამდე თითქმის ყველა ეპოქის ნიმუშმა მოაღწია. შესაბამისად, ისტ. ეპოქების შესასწავლად კ. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნივთიერ წყაროს წარმოადგენს. განათხარ უძველეს ნამოსახლარებზე და სამარხებში თითქმის ყველგანაა აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი, რ-ის თავისებურებას ხშირად გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის არქეოლ. ძეგლის ქრონოლოგიურ თუ კულტ.-ეთნოგრ. განსაზღვრაში. კ-ის ცალკეულ დარგს გარკვეული ისტორია აქვს, მ. შ. ყველაზე ხანგრძლივი – თიხის ჭურჭლის წარმოებას, რ-იც ოდითგანვე საყოველთაოდ იყო გავრცელებული. ფორმების, ორნამენტული სტილის, დამზადების ტექ. და თიხის ტექნოლ. თავისებურებათა გამო სხვადასხვა ხალხთა კ. განსხვავებულია. სამხრ. კავკასიაში, კერძოდ, ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი, კ-ის წარმოება ნეოლითის ხანიდან დასტურდება და მრავალსაუკუნოვანი, უწყვეტი ისტორია აქვს. იგი გამოყენების ფართო სპექტრით ხასიათდება და ჭურჭლის გარდა მოიცავს დეკორატიული დანიშნულების ნაკეთობებს, რელიეფსა და ქანდაკებას; დამკვიდრებულია არქიტექტურაში და ა. შ. ადრეული კ-ის ნიმუშები (დას. საქართველო – ოდიში, კისტრიკი, ანასეული II, გურიანთა და სხვ. – ძვ. წ. VI ათასწლ.) ხელით უხეშად ნაძერწია, სუსტად, არათანაბრად გამომწვარი (ღია ცეცხლზე) და ხასიათდება მარტივი ფორმებით. ძირითადად გვხვდება ქილისებრი, უყურო, სწორკედლა, ბრტყელძირიანი ჭურჭელი ვარდისფერი ან მორუხო ფერის კეცით. წარმოდგენილია როგორც თითქმის სრულიად სადაზედაპირიანი ჭურჭელი, ასევე მრავლადაა სხვადასხვა პრიმიტიული ორნამენტით (უმთავრესად თევზიფხური) გაფორმებული ნაკეთობები. მომდევნო – ენეოლითის ხანის (ძვ. წ. VI– IV ათასწლ.; შულავერ-შომუთეფეს კულტურა) ნაკეთობათა ფორმები ჯერ კიდევ საკმაოდ პრიმიტიულია, მაგრამ უკვე ფართოდ გამოიყენებოდა ყოფაში (ოკუმი, ძირის გორა, ფსოუ, შულავრის გორა, არახლოს გორა და სხვ.). აღმოჩენილ ნიმუშებს ხშირად ცილინდრული ფართო ყელი აქვს და გადმოკეცილი პირის ჩანასახიც ემჩნევა. უმეტესობას გაკეთებული აქვს ორი ან სამი პატარა ყური. კ-ის შემკულობა გაცილებით მდიდარი და მრავალფეროვანი მოტივებით გამოირჩევა. ზედაპირი გაპრიალებულია (ოვალური ფორმის ძვლისაგან ან ხისაგან გაკეთებული მარტივი საკრიალოს გამოყენებით), რ-ზედაც გვხვდება როგორც ამოკაწრული (თევზიფხური, ტეხილხაზოვანი, ტალღისებრი სახეები და სხვ.), ისე რელიეფური ორნამენტი (კონუსისებრი კოპებით დაძერწილი სხვადასხვა დეკორი, რელიეფური ტალღისებრი ხაზები, ჯვრისებრი, ნალისებრი დანაძერწები და სხვ.). აღსანიშნავია ჭურჭელზე რელიეფურად გამოსახული ადამიანის სქემატური ფიგურა და გამოუწვავი თიხისგან დამზადებული მცირე ზომის ქალის სკულპტურები (ხრამის დიდი გორა). თიხის კეცში აღმოჩენილი გამაჭლევებელი ნივთიერებები (უმთავრესად კვარცი) გვაფიქრებინებს, რომ ნედლეული უკვე წინასწარაა შერჩეული და მომზადებული. ამავე პერიოდში გაჩნდა დახურულ ორმოში მოწყობილი პრიმიტიული ქურის პირველი, უმარტივესი სახე. საქართველოს ენეოლითის კ-ში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს ანგობის ტექნიკის ჩასახვა. ადრებრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. IV ათასწლ. დასასრ. და ძვ. წ. III ათასწლ. I ნახ., მტკვარ-არაქსის კულტურა) კ-ის წარმოება განვითარების მაღალ საფეხურზე ავიდა და, როგორც ჩანს, ხელოსნობის ცალკე დარგად ჩამოყალიბდა მეთუნეობა (გუდაბერტყა, ხიზანაანთ გორა, ამირანის გორა, ქვაცხელები და სხვ.). ნიმუშების უმრავლესობას წარმოადგენს სამზარეულოს დანიშნულების თიხის ჭურჭელი – ქოთნები, ქილები, დერგები, დოქები, სასმისები, კოჭობები და სხვ. კ-ის კეცი შედარებით თხელკედლიანია. მოწითალოდ გაპრიალებული ზედაპირის მქონე კ-ის გვერდით გაჩნდა ახალი ტიპის – შავი და რუხი ფერის კეცის მქონე შებოლილი კ. ნაკეთობების ზედაპირი ძირითადად სადაა, ზოგჯერ გრაფიკული ორნამენტით შემკული. სამხრ. კავკასიაში ადრინდ. ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურაში აქა-იქ თავს იჩენს არქაული მოხატულობა (ოზნი, ქვაცხელები). შუაბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III ათასწლ. II ნახ. და II ათასწლ. I ნახ.) თრიალეთის (ყორღანული) კულტურისათვის (თრიალეთი, ბედენი, მარტყოფი, წნორი და სხვ.) დამახასიათებელი კ. საგრძნობლად განსხვავდება წინარე ხანის თიხის ჭურჭლისგან. ჩნდება ახალი, სხვადასხვა სტილის მოხატული (წითელი და შავი საღებავებით) მაღალმხატვრული და მაღალტექ. კ. იგი, ძირითადად, შავპრიალა ჭურჭელთან ერთად იყო გავრცელებული. ნაკეთობები კვლავ ხელით ნაძერწია, მაგრამ დახვეწილი და მრავალფეროვანი. გვხვდება როგორც მცირე ზომის თხელკეციანი ჭურჭელი, ისე შედარებით დიდი ზომის სქელკედლიანი ჭურჭლის ფორმები (სასმისები, ქილები, პირგადაშლილი ცალყურა და სწორპირიანი ორყურა ქოთნები, დერგები და სხვ.). გვიანბრინჯაოს ხანის კ. (ძვ. წ. II ათასწლ. II ნახ. და ძვ. წ. I ათასწლ. I ნახ.) დამზადებულია სამეთუნეო ჩარხზე და მასობრივი წარმოების საგანია (ხოვლეგორა, თრელიგორების ნამოსახლარი და სხვ.). ისტორიული კოლხეთისა და იბერიის კერამ. ნაწარმი მრავალფეროვანი ფორმებით ხასიათდება. აღნიშნულ პერიოდში შედარებით დაბალმხატვრული ჭურჭლის გვერდით გვხვდება კ-ის საუცხოო ნიმუშებიც (სამთავროს სამაროვანის კ.). გაფართოვდა ჭურჭლის ასორტიმენტი. ფართოდაა გავრცელებული ვიწროყელიანი და მოხერხებულსახელურიანი ჭურჭელი (ხელადა, კოკა, თუნგი), რ-იც უფრო ადრეულ ნიმუშებში არ გვხვდება. მუქი რუხი ფერის კეცის მქონე თიხის ნაკეთობები ხშირად სხვადასხვა ხასიათის გეომ. ორნამენტითაა შემკული. ნაპოვნია მოჭიქული ჭურჭლის ნიმუშებიც. რკინის ხანიდან (ძვ. წ. I ათასწლ.) ხშირია ცხოველის ფორმის ჭურჭელი, მისი ცალკეული ზოომორფული დეტალები კი (მაგ., ყური) უფრო ძვ. დროიდანაა ცნობილი. კოლხეთის დაბლობზე ბრინჯაოსა და ადრინდ. რკინის ხანაში წამყვანია თავისებური სახის ღარებიანი და ჭდეებიანი ორნამენტით შემკული მუქი, მონოქრომული კ. დას. საქართვ. ზოგიერთ რ-ნში (მაგ. საჩხერე) თავდაპირველად თავს იჩენს მტკვარ-არაქსის, შემდეგ კი – აღმ.-ქართული ტიპის კ.
კ-ის წარმოება აღორძინდა ანტ. სამყაროში. სოფ. მეურნ., ხელოვნ., ვაჭრობისა და ქალაქური ცხოვრების განვითარებამ განაპირობა კ-ის მასიური წარმოება და მისი ფუნქციური დიფერენციაცია. ანტ. სახელმწიფოში არისტოკრატიული და შეძლებული ფენების გამორჩეული მდგომარეობა ზრდიდა მოთხოვნილებას მაღალხარისხოვან და მაღალმხატვრულ ფუფუნების საგნებზე. კ-ის წარმოება მხატვრული დონით არ ჩამორჩებოდა ხელოვნ. სხვა დარგებს. საქართველოში აღმოჩენილია დიდძალი იმპორტული ანტ. კ. კოლხეთსა და იბერიაში ადგილ. კერამ. ნაწარმის გვერდით დაიწყო ამფორებისა და სხვა წითელლაქიანი ჭურჭლის დამზადება. დამკვიდრდა თიხის დამუშავების ახ. წესი, რ-იც ადრინდ. ფეოდ. ხანაშიც არსებობდა. განახლდა მოხატული კ-ის ტრადიცია. აღმ. საქართველოში, ადრინდ. ანტ. ხანაში, კარგად ჩანს გვიანდ. ბრინჯაოს ხანის კ-ის ტრადიციები. ჭურჭლის ფორმებიდან ძირითადად გვხვდება სხვადასხვა სახის შავპრიალა ჯამები, წითელკეციანი ქვევრები და დერგები, წითლად შეღებილი წითელპრიალა პატარა დოქები. უნიკალურია სამადლოში აღმოჩენილი ელინისტური ხანის დიდი ზომის მოხატული ქვევრები. იბერიული შავპრიალა პატარა ზომის ჭურჭელი (აღმოჩნდა ურბნისში, გორში, რუსთავში, ხოვლეში, თბილისში, თრიალეთში, ხუნანში და სხვ.) კონკურენციას უწევდა ბერძნ. შავლაქიან კ-ს. იშვიათად გვხვდება შავად მოხატული ნაცრისფერი პრიალა ჭურჭელი. ზოგიერთი ნაწარმი (ბორცობებიანი ჭურჭელი) დამზადებულია ვერცხლისა და მინის ჭურჭლის მსგავსად. შავპრიალა კ-ის ტრადიცია აღმ. საქართველოში II ს-მდე აღწევს. წინა და ადრინდ. ანტ. ხანაში კოლხურ ადგილ. კ-ში მრავალ სიახლეს ვხვდებით: ჩნდება ყურმილიანი ბიკონუსური ხელადები და ჭინჭილები, მაღალფეხიანი და კონუსურძირიანი სასმისები, პირგადაკეცილი სხვადასხვა ჭურჭელი, წრიულ-კონცენტრული ჭდეული ორნამენტი და სხვ. კოლხეთში ამ დროს შავი და მუქზედაპირიანი ნაწარმი ჭარბობს. კოლხური კ-ის ნიმუშები ხარისხით ხშირად არ ჩამოუვარდებოდა იმპორტულს.
ქართული კ-ის ერთ მთავარ ჯგუფს წყლის, ღვინის, სამზარეულო და სამეურნეო დანიშნულების მრავალნაირი ჭურჭელი შეადგენს, მეორეს კი – კრამიტი, აგური და თიხის მილები. საქართვ. ანტ. ხანის არქეოლ. მასალაში საღვინე ჭურჭლის სპეციფ. ადგილ. ფორმების (ქვევრები, სხვადასხვა სახის დოქები, ხელადები, ჭინჭილები, ფიალები) სიმრავლე, პირველ რიგში, მაღალგანვითარებულ მევენახეობაზე მიგვითითებს. ამასთან, ქვევრები და დიდი დერგები განკუთვნილი იყო მარცვლეულის, ზეთისა და სხვა პროდუქტის შესანახადაც. გვიანდ. ანტ. ხანაში ვრცელდება სამტუჩა (სამყურა ბალახის ფორმის) ფართოძირიანი, მოვარდისფრო, მოწითალო, ზოგჯერ შავკეციანი დოქები, მატულობს ყელწიბოიანი მსხლის ფორმის წითელი თიხის დოქები, რ-თა ფორმა ადრინდ. და შუა ფეოდ. ხანაშიც გადმოდის. ამ დროს გვხვდება მოჭიქული კ-ის ცალკეული ნიმუშებიც (არმაზისხევი, ურბნისი, თრიალეთი, ყოღოთო). საქართველოში ფართოდ გამოიყენებოდა სამშენებლო კ. შენობების ასაგებად გამოყენებულია განსხვავებული ზომის გამომწვარი აგური. ქალაქებში საცხოვრ. და სხვა ნაგებობები ხშირად გადახურული იყო წითლად შეღებილი გვერდებაკეცილი და ღარებიანი კრამიტით (მცხეთა, ურბნისი, გორი, სამადლო, სარკინე, რუსთავი და სხვ.). აღსანიშნავია, რომ არმაზისხევის და ბაგინეთის მშენებლობაში (ძვ. წ. VI ს.) უკვე გამოყენებულია კერამ. მილები. მცხეთაში აღმოჩენილია კრამიტ-სამარხები (ძვ. წ. I – ახ. წ. III სს.), აგურითა და კერამ. ფილებით ნაგები სამარხები (I–III სს.) და სხვ.
ფეოდ. ხანაში კ-ის წარმოების განვითარება ახ. სოც.-ეკონ. საფუძველს ემყარებოდა. ადრინდ. ფეოდ. ხანაში (IV–IX სს.) ძვ. (ანტ.) საქალაქო მეურნეობის, ვაჭრობახელოსნობის განვითარების შეჩერებამ სასოფლო მეურნეობის აღორძინება გამოიწვია. შეიმჩნეოდა კერამ. ნაწარმის თანდათანობითი რეგრესი. IV–V სს. კერამ. წარმოებამ ჯერ კიდევ შეინარჩუნა ინტენს. ხასიათი და მნიშვნელოვანი მასშტაბი, ნაწარმმა კი – ანტ. კ-ის მრავალი ნიშანი, თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც განიცადა. თხელკეციან კ-ს IV–VI სს-ში სხვა ფორმა ჰქონდა და განსხვავებული ტექნოლოგიით მზადდებოდა. აღნიშნულ პერიოდში საშენ მასალად ქვასთან ერთად აგური გამოყენებულია ნაქალაქევის ძველი ციხე-ქალაქის კედლებში (IV–VI სს.), ასევე ვარციხის, შორაპნის და სკანდის ძველი ციხეების მშენებლობაში (V–VI სს.). აგური თავისი ზომითა და ფორმით „ქართულ აგურს" (23,5 სმ×23,5 სმ×5,5 სმ) უახლოვდება.
ფეოდ. საქართვ. პოლიტ. გაერთიანებას, ეკონ. წინსვლას და ქების აღორძინებას კ-ის წარმოების ახ., მკვეთრი აღმავლობა (IX–XIII სს.) მოჰყვა. აღორძინების ხანის პროდუქციის წარმოებაში კ. განსაკუთრებულ ადგილს იჭერს. XII–XIII სს-ში გაუმჯობესდა კ-ის წარმოების ტექნოლოგია. ამზადებდნენ საოჯახო და სამეურნეო დანიშნულებისა (ჯამები, სხვა სახის პატარა დოქები, საყვავილე ლარნაკები, ჭრაქები, სამარილეები და სხვ.) და სადღესასწაულო (მ. შ. ოქროთი მოვარაყებული თხელკედლიანი ლარნაკები და სხვ.) ნაკეთობებს. განსაკუთრებული ადგილი ეჭირა მოჭიქულ ჭურჭელს, რ-იც მასიურად მზადდებოდა სხვადასხვა საწარმოო ცენტრში – თბილისში, დმანისში, რუსთავში და სხვ. მოჭიქული კ. წარმოადგენდა ერთი ან რამდენიმე ფერით მოხატულ, გამჭვირვალე ჭიქურით დაფარულ ჭურჭელს. გვხვდება ფერადი ჭიქურებით მოხატული ჭურჭლის ნიმუშებიც. განსაკუთრებით ბევრი იყო ფრინველის გამოსახულებიანი და მცენარეული ორნამენტით შემკული ჯამები. ადგილობრივ ნაწარმს წარმოადგენდა ქაშანურის ზოგიერთი ნიმუშიც, რ-იც თავისებური ორნამენტული სტილითა და ტექნოლოგიით გამოირჩევა. აღმოჩენილია კერამ. სახელოსნო გამოსაწვავი ქურებით და სათანადო პროდუქციითურთ ("განჯისკარი"), მიაგნეს წარმოების უშუალო კვალს (თბილისი, დმანისი, რუსთავი). სავარაუდოა, რომ კერამიკული ნაწარმი მზადდებოდა უჯარმაში, იყალთოში, ძვ. ანაგაში, გუდარეხში, სოხუმში, ოჩამჩირეში, ზუგდიდსა და ცაგერში. საქართველოში აღმოჩენილია ამ დროის იმპორტული, უმეტესად აღმ. ქვეყნებიდან შემოტანილი ჭურჭელი. ცნობილია უცხოურის მიბაძვით ნაკეთები კ-ც. დასტურდება სავაჭრო ურთიერთობა ქართულ ქალაქებს შორის, სავარაუდოდ, კერამ. ჭურჭელი საზღვარგარეთაც გაჰქონდათ. აღნიშნულ პერიოდში მხატვრული კ-ის წარმოებამ უმაღლეს დონეს მიაღწია და ადგილ. კულტ. ტრადიციებზე დაფუძნებული თავისებური ახ. მხატვრული სტილი შექმნა. ამას ხელს უწყობდა მეზობელ კულტ. გარემოსთან ურთიერთობაც. შუა საუკუნეების საქართველოში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია სამშენებლო კ-მ. აგურის მასიურ გამოყენებას ვხვდებით სახლების, სასახლეებისა (გეგუთის სასახლის დიდი ნაწილი აგებულია აგურით) და ეკლესია-მონასტრების გუმბათისა და თაღების მშენებლობაში. აღნიშნული პერიოდის მნიშვნელოვან მიღწევად უნდა ჩაითვალოს სხვადასხვაფრად მოჭიქული შორენკეცების დამზადება და მოსაპირკეთებელ მასალად გამოყენება (რუისის, ბოდბის ტაძრები და სხვ.). იმავე პერიოდის მშენებლობაში ვრცელდება მოჭიქული კრამიტიც (კრამიტით გადახურული იყო გეგუთის სასახლის დიდი ნაწილი, ასევე გელათის მონასტერი, იშხნისა და დოლისყანის ტაძრები და სხვ.).
XIII ს. II ნახ. – XIV ს-ში კერამ. წარმოებაში ახ. ეტაპი გამოიყო, რითაც დასრულდა აღმავლობის პერიოდი. მხატვრულ კ-ში ეს მომენტი ახ. ტექნოლ. ხერხებისა და ორნამენტული სახეების შემოღებით გამოიხატა (მაგ., ჭიქურის იმიტაცია, ამოკაწრულ ორნამენტზე ანგობისა და მოხატულობის დატანა და ამ ნაწილის უთხელესი ჭიქურით დაფარვა). გვიანდ. ფეოდ. ხანის ძეგლები და მასალა შედარებით უკეთ არის შესწავლილი აღმ. საქართველოში (თბილისის დედაციხე, დმანისი, გუდარეხი, მცხეთა, ჯავახეთის ახალქალაქი, თელავი, გრემი, არეში, ძველი გავაზი და სხვ.). აქ აღმოჩენილი კერამ. ნაწარმი იმდროინდელი საზ-ბის ეკონ. მდგომარეობის ამსახველი ერთერთი პირველწყაროა. შესამჩნევია კერამ. წარმოების დაქვეითება, რისი მიზეზიც ქვეყნის პოლიტ. და ეკონ. დასუსტება, ფეოდ. დაქუცმაცებულობა და აშლილობა, საქალაქო მეურნ. შეჩერება, გარეშე მტრის შემოსევები და თარეში იყო. მშვიდობიანობისა და მომძლავრების ცალკეული მომენტები (მაგ., XV–XVI სს-ში კახეთის სამეფოს გაძლიერება) ბიძგს აძლევდა ხელოვნ. დარგების, კერძოდ, კ-ის წარმოების განვითარებასაც. გვიანდ. ფეოდ. ხანაში მკვეთრად იცვლება მოჭიქული კ-ის ფორმები, კეცი, ორნამენტის სახეები და შესრულების ხერხები, საღებავის ფერი და ა. შ. ქუსლიანი ჯამები, ფიალები, ლანგრები და ხელადები მზადდება სუფთად განლექილი თიხისაგან. მათი კეცი მოყვითალო ან მოწითალოა და ორივე მხარეს დაფარულია მაღალი ხარისხის ყვითელი ან თეთრი ანგობითა და ჭიქურით. მოცემული პერიოდის კ-ში ერთ-ერთ ძირითად ჯგუფად გამოიყოფა წერნაქიანი ჭურჭელი – სხვადასხვა სახის დოქები, ხელადები, ჯამები, თეფშები, სამარილეები, ქოთნები, ქილები, დერგები, ქვევრები, ჩიბუხები და სხვ. XVII–XVIII სს-ში თბილისი ვაჭრობისა და ხელოსნობის ცენტრი იყო. ამ დროს შედარებით მცირე მასშტაბით აღდგა კერამ. წარმოება. იმპორტული ნაწარმის კ-ში გამოირჩევა ჩინეთიდან, ირანიდან, თურქეთიდან და დაღესტნიდან შემოტანილი ნიმუშები.
XVI ს-იდან იზრდება აგურის მნიშვნელობა, როგორც საერო (კახეთის XV–XVII სს. ნაგებობები; XVII–XVIII სს. თბილისის შენობები და ქალაქის გალავანი; ერეკლე II-ის სასახლის თაღები თბილისში), ისე საეკლ.- სამონასტრო არქიტექტურაში (ახ. შუამთის და გრემის მთავარანგელოზთა ეკლესიები კახეთში, დანახვისისა და უფლისციხის ეკლესიები ქართლში, კადარის ეკლესია სამეგრელოში და სხვ.). იყენებდნენ დეკორ.-მოსაპირკეთებელ აგურსაც. კერამ. მილები გამოყენებულია თელავის, გრემის, "მუნის წყაროს" და სხვ. აბანოებსა და წყალსადენებში (XV–XVII სს.).
XVIII–XIX სს-ში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებობდა მეთუნეობის ცენტრები, სადაც საყოფაცხოვრებო, მხატვრული და სხვა დანიშნულენის კ-ის ნიმუშები მზადდებოდა, მ. შ. მეჭურჭლეობის ცენტრებია: კახეთში – თაღლაური, რუისპირი, არტოზანი, მერე, ვარდისუბანი, თელავი, მაჩხაანი, ბოდბისხევი; ზემო იმერეთში – შროშა, საწაბლე, მაქათუბანი, გეზრულა, ჯოყოეთი; ქართლში – ცხავატი; ლეჩხუმში – საირმე; რაჭაში – ლაჩთა და შოუბანი; სამეგრელოში – ნამიკოლავო; აფხაზეთში – ეკვასკე და სხვ. მექვევრეობა-მეთორნეობის ცენტრებია: კახეთში – ვარდისუბანი, ახალსოფელი, ყარსუბანი; ზემო იმერეთში – ჩხირული, დიდწითელა; ასეთივე ცენტრებია აგრეთვე ქსნის ხეობაში, ლეჩხუმში და ა. შ. ასევე სხვადასხვა ადგილას ამზადებდნენ კრამიტსა და აგურს. სხვადასხვა კუთხის ცალკეული სახის ნაწარმს შორის უმთავრესად მსგავსებაა ფორმის, დამზადების ტექ. მიხედვით და სხვ. ამავე დროს ვლინდება ადგილ. თავისებურებებიც. აღნიშნულ პერიოდში თანდათან ჩამოყალიბდა ქართ. აგურის სტანდ. ზომა. გვერდებაკეცილი კრამიტი კი საბოლოოდ შეცვალა პატარა და მსუბუქმა ღარისებრმა კრამიტმა.
XIX ს-ში ქართ. ხალხური კ-ის გვერდით უხვად გამოჩნდა დას.-ევროპული და რუს. საქარხნო კერამიკული ნაწარმი, რ-მაც, გარკვეულწილად, შეაფერხა შინამრეწველური ქართული კ-ის რეალიზაცია. იმავე საუკუნის ბოლო წლებიდან, ქართ. კულტურის სხვა დარგებთან ერთად გამოცოცხლება კერამიკულმა ხელოვნებამაც დაიწყო. მხატვრული კ-ის წარმოებისა და მისი ტრადიციების აღორძინების საკითხით დაინტერესდნენ საზ. მოღვაწეები და მხატვრები (მ. შ. ა. ბერიძე და ა. მრევლიშვილი). ამ პერიოდის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მცხეთის კერამიკული სკოლის დაარსება (1912), რ-საც კერამიკოსი ბ. შებუევი ხელმძღვანელობდა.
სამშენებლო კერამიკის წარმოებაში შემოიღეს ორთქლის ძრავით მომუშავე თიხის საზელი და დამყალიბებელი მანქანები, აგრეთვე განუწყვეტელი მოქმედების ჰოფმანის სისტემის გამოსაწვავი ღუმელი. 1878 მდ. ვერეზე მოეწყო კერამიკული კომბინატი აგურის, კრამიტის, თიხის მილების, ტერაკოტისა და ჭურჭლის დასამზადებლად, ვერის უბანში – ახ. ტექნიკით შეიარაღებული პირველი აგურის მსხვილი ქ-ნა (1882–86). საერთოდ XIX ს. ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში წვრილი მრეწველობა თბილისში საგრძნობლად შემცირდა, მ. შ. აგურის წარმოებაც. 1898 კუკიის სასაფლაოს სიახლოვეს კვლავ დაიწყო ფუნქციონირება გაუმჯობესებული ტექნიკის ბაზაზე მომუშავე აგურის ქ-ნამ.
1909 წლისათვის ქუთაისში არსებობდა 35 აგურ-კრამიტის საწარმო, ამას გარდა აგურის წვრილი სარეწავები იყო ფოთში, ახალციხეში, ახალქალაქში, გორში, სიღნაღში, თელავში.
საბჭ. ხელისუფლების დამყარების პირველივე თვეებში განახლდა ქსნის აგურ-კრამიტის და შროშის ცეცხლგამძლე მასალების ქ-ნები. ქსნის ქ-ნა საქართვ. კერამ. მრეწველობის ერთადერთი საწარმო იყო, სადაც ამზადებდნენ თიხის მილებს. თუმცა მათი წარმოება თანდათან ეცემოდა იმ მეტალურგიული ქ-ნების მშენებლობის გამო, რ-ებიც ყოველწლიურად აფართოებდნენ მაღალხარისხოვანი თუჯისა და ფოლადის მილების დამზადებას. შემდგომ პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რ-ნში აშენდა აგურკრამიტის ახ. ქ-ნები, ხდებოდა არსებულის რეკონსტრუქცია-გაფართოება. 1941 წლის დასაწყისისათვის მწყობრში ჩადგა საბურთალოს მშრალი წნეხის მექანიკური აგურის ქ-ნა, რ-იც ყველაზე მძლავრი და მექანიზებული იყო. პარალელურად შენდებოდა კრამიტის ქ-ნებიც.
ჩვენს კერამ. მრეწველობაში დიდი მნიშვნელობის მოვლენას წარმოადგენდა XX ს. II ნახიდან საოჯახო საჭიროებისათვის სათუთი კერამიკის წარმოება. გარდა ამისა, ფაიფურის ნაწარმი ფართოდ გამოიყენებოდა ელექტროტექნიკაში საიზოლაციო მასალად, ნახევრადფაიფურის ნაკეთობანი კი – სანიტარიული ტექნიკის დარგში.
კერამ. მრეწველობის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენდა თბილ. კერამიკული კომბინატის აშენება XX ს. 50- იან წლებში – უშვებდა ნახევრად ფაიფურის სანიტარიულ ნაწარმს, შემდეგ კი დაიწყო კაფელის (მოსაპირკეთებელი ფილები) დამზადება.
თანამედროვე ქართ. პროფესიული კ-ის ისტორია XX ს. 20- იანი წლებიდან იწყება. 1925 ახლად დაარსებულ თბილისის სამხატვრო აკადემიაში გაიხსნა კერამიკული სახელოსნო (მხატვრული ხელმძღვ. – ი. ნიკოლაძე, გამგე – ბ. შებუევი, ოსტატი – ა. იორდანაშვილი). 1927 ქანდაკების ფაკ-ტთან კერამიკული განყ-ბა (ხელმძღვ. ა. ფიცხელაური), ხოლო 1930 კ-ის ფაკ-ტი ჩამოყალიბდა. სახელოსნო მხატვრებს თიხის ნაწარმის შექმნისა და გამოწვის საშუალებას აძლევდა. 1928 აქვე დაარსდა ქიმ. ლაბორატორია (ხელმძღვ. მ. ხანანაშვილი), რშიც საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული თიხის ნედლეულის კვლევა ხდებოდა. ტარდებოდა სამუშაოები ანგობისა და ჭიქურის ნაირსახეობების შესასწავლად. კ-ის ფაკ-ტზე ასწავლიდნენ: ბ. შებუევი, ა. ფიცხელაური, მ. ხანანაშვილი, ი. ნიკოლაძე, ლ. გუდიაშვილი, ლ. ტომაშუკი და სხვ. მალევე მათ სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული პედაგოგები (დ. ციციშვილი, ზ. მაისურაძე, ნ. გომელაური და სხვ.) შეუერთდნენ. აღნიშნულ პერიოდში ახალ მიმართულებას – ფაიფურის ხელოვნებას – ჩაეყარა საფუძველი (მ. გიორგაძე, ე. ბაბლიძე, ე. ხაჩიძე, ი. ბუზარიაშვილი, მ. ჯალაღანია, გ. ყანდარელი, მ. ბაიდაშვილი, ა. ნაჩარიანი, მ. ჩიხლაძე, ი. გაჩეჩილაძე, გ. გოგიჩაიშვილი, ე. ვატაევა, ვ. გელაშვილი და სხვ.). ძირითადად შეიქმნა დიდი ზომის, დეკორით და სიუჟეტური კომპოზიციით უხვად შემკული საზეიმო ხასიათის მქონე დეკორატიული ლარნაკები (ი. ყანდაშვილი, 1948, 1952; ი. ბუზარიაშვილი, 1948; შ. ციციშვილი, 1952; გ. გოგიჩაიშვილი, 1953 და სხვ.), სახილე ლარნაკები (მ. ჩიხლაძე, 1954; გ. ლომიძე, XX ს. 50-იანი წლები და სხვ.), ტორშერები (ა. სპარსიაშვილი, 1958; შ. ნარიმანიშვილი, 1958), ჭაღები (გ. ფაჩუაშვილი, 1959) და სხვადასხვა კომპოზიციები, თუმცა ქართ. კერამიკული წარმოებისათვის "უცხო მასალა"– ფაიფური, სათანადოდ ვერ განვითარდა ჩვენს სინამდვილეში. ბოლომდე ვერ მოხერხდა გამართული საწარმოო ბაზის შექმნა, ადგილობრივი ნედლეულის ათვისება, მისი წარმოებაში დანერგვა და ა. შ., სხვა მრავალი პრობლემის დაძლევა, რაც თავისთავად უარყოფითად აისახა პროდუქციის მხატვრულ ხარისხზეც. ამიტომაც, XX ს. 50- იან წლების ბოლოდან მხატვარ-კერამიკოსების უმრავლესობა ეროვნულ, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მქონე მასალას – წითელ თიხას მიუბრუნდა, რაც მათ მდიდარ ტექნოლოგიურ, ფორმისეულ და დეკორატიულ მემკვიდრეობას სთავაზობდა. აქ კი გადამწყვეტი როლი სამხატვრო აკადემიის კ-ის ფაკ-ტთან არსებული ტექნოლოგიური ლაბორატორიის სასწავლო ექსპერიმენტულ სახელოსნოდ გადაკეთებამ ითამაშა (1958). სახელოსნოში თავი მოიყარა გამორჩეულმა, ინდივიდუალური ხელწერის მქონე კერამიკოსთა ჯგუფმა (ს. სულხანიშვილი, ე. ბაბლიძე, რ. იაშვილი, ა. კაკაბაძე, მ. ჩიხლაძე, ნ. კიკნაძე, მ. ჯალაღანია, რ. მეტრეველი, ი. გაჩეჩილაძე, ქ. კარგარეთელი, რ. ეკალაძე, გ. გოგიჩაიშვილი, რ. მეტრეველი-ჭელიძე, გ. ფაჩუაშვილი და სხვ.), რ-თა შემოქმედებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა როგორც საკუთრივ 1960–70 წლების, ისე, საერთოდ, ქართული კ-ის ისტორიაში. ამასთან, საგულისხმოა სხვა მხატვარკერამიკოსების (ი. ყანდაშვილი, რ. ცუხიშვილი, ლ. ნაკაშიძე, ა. ბასიშვილი, ო. მუხიგული, ნ. ბოტკოველი, გ. მირზოევი, ა. ბარამიძე, რ. ქუჩულორია და სხვ.) შემოქმედებითი მოღვაწეობა. აქვე უნდა აღინიშნოს იმ მხატვრების დიდი დამსახურება (ე. მეგრელიშვილი, ნ. ლუარსაბიშვილი, ა. ბარამიძე, მ. ბაიდოშვილი, ე. ხაჩიძე, მ. აბაშიძე, ლ. ყიფიანი, დ. კობიაშვილი, ქ. ვაშაკიძე, მ. ჯალაღანია და სხვ.), რ-ებიც ამ დროისათვის სხვადასხვა წარმოებაში (თბილისის კერამიკული კომბინატი, კაფელის ფილების, საბურთალოს აგურის; ზუგდიდის ფაიფურის ქ-ნები და სხვ.) მუშაობდნენ და მხატვრულდიზაინურ ნაწარმს ქმნიდნენ. მათ მიერ განხორციელებული ეტალონებით გამოშვებული ნაწარმი დაინერგა ადგილობრივ წარმოებაში, ხოლო საზღვარგარეთის ქვეყნებში გამართულ გამოფენებზე არაერთი ჯილდო დაიმსახურა.
თანამედროვე მხატვარ-კერამიკოსთა მიერ შესრულებულ კერამ. ნიმუშებში ნათლად იკითხება მრვალსაუკუნოვანი გამოცდილება, ეროვნული ხასიათის ღრმა წვდომა და, ამავდროულად, სიახლის ძიების წყურვილი. მხატვრული სახის შესაქმნელად, ფორმათა მრავალფეროვნებასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფერადოვან გამას, რ-იც სხვადასხვა ტექნოლოგიური ხერხების შერწყმითაა მიღებული (შებოლვა, აღდგენითი ჭიქურები, მაიოლიკის ჭიქურები, ანგობის საღებავები და სხვ.). XX ს. ქართული პროფ. კ. მრავალი მიმართულებით განვითარდა. წამყვანი როლი კვლავ მცირე ზომის საყოფაცხოვრებო და დეკორ. ჭურჭელს ენიჭება, ამასთან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სიუჟეტურ, ანიმალისტურ, დეკორატიულ პლასტიკასა და პორტრეტულ კერამიკას.
განსხვავებული ხედვა და მიდგომა გამოჩნდა კერამიკოსთა მომდევნო თაობის შემოქმედებაში (ქ. რუხაძე, გ. იაშვილი, ნ. ციციშვილი, ლ. ქუთათელაძე, ლ. ბაგრატიონი, ო. ვეფხვაძე, ო. შარაბიძე, გ. უსტიაშვილი, გ. კიკნაძე, მ. იზორია, თ. კუპრაშვილი და სხვ.). მხატვარ-კერამიკოსები ნაკლებად მიმართავენ უტილიტარული და ყოფითი დანიშნულების ნიმუშების დამზადებას, ისინი ძირითადად მხატვრულ-ვიზუალური ხასიათის დეკორატიულ, საექსპოზიციო ნამუშევრებს ქმნიან. განსხვავებულია მხატვრული ფორმები. მასალად, წითელ თიხასთან ერთად, ხშირ შემთვევაში გამოყენებულია შამოტი. ნიმუშები იმკობა პლასტიკური და ფერწერული ხერხებით, რაც კერამიკული ნაკეთობების სინთეზურ ხასიათს განაპირობებს.
საქართველოს სხვადასხვა რაიონში (შედარებით შემცირებული მასშტაბით) დღემდე არსებობს ხალხური კერამიკის საწარმოო კერები, სადაც ძირითადად საყოფაცხოვრებო და სამეურნეო დანიშნულების წითელი თიხისა და ტერაკოტის ჭურჭლის მოხატულ-მოჭიქულ ნიმუშები მზადდება. XX ს. II ნახ-ის მრავალრიცხოვან ოსტატთა შორისაა ა. სულთანიშვილი (კასპის მუნიციპალიტეტი, სოფ. ახალქალაქი), რ. არსენიშვილი (თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. იყალთო), ტ. მეჭურჭლიშვილი (სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბოდბისხევი), ლ. ბუნტური (ახალგორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ცხავატი), შ. სვანიძე (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფ. შროშა) და სხვ. მათი შემოქმედება მრავალსაუკუნოვან ქართული ხალხური კ-ის ტრადიციებს ემყარება.
დღეს საქართველოში ფუნქციონირებს 600-მდე კერამიკული მრეწველობის საწარმო, რ-ის ძირითადი ნაწილი წვრილ, კერძო საწარმოებს წარმოადგენს.
ქართ. კერამიკის ძველი ტრადიციების შენარჩუნებისა და აღორძინების მიზნით კერამიკულ ხელოვნებას სტუდენტები ეუფლებიან თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში. მიმართულებას ხელმძღვანელობს გ. იაშვილი. აქვე ფუნქციონირებს კერამიკა-მინის სასწავლო-ექსპერ. სახელოსნო.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს გააჩნია საკმაო რაოდენობის კერამ. ნედლეული – კაოლინი, თიხები, რიოლიტები, ტრაქიტები, პეგმატიტები.
კ. უძველესი ხანიდან დღემდე ქართველი ხალხის ყოველდღიური ყოფისა და შემოქმედებითი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია და ერის ისტორიის კვალდაკვალ ვითარდება.
ლიტ.: ა ფ ა ქ ი ძ ე ა., ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში, [წგ.] 1, თბ., 1963; ბ ო ჭ ო რ ი შ ვ ი ლ ი ლ., კერამიკული წარმოება საქართველოში, თბ., 1995; დიდი პიტიუნტი. არქეოლოგიური გათხრები ბიჭვინთაში, [წგ.] 1, თბ., 1975; ვანი I, თბ., 1972; ი ზ ო რ ი ა მ., ახალი მასალები ქართული მხატვრული თანამედროვე კერამიკის ჩამოყალიბების ისტორიიდან, «საქართველოს სიძველენი», 2016, № 19; კ ვ ა ს ხ ა ძ ე შ., კერამიკული ხელოვნება აღმავლობის გზაზე, «საბჭოთა ხელოვნება», 1954, №1–2; ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე ო., არქეოლოგია და საქართველოს ძველი ისტორიის ზოგიერთი საკითხი, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნების ისტ. სერია, 1976, № 2; მ ა ი ს უ რ ა ძ ე ზ., ქართული მხატვრული კერამიკა IX– XIII სს., თბ., 1953; ნ ე ბ ი ე რ ი ძ ე ლ., დასავლეთ ამიერკავკასიის ნეოლითი, თბ., 1972; საქართველოს ისტორია, მთ. რედ. მ. ლორთქიფანიძე, ტ. 1, თბ., 2012; ფ ი ც ხ ე ლ ა უ რ ი ა., დეკორატიული კერამიკა, თბ., 1954; ჯ ა ო შ ვ ი ლ ი ვ., კერამიკული მრეწველობა საქართველოში, თბ., 1958.
ე. გოგაძე
გ. ტაბატაძე
ს. ჩიტორელიძე