კეჩხუაშვილი-ბუჩუკური თამარ გრიგოლის ასული (22. XII. 1913, გორი, – 2. II. 2013, თბილისი), მხატვარი-გრაფიკოსი. მუშაობდა გობელენის დარგშიც. საქართველოს დამს. მხატვარი (1966). 1932–38 სწავლობდა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში გრაფიკის ფაკ-ტზე (პედაგოგები – ლ. გრიგოლია, ი. შარლემანი, ა. ციმაკურიძე, ჰ. ჰრინევსკი). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1945-იდან. 1945–91 პედ. მოღვაწეობას ეწეოდა მ. თოიძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში. ნამუშევრები: გრაფიკა – „ლაკათხევის მთები", „ნაღვარევის ეკლესია", „ჩარგალი შემოდგომას", „კაიშაურის ველი", „მთიულეთი", „დიაკათხევი", „არაგვის ხეობა", „თმოგვი" (1945–95); გობელენი – „მინდვრის ყვავილები", „ვარდები", „ფოთოლცვენა", „ფანტაზია" (1977–97) და სხვ. გამოფენები: რესპ. სამხატვრო გამოფენა (1967, თბილისი), თბილისელ მხატვარ ქალთა გამოფენა (1972, მოსკოვი), გობელენის გამოფენა (1988, 1990, თბილისი) და სხვ. მისი ნამუშევრები დაცულია საქართვ. კერძო კოლექციებში.
მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.