კეწერა, (Empetrum), მცენარეთა გვარი კეწერასებრთა ოჯახისა. მარადმწვანე (ფოთოლს ინარჩუნებს 3–5 წელს) ქონდარა გართხმული ბუჩქია. კ-ის 16-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროში, სამხრ. ანდებში, ატლანტის ოკეანის სამხრ. ნაწილში მდებარე კუნძულებსა და ანტარქტიკაში. იზრდება ბარისა და მთის ტუნდრაში (გოლცებზე), ტყე-ტუნდრაში, სფაგნუმიან ჭაობებში, წიწვოვან ტყეებში, ალპურ სარტყელში და სხვ. სინათლის მოყვარული და მიკოტროფული მცენარეებია. უფრო მეტად ცნობილია შავი კ. (E. nigrum). საქართველოსა და მთელ კავკასიაში იზრდება კავკასიური კ. (E. caucasicum). აქვს წვრილი დაკლაკნილი ტოტები და წვეროსკენ შევიწროებული ჯირკვლოვან-ბუსუსიანი მოყვითალო-მწვანე ფოთლები. იზრდება მეტწილად ალპურ ხალებზე, სუბნივალური სარტყლის ღორღიან ადგილებში, კლდეებზე და სხვ. კ. სამკურნალო დეკორატიული მცენარეა. ნაყოფი შეიცავს C ვიტამინს, საკვებად ვარგისია.
მ. სახოკია