კეჭაყმაძე იოსებ (სოსო) ილიას ძე (27. III. 1939, ოზურგეთი, – 24. III. 2013, თბილისი), კომპოზიტორი და პედაგოგი. საქართვ. სახ. არტისტი (1981). შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. (1995), ზ. ფალიაშვილის სახ. (1976) და საქართვ. სახელმწ. (2004) პრემიების ლაურეატი. 1968 დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორია კომპოზიციის სპეციალობით (ხელმძღვ. ი. ტუსკია და დ. თორაძე). 1962–66 მუშაობდა კონსერვატორიაში კონცერტმაისტერად საგუნდო-სადირიჟორო კათედრაზე, 1968-იდან – პედაგოგად (1984-იდან – პროფ.), 1980–2007 – საგუნდო-სადირიჟორო კათედრის გამგედ, 1972–2013 – საქართვ. კულტურის სამინისტროს მუს. დაწესებულებების სამმართველოს უფროსად. ძირითადად მუშაობდა საგუნდო (ა კაპელა) ჟანრში. მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: „ფშავური იდილიები" – საგუნდო ციკლი (ა. კალანდაძის ლექსებზე, 1972), „ძველი თბილისის სიმღერები" – 5 პერიფრაზი (იეთიმ გურჯის, გ. სკანდარნოვას და ხალხ. ლექსებზე, ი. კეჭაყმაძე. 1976), დავითიანიდან" (საგუნდო ციკლი დ. გურამიშვილის ლექსებზე, 1981), 20 საგუნდო ნაწარმოები ი. ჭავჭავაძის ლექსებზე (1986), საეკლესიო გუნდები და საგალობლები (50-მდე) დაწერილი სიონის საკათედრო ტაძრისთვის (1978–94). კ. ავტორია აგრეთვე დრამ. სპექტაკლებისა („ოიდიპოს მეფე", 1978; „შუშანიკის წამება", 1979; „ლამარა", 1997; პრემია „დრამატული სპექტაკლისათვის შექმნილი საუკეთესო მუსიკისათვის") და კინოფილმების მუსიკისა (მიუზიკლი „არსენას ლექსი", 1985; პრემია წლის საუკეთესო კინომუსიკისათვის, 1986). კ-მ ზ. ფალიაშვილის ოპერა „დაისის" მუსიკა გადაამუშავა ჰიმნად, რ-მაც გაიმარჯვა საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე (1998) და საქართველოს სახელმწ. ჰიმნად დამტკიცდა (2004).
2009 საქართვ. სამოციქულო ეკლესიამ დააჯილდოვა წმინდა გიორგის ოქროს ორდენით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
გ. ტორაძე