კეჭნაობა, შ უ ღ ლ ი, ჭ რ ა, ქართული ორთაბრძოლის ერთ-ერთი სახეობა. არსებობდა უძველესი დროიდან XX ს. 50-იან წლებამდე.
ხევსურეთში გავრცელებული ფარიკაობა ხმლებითა და პატარა ფარებით. იყენებდნენ თითებზე წამოსაცმელ საბრძოლო რგოლებსაც, რ-ებსაც „სათითენს“ ეძახდნენ. ბავშვებს ორთაბრძოლის ხერხებს 5–6 წლის ასაკიდან ასწავლიდნენ: „ბავშვების, განსაკუთრებით ვაჟების აღზრდას ხევსურები დიდის ყურადღებით ეპყრობიან... პატარაობიდანვე ავარჯიშებენ ფარიკაობასა და მშვილდისრობაში, და ამგვარად ხევსურები ბავშვობიდან ემზადებიან შუღლისა და კეჭნაობისათვის“ (ს. მაკალათია).
კ-ის მიზეზი უფრო ხშირად ძველი წყენა, ანუ „ჯავრი“ იყო. ერთმანეთს ებრძოდნენ შელახული თავმოყვარეობის აღსადგენად, ხალხის, ძირითადად, ქალების წინაშე საკუთარი ვაჟკაცობის გამოსავლენად. მოშუღლეები ცდილობდნენ მეტოქე დაეჭრათ თავის არეში – შუბლის სამი ნაოჭის ზემოთ, ამასთან ისე მსუბუქად გაეკაწრათ, რომ ერთ წვეთზე მეტი სისხლი არ გამოედინათ. გამარჯვებულად ითვლებოდა ის, ვინც მოწინააღმდეგეს მეტ ამგვარ ჭრილობას მიაყენებდა. შუბლის ნაოჭებს ქვემოთ გაკაწვრის ან მძიმედ დაჭრისათვის დაზარალებულს (სათითენით იქნებოდა დაჭრილი თუ ხმლით), „რჯულის კანონის“ თანახმად, ასანაზღაურებელი, ანუ „დრამა“ უნდა მიეღო. რაოდენობას შუაკაცი და „აქიმი“, ანუ დასტაქარი განსაზღვრავდა: ჭრილობის სიგრძე-სიგანეს ძაფით გაზომავდნენ, ზომას ბრტყელ ქვაზე გადაიტანდნენ, ზედ ქერის მარცვლებს დაალაგებდნენ, კიდურა მარცვლებს მოაკლებდნენ და დანარჩენით დრამის ოდენობას ადგენდნენ – ქერის თითოეული მარცვალი ერთი ძროხის საფასურს უდრიდა. თავის ქალის დაზიანების შემთხვევაში დამჭრელს დაზარალებულისთვის 12 ძროხის საფასური უნდა გადაეხადა. ასეთი ტრავმების გამო ხევსურ დასტაქრებს რთული ქირურგიული ოპერაციაც არაერთხელ ჩაუტარებიათ.
კ-ის ელემენტები საფუძვლად დაედო ცეკვა "ფარიკაობას". მისმა კანონებმა (ხმალს არ დაჰკრავდნენ უიარაღოს, წაქცეულს, ზურგშექცევით მდგომს) განსაზღვრა ამ ცეკვის ტრადიციული რაინდული ბუნება.
ლიტ.: თ ა თ ა რ ა ძ ე ა., ქართული ცეკვების განმარტებანი, თბ., 1986; მ ა კ ა ლ ა თ ი ა ს., ხევსურეთი, თბ., 1984.
პ. ყიფიანი