კეხვის ციხე

კეხვის ციხე, თავდაცვითი ნაგებობა. მდებარეობს მდ. დიდი ლიახვის მარჯვენა ნაპირზე, სოფ. კეხვთან. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI ს-ში, როცა ქვეყანაში გაბატონებულ ოსმალებს აუჯანყდა მეფე სიმონ I და ოსმალოფილი ვახტანგ მუხრანბატონი კ. ც-ში ჩასვა. 1625 გ. სააკაძემ სპარსელებ­თან ბრძოლის წინ კ. ც. გაამაგრა. 1745 ციხე აიღო მეფე თეიმურაზ II-მ და დააპატიმრა აქ გამაგრებული სამეფო ხელისუფლების მოწინააღმდეგე ფე­ოდალის, გივი ამილახვრის მომ­ხრენი. XVIII ს. ბოლომდე კ. ც. არაერთგზის იყო ლეკი ფეოდალების თავდასხმების ობიექტი.

ციხე აღმართულია მაღალი მთის წვერზე. იგი არ არის ერთი დროის ნაგებობა და სხვადასხვა პერიოდის სულ მცირე ოთხ სამშენებლო ფენას შეიცავს. თავდაპირველად აქ იდგა კოშკი, რ-ისთვისაც მომდევნო ხანებში სამხრიდან გალავანი მიუშენებიათ. შემდეგ ეს გალავანი დანგრეულა და ახალი გალავანი აუგიათ, რ-შიც ძველი გალავნის შემორჩენილი ნაწილები გამოუყე­ნებიათ. უფრო გვიან, ციხის ოდნავ ქვემოთ, აუგიათ მოზრდილი, კოშკიანი გალავანი, რ-იც ციხეს სამხრ-იდან ეკვრის. არც ერთი ეს ფენა არაა დათარიღებული. ციხეს ჰქონდა დიდი ტევადობის წყალსაცავი. შესასვლელი დას. მხრიდან აქვს. მოგვიანებით მასზე გარედან კოშკი მი­უშენებიათ.

ლიტ.: გ ვ ა ს ა ლ ი ა  ჯ., ლიახვის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1982, [ტ.] 6; მ ი ს ი ვ ე, ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე, თბ., 2002; ზ ა ქ ა რ ა ი ა  პ., საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბ., 1988; მ ა კ ა ლ ა თ ი ა  ს., ­ლიახვის ხეობა, თბ., 1971; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980; М е п и с а ш в и л и  Р., Ц и н ц а д з е  В., Архитектура нагорной части исторической провинции Грузии – Шида-Картли, Тб., 1975.

ჯ. გვასალია

შ. საღარაძე