კვაისა

კვაისა, დაბა ჯავის მუნიციპალიტეტში (შიდა ქარ­თლის რეგიონი), რაჭის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ჯეჯორის ხეობაში. კვაისის ტერიტ. ორგანოს ცენტრი. ზ. დ. 1350 მ, ჯავიდან 41 კმ.

კ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

სოფლის მახლობლად, ხშირი ტყით დაფარულ მთაზე, შემორჩენილია უხეშად დამუშავებული რუხი ქვითა და შირიმით ნაშენი მცირე დარბაზული ეკლესიის ნანგრევები. ნანგრევებში დიდი რაო­დენობითაა მოჩუქურთმებული, რე­ლი­ეფური გამოსახულებებით შემ­კული ღვინისფერი ქვის ფრაგმენ­ტები, რ-ებიც სხვა ეკლესიას ეკუთვნოდა. ფრაგმენტები X ს. II ნახევრით თა­რიღ­დე­ბა. მათგან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსა­ხურებს სკულპტურული დეკორით შემკული სამი, დაახლ. 100 სმ × 60 სმ ზომის ფილა. ერთ ფილაზე ეგვიპტისკენ ლტოლვის სცენაა გამოსახული – ჩვილი იესოთი სახედარზე მჯდომ ღვთისმშობელს და მათ უკან მიმავალ იოსებს წინ მიუძღვით ანგელოზი. სცენის მარცხნივ ამოკვეთილია შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა – "არსენს და მშობელთა მისთა შეუნდვნეს ღმერთმა". მეორე ფილაზე გამოსახულია ორი მეომარი, რ-ებსაც ხელი უკიდიათ მათ შორის მდებარე სწორკუთხა პოსტამენტზე დაყრდნობილ ჯვარზე. ფილის ­მარცხ. ნაწილში ასომთავრულით ამოკვეთილია –„ა" და "რ". მესამე ფილის ­მარჯვ. ნაწილში გამოსახუ­ლია ეკლესიის ამშენებელი, რ-საც სამმალიანი თაღოვანი შესასვლელის მქონე ეკლესიის მო­დელი მიმართული აქვს ფილის ­მარცხ. ნაწილში გამოსახული წი­ნასწარ­მეტყველ იონას სასწაულებ­რივი ხსნის სცენისკენ (ორთავიანი გველე­შაპი ერთი თავით შთან­თქავს იონას, მეორე თავიდან კი ამოტყორცნის).

ლიტ.: დ ა დ ი ა ნ ი ძ ე  ც., შიდა ქართლი, III, თბ., 2004; М е п и с а ш в и л и  Р., Ц и н ц а д з е  В., Архитектура нагорной части исторической провинции Грузии – Шида-Картли, Тб., 1975.

თ. დვალი