კვაისის ტყვია-თუთიის საბადო, მდებარეობს ჯავის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის რეგიონი), ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საბადო განლაგებულია წედის-ახსარგინის ანტიკლინის ჩრდ. ფრთისა და თაღის გამკვეთ რღვევებში. მადნეული სხეულები (ძარღვები და მეტასომატური ბუდობები) რთული ფორმისაა. მადანი მასიური, ბრექჩიული და ზოლებრივი ტიპისაა. მინერ. შედგენილობა: სფალერიტი, გალენიტი, პირიტი, მარკაზიტი, კალციტი, ქალცედონი, ბარიტი და სხვ. საბადო ვულკანოგენურ-ჰიდროთერმულია, წარმოქმნილია ზედაპირთან ახლოს, დაბალი ტემპ-რისა და მცირე წნევის პირობებში. გამადნების ასაკი, სავარაუდოდ, კაინოზოურია.
საბადოდან მოპოვებული და გამდიდრებული მადნები (კონცენტრატი) ადრე იგზავნებოდა ქ. ვლადიკავკაზის (რფ) ქ-ნა „ელექტროცინკში".
ლიტ.: საქართველოს ბუნებრივი რესურსები, მთ. რედ. ირ. ჟორდანია, ტ. 1, თბ., 2015.