კვანტალიანი აკაკი (კაკო) ლუკას ძე [14 (27). XII. 1907, სამტრედია, – 27. VII. 1967, თბილისი], თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1957). 1925-იდან სწავლობდა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტზე, ამავე დროს მონაწილეობდა თბილ. მუშათა თეატრის წარმოდგენებში.
1928-იდან იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. წარმატებით ასრულებდა მკვეთრად სახასიათო როლებს. მ. შ. აღსანიშნავია: ქუჩარა, ხახული, ლოპიანე (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი", „კოლმეურნის ქორწინება", „ცხოვრების ჯარა"), კორნელი (კ. კალაძის „როგორ"), მაქსიმელა (შ. დადიანის „ნინოშვილის გურია"), გრუმიო (უ. შექსპირის „ჭირვეული ცოლის მორჯულება"), ქერუბინო (პ. ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება"), ოლიმპიო (პ. ბ. შელის „ბეატრიჩე ჩენჩი"), ბანკირი, ბანკირის შვილი (ე. ტოლერის „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!"), კარლოს VII, ალფრედ დულიტლი (ბ. შოუს „წმინდა ქალწული", „პიგმალიონი"), ზემლიანიკა (ნ. გოგოლის „რევიზორი"), ტებანო (ლოპე დე ვეგას „ცეკვის მასწავლებელი"), ტიტიკო (ვ. გაბესკირიას „გაზაფხულის დილა"), შტეფან პეტრიჩი (ი. გალანის „სიყვარული გარიჟრაჟზე"), ბოგა (დ. დობროჩანინის „სამი ბულბულის ქუჩა 17") და სხვ. კ-ს ეკუთვნის მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე განხორციელებული კ. გოგიაშვილის „გულსუნდას" (1948) და პ. კაკაბაძის „ცხოვრების ჯარას" (1966) დადგმები. წარმატებით მოღვაწეობდა კინოში, შექმნა კოლორიტული სახასიათო სახეები: გელა („უკანასკნელი ჯვაროსნები" რეჟ. ს. დოლიძე, 1934), მღებავი ლექსო („ფრთოსანი მღებავი", რეჟ. ლ. ესაკია, 1936), აფრასიონი („ბედნიერი შეხვედრა", რეჟ. ნ. სანიშვილი, 1950), მიტუა („მაგდანას ლურჯა", რეჟ. თ. აბულაძე, რ. ჩხეიძე, 1955), გიორგი („ჩვენი ეზო", რეჟ. რ. ჩხეიძე, 1956), ბერიკა („მაია წყნეთელი", რეჟ. რ. ჩხეიძე, 1959), ვარდენი („უდიპლომო სასიძო", რეჟ. ლ. ხოტივარი, 1961), პაპა ლაზარე („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", რეჟ. მ. ჭიაურელი, 1965), ქიშვარდი („მე ვხედავ მზეს", რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1965) და სხვ. ჩამოაყალიბა ქართული ესტრადის თეატრი; წარმატებით მოღვაწეობდა საესტრადო ჟანრში. სამსონ ნებიერიძის როლის განსახიერებისათვის (ი. მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი") მიენიჭა სტალინური პრემია (1952).
დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტ.: ბ ა ბ უ ნ ა შ ვ ი ლ ი ზ., ნ ო ზ ა ძ ე თ., მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994; ძ ი გ უ ა ვ., აკაკი (კაკო) კვანტალიანი, თბ., 1972.