კვანტური სიმების თეორია

კვანტური სიმების თეორია, განვითარება­დი თეორია ელემენტარულ ნა­წილაკთა ფიზიკაში, რომელიც მიზნად ისახავს კვანტური მექანიკისა და ­ფარდობითობის ზოგადი თეორიის (იხ. გრავიტაცია) შერწყმას. კ. ს. თ. არის ერთ-ერთი კანდიდატი ე. წ. ყველაფრის თეორიისა (ToE), ანუ ფუნდამენტური ძალებისა და მატერიის მათემატიკურად კორექტულად აღმწერი ერთიანი თეორიისა.

კ. ს. თ. მიიჩნევს, რომ ლეპტონები (იხ. სტ. ელემენტარული ნაწილაკებისა და ბირთვის ფიზიკა) და კვარკები არის არა წერტილოვანი, ანუ ნულგანზომილებიანი ობიექტები, არამედ წარმოადგენს ერთგანზომილებიან ოსცილირებად წირებს – „კვანტურ სიმებს“, რ-თა სიგრ­ძე პლანკის სიგრძის რიგისაა (10^–35 მ ). სიმის ოსცილაციები (რხევები) სხვა­და­სხვა სიხშირისა შეიძლება იყოს და თითოეული სიხშირის რხევა შეესაბამება გარკვეული მასის ელემენტარულ ნაწილაკს. შედეგად, ერთმა სიმმა ცნობილ ელემენტარულ ნაწილაკთა დიდი ოჯახი უნდა აღწეროს, ამასთან, ამ ნაწილაკებს შორის ბუნებრივად ჩნდება სხვადასხვა „ნათესაური კავშირი". თავდაპირველად კ. ს. თ. იხილავდა მხო­ლოდ ბოზონურ სიმებს, რ-ებიც დაკავშირებული იყო მხო­ლოდ ბო­ზონებ­თან. შემდგომ განვითარდა ს უ პ ე რ ს ი მ ე ბ ი ს თე­ორია, რ-ის მთავარი ­დაშვებაა სუპერსიმეტრიის არსებობა ბოზონებსა და ფერმიონებს შორის.

კ. ს. თ-ის განვითარება დაიწყო 1969 ე.წ. ვენეციანოს მოდელიდან, რ-იც აღწერდა დ უ ა ლ უ რ ო ბ ა ს ჰადრონთა ურთიერთქმედებებში. დღეს კ. ს. თ-ში ხშირად გულისხმობენ სუპერსიმების თეორიასაც. ჩამოყალიბებულია ამ თეორიის ხუთი სხვა­და­სხვა კორექტული ვარიანტი. XX ს. 90-იან წლებში ჩამოყალიბდა ე. წ. M-თ ე ო რ ი ა . იგი წარმოადგენს ყველა წინამორბედი კ. ს. თ-ის გაერთიანებას (კ. ს. თ-ის ცნობილი ვარიანტები M-თეორიის ზღვრული შემთხვევებია) და ამტკიცებს, რომ სი­მები არის 11-განზომილებიან სივრცედროში (1 დროითი და 10 სივრცული განზომილების მქონე) არსებული ორგანზომილებიანი მ ე მ ბ რ ა ნ ი ს ­ერთგანზომილებია­ნი რეალური ნაწილები. კ. ს. თ-ის ჩარჩოებში ბუნებრივად ­ყალიბდე­ბა ელემენტარულ ნაწილაკთა ე. წ. სტან­დარტული მოდელი, რ-იც დღეის­თვის ცნობილ ყველა (ძალზე მრავალრიცხოვან) ექსპერ. შედეგს აღწერს. ხერხდება ფარდობითობის ზოგადი თეორიის ზოგიერთი შედეგის კორექტული აღწე­რაც. ამიტომ ზოგიერთი მკვლევარი [ე. ვიტენი (აშშ), ხ. მალდასენა, ლ. სასკინდი] მიიჩნევს, რომ კ. ს. თ. წარმოადგენს სამყაროს ­კორექ­ტული ფუნდამენტური აღწერის ერთ-ერთ საფეხურს, ზოგიერთი (რ. ფეინმანი, ჯ. გლეშოუ) კი კ. ს. თ-ს აკრიტიკებს, რადგანაც მის ჩარჩოებში ვერ მოხერხდა რაიმე ექსპერიმენტის რაოდენობრივი წინასწარმეტყველება.

ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ­შ ი კ. ს. თ-ზე მუშაობს მკვლევართა დიდი ჯგუფი. მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი შედეგები მიიღეს გ. დვალმა, შ. ვაშაკიძემ, ზ. კაკუშაძემ, ა. კვინიხიძემ, გ. ლავრელაშვილმა, მ. მაზიაშვილმა, ნ. მა­ხალდიანმა, ო. ვ. ყანჩელმა, ჯ. ჩქარეულმა, ა. ხელაშვილმა, გ. ჯორჯაძემ და სხვ.

ი. ლომიძე