კვანჭახაძე გივი შალვას ძე (7. XI. 1927, თბილისი, – 22. XII. 1995, იქვე), ექიმ-ჰიგიენისტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1970), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1990). საქართვ. მედიცინის და ადამიანის ეკოლოგიის მეცნ. აკადემიების ნამდვ. წევრი (1989). 1951 დაამთავრა თსსი. 1954–70 მუშაობდა საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს ნ. მახვილაძის სახ. შრომის ჰიგიენისა და პროფდაავადებათა სამეცნ.-კვლ. ინ-ტში, სადაც 1960 შექმნა სოფლის მეურნეობის შრომის ჰიგიენის სექტორი, ხოლო 1963 – საწარმოო აეროზოლების ლაბორატორია. 1970-იდან თსსი-ის ზოგადი ჰიგიენის კათედრის (შემდგომში, თსსუ-ს პრევენციული მედიცინის და გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტი) პროფესორია, 1985–95 – კათედრის გამგე, ხოლო 1973–94 – თსსი-ის სანიტ.-ჰიგიენური ფაკ-ტის დეკანი (შემდგომში თსსუ-ის საზ. ჯანდაცვის ფაკ-ტი). პირველმა შეადგინა თამბაქოს წარმოების სანიტ. წესები, რ-ებიც 1969 დაამტკიცა საქართვ. ჯანდაცვის სამინისტრომ. 1986-იდან იყო ეპიდემიოლოგიის, მიკრობიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის ხარისხების მიმნიჭებელი სპეც. საბჭოს თავ-რე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ვიბრაციული დაავადება და მისი პროფილაქტიკა, თბ., 1961 (თანაავტ.: ი. ყიფიანი, ა. დანდუროვი).