კვარკული ვარსკვლავი

კვარკული ვარსკვლავი, ჰიპოთეტური ობიექტი, რომელიც ძი­რითადად შედ­გება „კვარკული ნივთიერებისგან". კ. ვ-ის არსებობა იწინასწარმეტყველეს დ. ივანენკომ და დ. კურდღელაიძემ (1965). თუ ნეიტრონული ვარსკვლავის ბრუნვა საკმარისად შენელდება, ვარსკვლავის ­ცენტრ. არეების ზემაღალი სიმკვრივის ნივთიერებაში ფაზური გადასვლის შედეგად, ის შეიძლება გადაიქცეს კ. ვ-ად (ბნელი მატერიის ხელშემწყობი გავლენით). ამ პროცესის (ფაქტობრივად, კვარკული დ ე კ ო ნ ფ ა ი ნ - მ ე ნ ტ ი ს) აღსაწერად აუცი­ლებე­ლია დღეს ცნობილი ოთხივე ფუნდამენტური ­ურთიერთქმე­დების (გრავიტაციული, სუსტი, ელექტრო­მაგნიტური და კვარკ-გლუონური) გათვალისწინება. შეფასებების თანახმად, ის იწვევს უმძლავრეს აფეთქებას 10^47 ჯ რიგის ენერგიის გამოთავისუფლებით. ვა­რაუდობენ, რომ ამ ­მოვლენით აიხსნება შორეულ კოსმოსში დამზერილი ზოგიერთი მაღალენერგიული პროცესი, მაგ., ე. წ. გბარსტები. ამასთან, შესაძლოა, ამ პროცესებში წარმო­იქმნებოდეს ზოგიერთი მძიმე ქიმიური ელემენტის (მაგ., პლატინის) იზოტოპები. გამოთვლები აჩვენებს, რომ კ. ვ-ში დიდი რაოდენობით უნდა იყოს ე. წ. უცნაური s კვარკი, ამიტომ ასეთ ობიექტებს „უცნაურ ვარსკვლავებსაც" უწოდებენ. 2018 მდგომარეობით რამდენიმე განსაკუთრებით სწრაფადმბრუნავი პულსარი განიხილება კ. ვ-ის შესაძლო კანდიდატად.

ლიტ.: L e L e a h y  D., O u y e d  R., Supernova SN2006gy as a first ever Quark Nova?, «Monthly Notices of the Royal Astronomical Society», 2008, vol. 387, N3.

ი. ლომიძე