კვარკული თვლის წესები

კვარკული თვლის წესები, ზოგადი ფორმულები, რომლებიც შედგენილი ნაწილაკების ფორმფაქტორების (და გაბნევის დიფერენციალური განივკვეთის) ასიმპტოტურ (დაჯახების ენერგიის ზრდისას) თვისებებს უკავშირებს შემადგენელი ნაწილაკების რაოდენობას. კ. თ. წ. დადგინდა (1973) ა. თავხელიძისა და მისი თანამშრომლების, ვ. მატვეევისა და რ. მურადიანის მიერ კვაზითავისუფალ კვარკებზე წარმოდგენებზე დაყრდნობით. კ. თ. წ-ის თანახმად, ორი ჰადრონის გაბნევის ექსკლუზიური პროცესის (იხ. სტ. ინკლუზიური ­პროცესები) დიფერენციალური განივკვეთი დიდ კუთხეებზე გაბნევისას (ანუ დი­დი გადაცემული იმპულსის შემთხვევაში), დაჯახების ენერგი­ის ზრდასთან ერთად, კლებულობს ხარისხოვანი კანონით. ამასთან, ხარისხის მაჩვენებელი, რ-იც განსაზღვრავს განივკვეთის კლების სიჩქარეს, წრფივად არის დამოკიდებული ჰადრონების შემადგენელი კვარკების რაოდენობაზე. დაჯახების ენერგი­ის ზრდასთან ერთად, ასეთივე ხარისხოვანი კანონით ჰად­რონის ფორმფაქტორები კლებულობს. ამ აღმოჩენამ შესაძლებელი გახადა ჰადრონებისა და მსუბუქი ბირთვების კვარკული სტრუქტურის ექსპერ. შესწავლა.

1987 კ. თ. წ. დარეგისტრირდა (N343) სსრკ აღმოჩენათა რეესტრში. კ. თ. წ-ის დასაბუთება კვანტური ქრომოდინამიკის საფუძველზე ემყარება ფორმფაქტორთა ავტომოდელური ასიმპტოტური ყოფაქცევისა (ა.თავხელიძე, ნ. ბოგოლიუბოვი, ვ. ვლადიმიროვი; ა.თავხელიძე, ა. კვინიხიძე, ბ.მაღრაძე) და კვაზითავისუფალი კვარკების მო­დელის მკაცრ მათ. დასაბუთებას, რაც ბუნებრივად მიიღწევა ქრომო­დინამიკაში ასიმპტოტური თავისუფლების მოვლენის გა­თვალისწინებით. ამ მიდგომაში კ. თ. წ. აღწერს ფორმფაქტორების ენერგიაზე დამოკიდებულების მხოლოდ მთავარ, ხარისხოვან ნა­წილს და არ ითვალისწინებს ე. წ. რადიაციულ ლოგარითმულ შესწორებებს, რ-ებიც, საზოგადოდ, არ არის მცირე (ს. ბროდსკი და სხვ.).

ლიტ. : M a t v e e v  V. A., M u r a d y a n  R. M., T a v k h e l i d z e  A. N., Automodelism in the large-angle elastic scattering and structure of hadrons, «Lettere al Nuovo Cimento», 1973, vol. 7; B o g o l u b o v  N., M a t v e e v  V., T a v k h e l i d z e  A., „Coloured Quarks", Advance in Science and Technology in the USSR, M., 1983.

ი. ლომიძე