კვეზერელი-კოპაძე ავთანდილ ნიკოლოზის ძე (1. IV. 1925, თბილისი, – 2. III. 2017, იქვე), პედიატრი. მედ. მეცნ. დოქტორი (1979), პროფესორი (1990), სამედ.-ბიოლ. აკადემიის ნამდვილი წევრი (2002). 1949 დაამთავრა თსსი. 1949–50 იყო ქ. სოხუმის სანეპიდსადგურის კომუნალური სანიტარიის განყ-ბის გამგე, 1950–53 იქვე – ჩვილ ბავშვთა სახლის პედიატრი, 1956–60 – აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთ. პედიატრი და ბავშვთა საავადმყოფოს განყ-ბის გამგე, 1960–61 – თბილისში პედიატრიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი, 1962– 66 – ამავე ინ-ტის სწავლული მდივანი და დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში; ასევე ბავშვთა ჰემატოლოგიური განყ-ბის ხელმძღვანელი (1966–2011).
კ.-კ. იყო სამედ.-სოციალური აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1998–2010), საქართვ. პედიატრთა ასოციაციის პრეზიდენტი (2003–13) და მრავალი დარგობრივი ასოციაციის წევრი.
კ.-კ. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი, მ. შ. 4 მონოგრაფიაა, რ-ებიც ეხება პედიატრიის აქტუალურ საკითხებს, საქართველოში ჯანმრთელ ბავშვთა სისხლის ნორმატივების, ახალშობილთა სიყვითლეების, ბავშვთა ანემიების პრობლემებს და სხვ.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1997), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2015). თბილისის საპატიო მოქალაქე (2010). 2010 მიანიჭეს „მედიცინის რაინდის" წოდება.