კვერთხი, მაღალი ხელისუფლების პირთა რეგალია. დამზადებულია ძვლის, რქის, ხის ან ლითონისაგან. კ., როგორც ინსიგნია (წარმატების ნიშანი), უძველეს დროში შეიქმნა, ხელთ ეპყრათ გვარისა და ტომის ბელადებს და განსაკუთრებული საზ. მდგომარეობის აღმნიშვნელ სიმბოლოს წარმოადგენდა. საბჯენი კ. (ყავარჯენი), საქართველოს მთიანეთში, ხევისბერთა ინსიგნიას წარმოადგენდა და დაცული იყო ხატში. დიდ დღესასწაულებზე იგი დროშებთან ერთად გამოჰქონდათ და საზეიმო ცერემონიალის თუ საკულტო რიტუალის შესრულებისას ხევისბერებს ეპყრათ ხელში. იგი უმაღლესი სას. და საერო ხელისუფლების აღმნიშვნელი ატრიბუტი იყო.
კ-ის ნაირსახეობაა სკიპტრა – ძვირფასი ლითონისა და სპილოს ძვლის მოჩუქურთმებული და პატიოსანი თვლებით შემკობილი ხელთსაპყრობი, რ-იც სამეფო რეგალიას წარმოადგენდა. კ., საქართველოში, როგორც ხელისუფლების სიმბოლო, ენიჭებოდა ადმ. აპარატის მოხელეს. სახელდობრ, ოქროს კ., ანუ არგანი მანდატურთუხუცესს ეკუთვნოდა, ხოლო რიგით მოხელეებს – მანდატურებსა და ბაზიერებს – ხის არგნები, კომბლები ეჭირათ (ამიტომ მათ ხელარგნოსნებს ან ხელჯოხიანებს უწოდებდნენ). საკუთარი კ. ჰქონდათ ერისთავებსაც. მაგ., სოფ. მურყმელის წმ. ბარბარეს ეკლესიაში დაცულია სვანი ერისთავების სახელისუფლო ემბლემა – ვერცხლის 2 კ. მონარქიისა და ფეოდ. სახელმწ. აპარატის გაუქმებასთან ერთად პრაქტიკულად კ-ც დაიკარგა.
კ., როგორც უმაღლესი სამწყსოს მსახურების სიმბოლო, ხელთ უპყრიათ ეპისკოპოსებს. სამღვდელთმთავრო კ. ორგვარია: განმშვენებული, რ-საც ღვთის მსახურების დროს ხმარობენ, და უფრო სადა კ., რ-საც ეკლესიის გარეთ ატარებენ.
წყარო: ქართული სამართლის ძეგლები, ი. სურგულაძის გამოც., თბ., 1970.
ლიტ.: ჩ ი ტ ა ი ა გ., სამი ინსიგნია (წარჩინების ნიშანი) ამიერკავკასიიდან, «მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის», 1972, ტ. 16–17.
ი. სურგულაძე