კვერნა (Martes), ძუძუმწოვრების გვარი კვერნისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 40–60 სმ აღწევს, კუდისა – 20–50 სმ. აქვთ წაგრძელებული და მოქნილი სხეული, ფაფუკი და რბილი ბეწვი. ცნობილია 8 სახეობა. გვხვდება ევროპაში, აზიასა და ჩრდ. ამერიკაში. საქართვ. ტერიტორიაზე 2 სახეობაა გავრცელებული: თეთრგულა კვერნა (Martes foina) და ტყის კვერნა (Martes martes). უმეტესობა ტყეში ცხოვრობს. იკვებებიან პატარ-პატარა ცხოველებით, ხილით, კენკრით.