კვერნაქები

კვერნაქები, კვერნაქის ქ ე დ ი, კვერნაქის ს ე რ ი, ბორცვიან-დაბალმთიანი სერი (ქედი) აღმოსავლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ტირიფონ-მუხრანის ვაკეებსა და ­მტკვრის შუა ხეობას შორის. გადაჭიმულია მდ. ­მტკვრის ­მარცხ. მხა­რეს მდ. საქაშეთისხევიდან მდ. არაგვამდე. საერთო სიგრ­ძე დაახლ. 70 კმ, სიგანე 7–8 კმ. აგებულია ნეოგენური მოლასური ნალექებით: კონგლომერატებით, ქვიშაქვებით და თიხებით. კ-ს მონოკლინური სტრუქტურა აქვს, მორფოლოგიურად ასიმეტრიულია; სამხრ. კალთა ციცაბოა, ჩრდ. – დამრეცი; გარდიგარდმო გადა­კვეთილია მდ-ების ლიახვის, ლეხურისა და ქსნის ხეობებით, რ-ებიც მას ოთხ მონაკვეთად ყოფს. ყველაზე დაბალია დას. კვერნაქები, ანუ რუისის სერი (მაქს. სიმაღლე – 878 მ). იგი იწყება მდ. საქაშეთისხევიდან და გრძელდება მდ. ლიახვამდე. მის აღმ-ით მდ. ლეხურამდე ვრცელდება აღმ. კვერნაქები, ანუ საკუთრივ კვერნაქები (მთა კვერნა – 1074 მ, მთა ზეგარდა – 1114 მ), რ-ის თხემური ზოლის ღრმულ­ში, ზ. დ. 856 მ-ზე მდებარეობს ნადარბაზევის ტბა. ამ სერის სამხრ. კალთის ფლატეებსა და ქარაფებშია გამოკვეთილი ხელოვნური გამოქვაბული, ციხე-ქალაქი უფლისციხე. მდებს ლეხურასა და ქსანს შორის კ-ის მონაკვეთს წლევი-თხოთის სერი ეწოდება (მთა წლევი – 1097 მ).

კ-ის უკიდურესი აღმ. მო­ნა­კვე­თი – სხალტბის კუესტური სერი (მთა სხალტბა – 1091 მ) – მდ-ებს ქსანსა და არაგვს შორისაა გაწოლილი. სხალტბის ჩრდ. კალთა დამრეცია, სამხრ. კი ციცაბო, განსაკუთრებით ფლატოვანია მდ. არაგვისკენ მიქცეული კალთა და ძეგვსა და მცხეთას შორის მდებარე მო­ნა­კვეთი. შიომღვიმის მონასტრის მიდამოებში არის ხელოვნური გამოქვაბულები. კ-სათვის დამახასიათებელია მშრალი ხევებითა და ხრამებით ძლიერ დანაწევრებული და მოვაკებული ზედაპირები. გამკვეთი ხეობებიდან ლეხურის ხეობა ვიწრო და ციცაბოგვერდებიანია, ქსნის ხეობა ფართოა, ხოლო ლიახვის ხეობა – უფრო ფართო, სადაც შემორჩენილია ეროზიული შთენილი ბორცვი გორის ციხით.

კ-ის კლიმატი ზომიერად მშრალი სუბტროპიკულია, ზომიერად ცივი ზამთრით და ­ცხე­ლი, მშრალი ზაფხულით. საშ. წლ. ტემპ-რა 90°C, იანვ. საშ. ტემპ-რა –2, –2,50°C, აგვ. 19,5–200°C. ნალექების რაოდენობა წელიწადში – 475–593 მმ.

კ-ის კალთებზე, ტყის ყავისფერ ნიადაგებზე, ხარობს ძეძვი, შავჯაგა, ქონდარა ნუში, ჯაგრცხილა. ჯაგეკლიან ბუჩქებს შორის იზრდება ბალახეულობა: ურო, ველის წივანა, ვაციწვერა და სხვ. ჩრდ. კალთის ტყის ყავისფერ და ნაწილობრივ ყომრალ ნიადაგებზე, აღმ. ნაწილში ჯაგრცხილნარი და მუხნარ-რცხილნარი ტყეებია, ყველა­ზე მაღალ ადგილებში გვხვდე­ბა წიფელიც. ფლატეებზე, კლდო­ვან და ღორღიან ადგილებში, ძლიერ ჩამორეცხილ ნიადაგებზე იზრდება გლერძი, შავჯაგა და სხვ. კ-ის სამხრ. კალთაზე მცხეთასა და ­ძეგვს შორის გვხვდე­ბა არიდული ნათელი ტყე, რ-ის შემადგენე­ლი ჯიშებია: ღვია, საკმლის ხე, აკაკი, ქარ­თული ნეკერჩხალი, ბერყენა, თრიმლი; შიომღვიმის მიდამოებში არის ქარ­თული მუხის, ჯაგრცხილისა და შინდის ტყე, ზოგან მდ-ების ხეობებში კი – ტუგაის (ჭა­ლის) ტყე.

დ. უკლება