კვერნაძე ბიძინა ­(ალექსანდრე) ალექსანდრეს ძე

კვერნაძე ბიძინა ­(ალექსანდრე) ალექსანდრეს ძე (29. VII. 1928, სიღნაღი, – 8. VII. 2010, თბილისი), კომპოზიტორი და ­პედაგოგი. სა­ქართვ. სახალხო არტისტი (1979), ზ. ფალია­შვი­ლის სახ. (1981) და შოთა რუსთაველის სახ. სა­ხელმწ. (1985) პრემიების ლა­ურეატი. 1953 დაამთავრა თბილ. სა­ხელმწ. კონსერვატორია (პროფ. ა. ბალანჩივაძის კლასი), 1963–2010 იყო კონსერვატორიის პედაგოგი (სპეც. კომპოზიციის კლასი), 1980-იდან – პროფესორი, 1996–2007 – კომპოზიციის კა­თე­დრის გამგე.

კ-ის რჩეული ნაწარმოებებია: ოპერები – „და იყო მერვესა წელსა" (თბილისი, 1983), „მედეა" (ქუთაისი, 1993, გადამუშავებული რედაქცია სახელწ. „კოლხთა ასული", დაიდგა თბილისში, 1997); ბალეტები – „ქორეოგრაფიული ნოველები" (1963, ლ. გუდია­შვილის მოტივებზე, დაიდგა 1964) და „ბერიკაობა" (1973, ორივე თბილისში), სიმფონია (1961), „ცეკვა-ფანტაზია" ორკესტრისათვის (1959), „ძველი ქარ­თული წარწერები" სოლისტისა და სიმფ. ორკესტრისათვის (1978), ვოკალურ-სიმფ. პოემა (ე. თათარაიძის ლექსებზე, 1979), „რჩება სიმღერის ხმა" – სოლისტების, გუნდისა და ორკესტრისათვის (2008), 2 საფორტეპიანო (1950, 1966) და სავიოლინო (1957) კონცერტი. კ. მრავალი საესტრადო სიმღერის ავტორია, მასვე ეკუთვნის მუსიკა 30-ზე მეტი კინოფილმისათვის (მ. შ. მრავალსერიანი ფილმისათვის „დათა თუთაშხია", 1978, ჯ. კახიძესთან ერთად). გაფორმებული აქვს დრამ. სპექტაკლები („ჭინჭრაქა", „ყვარყვარე თუთაბერი", „მე ვხედავ მზეს", „ზაფხულის ღამის სიზმარი" და სხვ.).

კ. თანამედროვე ქართ. მუსიკის გამოჩენილი წარმომადგენელია. მისი მუსიკა გამოირჩევა მკაფიო ინდივიდუალობითა და არტისტული ხიბლით.

კ. იყო თბილისისა (1996) და სიღნაღის (2008) საპატიო მოქალაქე. მისი ვარსკვლავი გაიხსნა თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ (2003). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

გ. ტორაძე