კვეტერა, კ უ ე ტ ე რ ა, ისტორიული ციხე-ქალაქი კახეთში, მდ. ილტოს ნაპირზე, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე (ახმეტის მუნიციპალიტეტი), კახეთის სამთავროს (შემდეგ სამეფოს) ერთ-ერთი ცენტრი. წყაროებში პირველად XI ს. შუა წლებიდან იხსენიება, თუმცა, ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) მიხედვით, ჯერ კიდევ VIII ს-ში არსებობდა. ჩატარებული არქეოლ. კვლევა-ძიება ადასტურებს ამ ვერსიას.
კ-ის გრანდიოზული ნანგრევები მაღალ მთაზეა, გარს არტყია რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები მძლავრი გალავანი, რ-ის კედლებში დატანებულია კონტრფორსები, მრგვალი და ოთხკუთხა კოშკები. ციხესიმაგრის ჩრდ.-აღმ. მხარეს, ყველაზე მაღალ ადგილზე, აკროპოლისია, რ-შიც განლაგებულია სასახლე და ეკლესია. გეგმით ჯვრისებრი ეკლესია X ს. I ნახ. მიეკუთვნება. იგი, როგორც ჩანს, მეფის კარის ეკლესიად იყო გათვალისწინებული. ხუროთმოძღვარს ყოველგვარი მორთულობისა და ჩუქურთმების გარეშე შეუქმნია კომპოზიციურად მომხიბლავი არქიტ. ნაგებობა. ეკლესიის ყოველი მკლავი დასრულებულია აფსიდებით, რ-თა შორის მოთავსებულია ნიშები. ცენტრ. კვადრატზე აღმართულია მრგვალ ყელზე დაყრდნობილი გუმბათი.
1968 კ-ის ტერიტორიაზე არქეოლ. გათხრები ჩაატარა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტის კახეთის შუა საუკუნეთა ექსპედიციამ (ხელმძღვ. გ. ლომთათიძე). იმავე წელს საქართვ. კულტურის სამინისტროს სპეც. სამეცნ.-სარესტავრაციო საწარმო სახელოსნომ (არქიტ. თ. თორთლაძე, კონსულტანტი ლ. რჩეულიშვილი) დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები, რ-იც რამდენიმე წელს მიმდინარეობდა.
ციხის სამხრ.-აღმ. კუთხეში გათხრებით გამოვლინდა ადრეული შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესიის ნაშთი, რ-ის აფსიდზე დაშენებული ყოფილა IX–X სს. მძლავრი ზღუდე, აგრეთვე ადრეული შუა საუკუნეების მიწურულის თიხის ჭურჭლის ნატეხები. გარდა ამისა გაიწმინდა და გაითხარა კარის საყდარი, ერისთავის ორსართულიანი ბუხრიანი სასახლის ნანგრევები, შიდა ციხის წყალსაცავი (ცისტერნა), ქვედა კარიბჭე და იქვე მდგარი რვაწახნაგოვანი კოშკი, გაიჭრა საცდელი თხრილები.
გათხრების დროს დიდი რაოდენობით აღმოჩნდა IX–XIII სს. მოუჭიქავი და მოჭიქული თიხის ჭურჭელი, მოჭიქული კრამიტი, ფაიანსისა და მინის ჭურჭლის ნატეხები და სხვ. საწარმო წუნი, ნახევარფაბრიკატები, ქურის ნაწილები და ზოგიერთი ჭურჭლის თავისებურება მოწმობს, რომ განვითარებულ შუა საუკუნებში კ-ს საკუთარი სამეურნეო წარმოება ჰქონდა. მასალა ინახება არქეოლ. კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
ლიტ.: კვეტერა, საქართველოს სულიერი საგანძური, წგ. 1, თბ., 2005; ლომთათიძე გ., რამიშვილი რ., პირველი არქეოლოგიური კამპანია კვეტერაში, XVIII სამეცნიერო სესია, მიძღვნილი საქართველოში 1968 წელს წარმოებული საველე-არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგებისადმი. მოკლე ანგარიშები, თბ., 1969 (ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი); საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 2, თბ., 2008; ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, თბ., 2013; Р а м и ш в и л и Р. М., Д ж о р б е н а д з е В. А., Полихромная керамика из раскопок в Кветера и Хорнабуджи (Восточная Грузия), Международный I Симпозиум по проблеме „Полихромная поливная керамика Закавказья. – Истоки и пути распространения“. Тезисы, Тб., 1985 (Центр археологических исследований Института истории, археологии и этнографии им. И. А. Джавахишвили); Ч у б и н а ш в и л и Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959.
რ. რამიშვილი
დ. მუსხელიშვილი
შ. საღარაძე
ბ. ჯორბენაძე