კვიდო (Ligustrum), ფოთოლმცვივანი ან მარადმწვანე ბუჩქების (იშვიათად ხეების) გვარი ზეთისხილისებრთა ოჯახისა. ცნობილია 40-მდე სახეობა. საქართველოში ბუნებრივად იზრდება მხოლოდ ჩვეულებრივი კ. (L. vulgare), რ-იც ფოთოლმცვივანია. მისი სიმაღლე 2–5 მ აღწევს. აქვს სურნელოვანი და თაფლოვანი ყვავილები. ყვავილობს მაის-ივნისში. ნაყოფი შავია, მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში და ხეზე მთელი ზამთარი რჩება. ფართოდაა გავრცელებული მთელ ტყიან საქართველოში. ველურად იზრდება ყირიმსა და კავკასიაში, სამხრ. და დას. ევროპაში, ჩრდ. აფრიკასა და მცირე აზიაში. დეკორატიულია. კრეჭას კარგად იტანს, ქმნის მჭიდრო და ლამაზ ცოცხალ ღობეს. იყენებენ მინდორსაცავი ზოლების გასაშენებლად. ნაყოფის გადამუშავების შედეგად მიიღება შავი, მწვანე და სხვა ფერის საღებავი.
მ. იმედაძე