კვინიტაძე (ჩ ი ქ ო ვ ა ნ ი) გიორგი ივანეს ძე [21. VIII (2. IX). 1874, დაღესტანი, – 7. VIII. 1970, დაბა შატუ, საფრანგეთი], გენერალ-მაიორი (1917). დაამთავრა თბილ. კადეტთა კორპუსი (1892) და პეტერბურგის კონსტანტინეს ქვეითთა სასწავლებელი (1894), 1910 – ნიკოლოზის გენ. შტაბის აკადემია. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა (1904–05) და I მსოფლიო (1914– 18) ომებში. კ. კავკასიის მე-4 მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსი იყო. 1917 სექტემბერში დროებითმა მთავრობამ დანიშნა კავკასიის მე-15 მსროლელი პოლკის მეთაურად. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში.
1918–21 მსახურობდა ქართულ ჯარში. 1918 დეკემბერში, საქართველო-სომხეთის ომის დროს, კ. ქართული ჯარების შტაბის უფროსად დანიშნეს. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ომის წარმატებით დამთავრებაში. 1919 თებერვალში კ. სარდლად დაინიშნა ახალციხის ფრონტზე, სადაც სეპარატისტული მოძრაობის მეთაურმა სერვერ-ბეგ ათაბაგმა შექმნა ე. წ. „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის მთავრობა“. კ-მ ორთვიანი ლაშქრობა არტაანში დაასრულა უძველესი ქართული პროვინციების შემოერთებით. 1919 აგვისტოში კ-ს პირველი ქართ. სამხ. სასწავლებლის ჩამოყალიბება დაევალა (იხ. იუნკერთა სკოლა).
1920 წ. 2 მაისს, საბჭოთა რუსეთმა დაიწყო შეიარაღებული აგრესია საქართვ. დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ. ქართულმა ჯარმა კ-ის მთავარსარდლობით დაამარცხა საბჭოთა რუსეთის ჯარის ნაწილები და აზერბაიჯანის გასათავისუფლებლად ბაქოსკენ აპირებდა შეტევის გაგრძელებას, მაგრამ შეაჩერა რუსეთ-საქართველოს 7 მაისის ხელშეკრულებამ. 1920 ივნისში კ. ხელმძღვანელობდა სამხ. ოპერაციებს აჯანყებულ ოს სეპარატისტთა წინააღმდეგ და უმოკლეს დროში ჩააქრო ამბოხი.
1921 წ. 16 თებერვალს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, კ. დაინიშნა მთავარსარდლად. მიუხედავად მნიშვნელოვანი წინააღმდეგობისა (თბილისის დაცვა 1921, ხაშურის ოპერაცია), ომი მარცხით დასრულდა და კ. ემიგრაციაში წავიდა. თავდაპირველად ცხოვრობდა კონსტანტინოპოლში, შემდეგ – საფრანგეთში (1922-იდან). აქტიურ მონაწილეობას იღებდა ემიგრაციის პოლიტ. ცხოვრებაში. იყო XX ს. 50-იან წლებში დაარსებული „პარიზის ბლოკის“, „ქართველთა დემოკრატიული კავშირის“, „ქართველ მხედართა დარაზმულობის“ და სხვ. ორგანიზაციის ნამდვილი და საპატიო წევრები. დაჯილდოებულია ოქროს ხმლით (წარწერით `მამაცობისათვის“), წმ. გიორგის, წმ. ანას, წმ. სტანისლავის, წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.
თხზ.: Мои воспоминания в годы независимости Грузии 1917–1921, Париж, 1985.
ლიტ.: გოგიტიძე მ., ბ ე ჟ იტა შ ვ ი ლ ი გ., სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015; ი ვ ა ნ ი ძ ე გ., გენერალი გიორგი კვინიტაძე. ბრძოლა მესხეთისათვის (1917–1921 წლები), თბ., 2008; წ უ რ წ უ მ ი ა მ., გენერალი გიორგი კვინიტაძე, წგ.: საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები, ტ. 1, თბ., 2013.
მ. წურწუმია