კვირა

კვირა, დროის შვიდდღიანი შუალედი, რომელშიც თითოეულ დღეს საკუთარი სახელწოდება აქვს; კ. მეშვიდე დღის სახელწოდებაა. შვიდდღიანი კ. პირველად ძვ. აღმოსავლეთში შემოიღეს, ახ. წ. I ს-ში რომშიც დაკანონდა, შემდეგ კი მთელ დას. ევროპაში გავრცელდა. კ-ის დღეებს ციურ სხეულთა სახელწოდებები შეარქვეს, მაგ., შაბათს – სატურნის, კვირას და დანარჩენ დღეებს შესაბამისად – მზის, მთვარის, მარსის, მერკურის, იუპიტერის, ვენერას სახელები. ძვ. ქარ­თულში ამ ციურ სხეულთა სახელწოდებების შესაბამისად კ-ის დღეებს ერქვა: კრონოსისა (შაბათი), მზისა ან საუფლო (კვირა), მთოვარისა (ორშაბათი), არიასი (სამშაბათი), ერმისა (ოთხშაბათი), აფროდიტესა (ხუთშაბათი) და დიოსისა (პარასკევი).