თეთრი მღვიმე, სპელეოლოგიური და არქეოლოგიური ძეგლი სოფ. ხომულში (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), ე. წ. ლექვთაძეების ბორცვზე. ზ. დ. 100 მ-ზე მდებარე მღვიმე კარსტული წარმოშობისაა, გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმის ჭერსა და კედლებზე თეთრი ფერის (აქედან სახელწოდება), სხვადასხვა სიდიდის სტალაქტიტები და სხვა ქიმ. ნაღვენთებია, რაც იშვიათ სილამაზეს ქმნის. ძეგლი არქეოლოგიურად შეისწავლეს 1954–55 (ხელმძღვ. ა. კალანდაძე) და 1956-იდან (ხელმძღვ. კ. კალანდაძე). თ. მ. 3 დარბაზისაგან შედგება. ჭერის საშუალო სიმაღლეა 8 მ საერთო ფართია 3500 მ². პირველყოფილი ადამიანი თ. მ-ში ორჯერ შესახლებულა. პირველად ზედა პალეოლითში (35–40 ათასი წლის წინ), ხოლო მეორედ – ენეოლითში (7 ათ. წლის წინ). მღვიმეში 10 მ სისქის ნალექია. ზედაპალეოლითური ხანის არქეოლ. ნაშთები მღვიმის იატაკიდან 2 მ სიღრმეზეა. ზევით ენეოლითური ფენა დევს, მასზე 5–10 სმ სისქის კალციტის ქერქია გადაფარებული. ორივე ეპოქაში ადამიანს პირველი დარბაზი საცხოვრებლად გამოუყენებია, მეორე – სარიტუალოდ, მესამე – სათავსად.
თ. მ-ის საცხოვრებელ დარბაზში ზედაპალეოლითური პერიოდის ადამიანს შემდეგი სახის იარაღი გამოუყენებია: კაჟისა და ობსიდიანის წვეტანები, საჭრისები, საფხეკები საფხეკ-საჭრისები, დანა-ლამელები, ძვლის სადგის-სახვრეტები და სხვ. სარიტუალო დარბაზში კი მღვიმური დათვის თავის ქალებია დაწყობილი. ენეოლითურ ადამიანს პირველ დარბაზში უფრო ხანგრძლივად უცხოვრია, გათხრების შედეგად გამოვლინდა რამდენიმე კერა და მათ გარშემო ჩაწყობილი თიხის ჭურჭელი: დერგისებრი, ქოთნისებრი, ჯამისა და ფიალის მსგავსი; აგრეთვე კვირისტავები, ცხოველთა და ადამიანთა ქანდაკებები, სარიტუალო კვერები, კაჟის საფხეკები საჭრისები, სახვრეტები, ისრისა და შუბისპირები, რიყის ქვის ხელსაფქვავები, სატეხ-სათლელები, ცულები, ჩაქუჩები, შურდულის ქვები, ჭურვები, ავგაროზები, სადგისები, მახათები, საქსოვი ჩხირები, მძივები, საკიდები, რქის იარაღი და სხვ. სარიტუალო დარბაზში გამოვლინდა იმიტაციური კერები, რ-ებიც ნახშირით იყო შევსებული, თიხატკეპნილი იატაკი, სამსხვერპლო. იატაკქვეშა ორმოების გარშემო დაწყობილი იყო ყველაზე სახიანი ნივთები: პირდაჭდეული ფიალები, ჯამები და ქოთნები, ორნამენტით მორთული კვირისტავები, ადამიანთა და ცხოველთა ქანდაკებები, ძვლისა და ქვის ავგაროზები, კაჟის ისრისპირები, შუბისპირები, ძვლის საპრიალებლები და ყუნწგახვრეტილი მახათები, მძივები, ქვის სატეხ-სათლელები, თიხის სარიტუალო კვერები და გოროხები. აქვე აღმოჩნდა სპილენძის ისრისპირი, რ-იც მთელ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე ადრინდ. ლითონის იარაღია (დაახლ. ძვ. წ. V ათასწლ.).თ. მ-ში ენეოლითური ხანის კულტმსახურების ინ-ტი ყველაზე სრულყოფილადაა წარმოდგენილი.
თ. მ-ის მიკროკლიმატი მაღალი რადიოაქტიურობით ხასიათდება (რადიაცია 2–3 კიურით განისაზღვრება), ჰაერი იონიზებულია, ზედმიწევნით სუფთა და გრილია (13ºC), შეიცავს მომეტებულ ნახშირმჟავას. მასში არ არის პათოგენური მიკრობები და ალერგენები. ამიტომ კურორტოლოგიის ინ-ტი მღვიმეს ბრონქული ასთმით დაავადებულთა სამკურნალოდ იყენებს.
ლიტ.: კალანდაძე ა., თეთრი მღვიმე, თბ., 1994; ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი ა., ჯიშკარიანი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.
კ. კალანდაძე