თეთრი ციხე, შუა საუკუნეების ციხისიმაგრე ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, ტაოს პროვინციაში (ახლანდ. თურქეთის ტერიტ.), თორთომისწყლის (ახლანდ. თორთუმ-ჩაი) შუაწელზე, მარცხ. ნაპირზე. XVI–XVII სს. ოსმ. წყაროებში იგი ხშირად იხსენიება „აღჯაყალად". 1518 მესხმა თავადმა ქურცინამ ოსმ. სულთანს სელიმ I-ს (1470–1520) გამოუცხადა მორჩილება და სთხოვა, თავისსავე ტერიტორიაზე ეცნო თორთომისა და აღჯაყალის ბეგად. 1518 ციხეს ფლობდა ქურცინას იბაშერი, რ-იც ებრძოდა სამცხე-საათაბაგოს ხელისუფლებას, 1521 ციხე გადავიდა მესხი აზნაურის – როსტომის ხელში. 1549 თ. ც. აიღეს ოსმალებმა და მოაქციეს არზრუმის ვილაიეთის თორთომის ლივაში.
ლიტ.: ბაკე-გრამონი ლ., ოსმალები და საქართველო XVI ს-ის I მეოთხედში, «მაცნე». ისტორიის სერია, 1978, № 3; იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, ს. ჯიქიას გამოც., თბ., 1964.
ა. თოდრია