თეკლას მონასტერი, იერუსალიმში, ქართველთა მონასტერი, აშენებულია XV ს. შუა ხანებში ზედგინიძეების, კერძოდ, ჯვარისმამის ქრისტეფორეს და მისი ნათესავების მიერ. შემდგომშიც თ. მ. ზედგინიძეების მუდმივი საზრუნავი იყო.
1966 იერუსალიმში მიაკვლიეს ასომთავრულით ამოკვეთილ სამშ. წარწერას: „ქ. მე, ზედგინიძემან ჯუარისმამან ქაიხოსრო, აღვაშენე ზღუდე ესე და სენაკი. წმიდაო და მჴევალ ქალწულ მოწამეო თეკლა, მეოხ და მცველ ექმენ ქაიხოსროს და მისთა დედათა-მამათა შეუნდვნეს ღმერთმან. ამინ!".
წარწერა ეკუთვნის აქამდე უცნობ ქაიხოსრო ზედგინიძეს, რ-იც ჯვარისმამად, სავარაუდოდ, XV ს. II ნახევარსა და XVI ს. მოღვაწეობდა. შენობა, რ-ის კედელზეც მოთავსებული იყო სამშ. წარწერა, წარმოადგენდა წმ. თეკლას მონასტერს. წარწერა ამჟამად დაკარგულია.
2002 თ. მ-ის მახლობლად, ბერძნ. საპატრიარქოს ტერიტორიაზე, ერთ-ერთი სენაკის სარკმელთან, მიწიდან სამი მეტრის სიმაღლეზე, აღმოჩნდა კედელში თავდაყირა ჩადგმული წარწერიანი ქვა, საიდანაც ჩანს, რომ ქაიხოსრო ზედგინიძეს თავისი მშობლების სულის შესანდობლად აუშენებია 8 სახლი და 28 კამარა.
თ. მ. დღეისათვის ბერძენთა საპატრიარქოს ეკუთვნის. ქართველებს მონასტრის ნახევარი, თავიანთი ნებით, საპატრიარქოსათვის პატრიარქ თეოფანე IV-ის დროს (1608–44) კერძოდ, XVII ს. 20-იანი წლების შუა ხანებში დაუთმიათ. ბერძნებმა მონასტრის მეორე ნახევარი, პატრიარქ პაისიოსის დროს (1645–60), კოპტებისაგან შეიძინეს. უცნობია, როდის და რა ვითარებაში დაეპატრონნენ კოპტები თ. მ-ის ნახევარს.
წყარო: მამისთვალიშვილი ე., საქართველო-იერუსალიმის ურთიერთობის ისტორიიდან (XVI–XVII სს.), თბ., 2008; მეტრეველი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI–XVII სს.), თბ., 1962.
ლიტ.: გაგოშიძე გ., წმინდა მიწის ქართული წარწერები, «Academia» V, 2003; მეტრეველი ე., ვინ ააშენა თეკლას მონასტერი? «ანამკი», 2002; მიქაძე გ., იერუსალიმის უცნობი ქართული საამშენებლო წარწერა, «ქართული წყაროთმცოდნეობა», III, თბ., 1976; რურუა ი., პალესტინის სიძველეთა შორის, «მნათობი», 1966, №10.
ე. მამისთვალიშვილი