თელავის მაზრა, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიის თბილისის გუბერნიაში.
თ. მ. შეიქმნა 1801 წ. 12 ნოემბერს. თ. მ-ში შემავალმა თუშეთმა, ფშავმა და ხევსურეთმა 1826 თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის დისტანციები შეადგინეს, რ-ებიც შემდეგში საპრისტავოებად იწოდებოდა.
1840 წ. 10 მარტის ბრძანების თანახმად, რ-იც საქართველო-იმერეთის გუბერნიის შექმნას ეხებოდა, თ. მ. მნიშვნელოვნად გაფართოვდა, მას გაუქმებული სიღნაღის მაზრა შეუერთეს, 1841 წ. 16 ოქტომბერს კი ექვს საპოლიციო უბნად დაყვეს: თელავის, ყვარლის, სიღნაღის, უკანამხრის, თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის.
1842 თ. მ-ს ჩამოაშორეს თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის უბნები, რ-თაც დამოუკიდებელი თუშ-ფშავ-ხევსურეთის ოკრუგი შეადგინეს. თელავის უბანში დარჩა ოთხი საპოლიციო უბანი: თელავის, ყვარლის, სიღნაღისა და უკანამხრის.
1844 წ. 29 ნოემბერს დამტკიცდა დებულება თ. მ-ის გაყოფის შესახებ. მას ტერიტორიის ნაწილი ჩამოაშორეს და კვლავ აღადგინეს სიღნაღის მაზრა. თ. მ. თელავისა და ყვარლის უბნებად დაიყო.
1868 წ. 12 თებერვალს კავკასიის მეფისნაცვლის ცირკულარით, თბილისის გუბერნიის შემადგენლობაში მყოფი თიანეთის ოკრუგი თიანეთის საპრისტავოდ გადააკეთეს და თ. მ-ს შეუერთეს.
1874 წ. 3 ნოემბ. დებულებით, თ. მ-ს თიანეთის საპრისტავო ჩამოაცილეს და მისგან თიანეთის მაზრა შექმნეს.
თ. მ-ს თბილ. გუბერნიის აღმ. ნაწილი ეკავა, რ-იც ალაზნის ველის უდიდეს ნაწილსა და ალაზნის შენაკადების (თელავისრიყე, ლოპოტა, თურდო, კისისხევი და დურუჯი) ხეობებს მოიცავდა. იგი ორ – წინანდლისა და ყვარლის – საბოქაულოდ იყოფოდა. ყვარლის ბოქაულის რეზიდენცია ყვარელში იყო, წინანდლისა – წინანდალში. თ. მ. გაუქმდა 1930. მისი ტერიტ., თანამედროვე ადმ. დაყოფის მიხედვით, თელავის, ახმეტის, ყვარლის და სიღნაღის მუნიციპალიტეტებს მოიცავს.
ზ. ცინცაძე