თელეთის ბრძოლა 1522

თელეთის ბრძოლა 1522, ბრძოლა ქართლის სამეფოსა და სპარსეთს შორის. 1518-იდან აღმ. საქართველო და სამცხე-საათაბაგო სეფიანთა სპარსეთის ვასალები გახდნენ. ქართვ. მეფე-მთავრები ვასალობიდან გათავისუფლებისათვის იბრძოდნენ. 1522 შაჰ ისმაილ I-მა ურჩი ვასალის დამორჩილების მიზნით ქართლში ლაშქრობა გადაწყვიტა. დავით X-მ შაჰს ზავი სთხოვა. ისმაილი დავითის თავისთან გამოცხადებასა და მისგან მაჰმადიანობის მიღებას მოითხოვდა, რაზედაც იგი არ დათანხმდა. ამასთან დავით X თავდაცვისათვის ემზადებოდა. მას კახეთიდან და სამცხიდან მაშველი რაზმები მოუვიდა, ასევე დაიქირავა ჩრდ. კავკასიელი მეომრები გაამაგრა ციხე-კოშკები, განსაკუთრებით – თბილ. ციხე. ბრძოლა გაიმართა სოფ. თელეთთან (ახლანდ. გარდაბნის მუნიციპალიტეტი). პირველ შეტაკებაში ქართველებმა მტერი უკუაქციეს, მაგრამ მტრის სარდლობამ ჯარი შემოაბრუნა და ქართველთა ლაშქარს კვლავ შეუტია. მეფის შვილი ლუარსაბი, ენერგიულად ეკვეთა მტერს, მოსწყვიტა მას ერთი ფრთა და გაქცეულს უკან დაედევნა. ყიზილბაშთა სხვა რაზმებიც გაიქცნენ. შაჰს მოშორებით რჩეული რაზმი ჰყავდა ჩასაფრებული. როცა მტერს დადევნებული ქართველები ამ ადგილს გასცდნენ, ყიზილბაშებმა ზურგიდან დაარტყეს მათ და ქართველები დაამარცხეს. მეფე შიდა ქართლში დაბრუნდა და ახ. ბრძოლისათვის სამზადისს შეუდგა. მაგრამ შაჰის ჯარმა ციხისთავის ღალატით თბილისი აიღო, ააოხრა, ეკლესიები გაძარცვა და შემდეგ გადაწვა, ავლაბრის ხიდთან მეჩეთი ააგო და თბილ. ციხეში თავისი გარნიზონი ჩააყენა.

თ. ბ-ის შესახებ ქართ. ისტორიოგრაფიაში აზრთა სხვადასხვაობაა. ნ. ბერძენიშვილს თ. ბ. რეალობად მიაჩნდა. მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით (დ. კაციტაძე, რ. კიკნაძე), შაჰ ისმაილი საქართველოში არ ყოფილა. ვახუშტი თვლიდა, რომ თ. ბ-ის ფაქტი სიმართლეა, თუმცა საეჭვოდ მიაჩნდა ამ ბრძოლაში თავად შაჰის სარდლობა. ახ. ქართლის ცხოვრების მიხედვით შაჰ ისმაილის ეს ლაშქრობა ლუარსაბ I-ის დროს მოხდა.

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.

გ. ნარსია