თელოვანი, სოფელი ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში (საბურთალოს რ-ნი), 2007-მდე შედიოდა მცხეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არმაზის ქედის აღმ. კალთაზე ზ. დ. 920 მ. თ. მოხსენიებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.) დიღმის სოფელთა სიაში. თ-ის შეწირულობა სვეტიცხოვლის ტაძარს 1398 განუახლა ალექსანდრე მეფემ, ხოლო 1559 – სიმონ მეფემ. თ-ში სვეტიცხოვლის გარდა ყმა-მამულებს ფლობდნენ ციციშვილები და მაღალაშვილები. XVII ს-ში სოფელს უნდა გამოეყვანა 9 მოლაშქრე. სოფლის მიდამოები დასახლებული ჩანს IV ს-იდან მოყოლებული მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში. თ-ის შემოგარენში გვიანდ. შუა საუკუნეების ორი ერთნავიანი ეკლესიაა – წმ. ნინოსი და ჯოიანის წმ. გიორგისა. წმ. ნინოს ეკლესია ნაგებია აგურითა და ქვიშაქვით, წმ. გიორგის ეკლესია რ-იც შუა საუკუნეების ნასოფლარის ტერიტორიაზეა – ქვიშაქვით. ნასოფლარის ტერიტორიაზე შემორჩენილია ქვითკირის შენობათა ნანგრევები (ამჟამად ტყით არის დაფარული). სოფლის ჩრდ-ით 1 კმ-ზე, ტყეში, დგას შუა საუკუნეების ქვაჯვარი, რ-იც ერთმანეთისაგან მიჯნავდა ბაგრატიონების, სვეტიცხოვლის ტაძრისა და მაღალაშვილების მამულებს.
ჯ. გვასალია
კ. გიორგობიანი