„თემი“, კულტურის საკითხებისადმი მიძღვნილი სოციალ-ფედერალისტური მიმართულების გაზეთი, რ-იც ერთა თანაცხოვრების იდეას ქადაგებდა. გამოდიოდა ორშაბათობით თბილისში 1911–15. გამომცემელი და მთავარი რედაქტორი იყო გ. დიასამიძე, თანარედაქტორი – ს. მგალობლიშვილი. 1912-იდან დროდადრო ერთოდა მნიშვნელოვანი მოვლენებისადმი მიძღვნილი ილუსტრირებული დამატებები, რ-ებიც უფასოდ ურიგდებოდა ხელის მომწერებს. საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართვ. მოღვაწეთა შესახებ წერილები ფოტოილუსტრაციით ქვეყნდებოდა. „თ-ში" დოკუმენტური სიზუსტით აისახა ა. წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში, დაიბეჭდა მისი გარდაცვალების, თბილისში ჩამოსვენებისა და დაკრძალვის ფოტომასალები. თ-ში გამოქვეყნებულია ს. მგალობლიშვილის „მოგონებები", ა. წერეთლის პუბლიც.-იუმორისტული ციკლი „ნადუღი", „ჩემი თავგადასავალი", ა. ლაისტის „მოგონებები" და სხვ.
ლიტ.: ჩ ი კ ვ ი ლ ა ძ ე დ., წერილები, თბ., 1989.
დ. ჩიკვილაძე