თემისტიოსი (Themistios) (დაახლ. 317–388), ბერძენი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი და რიტორი. განათლება მიიღო კოლხეთის უმაღლეს რიტორიკულ სკოლასა და კონსტანტინოპოლში. ამდენად, თ. დაკავშირებულია ქართ. ფილოს. აზროვნების საწყისებთან. შემორჩენილია თ-ის ცნობები კოლხეთის სკოლის შესახებ, სადაც იგი მაღალ შეფასებას აძლევს ქართ. გვიანანტიკურობის ამ დიდ კულტ.-საგანმან. ცენტრს. თვით თ-ის ცნობის თანახმად, მამამისს, ფილოსოფოს ევგენიოსს ამავე სკოლაში მიუღია განათლება. თ. იყო არისტოტელეს ნაშრომთა მეტად გავლენიანი კომენტატორი და არსებითად წინ წასწია არისტოტელეს ფილოს. და ლოგიკის შესწავლის საქმე. არისტოტელეს თხზულებებზე შექმნილი მისი მრავალრიცხოვანი ნაშრომებიდან შემორჩენილია კომენტარები: „პირველ ანალიტიკებზე", „მეორე ანალიტიკებზე", „ფიზიკაზე", „ცის შესახებ", „მეტაფიზიკაზე", „სამშვინველის შესახებ". ამ კომენტარებმა დიდი გავლენა იქონია ბერძენ, არაბ და ლათინ ავტორებზე. თ. არისტოტელეს ნაშრომებს განმარტავდა პარაფრაზირების მეთოდით. აღსანიშნავია, რომ ლათინურენოვანი ფილოს. ისეთი დიდი წარმომადგენელი, როგორიც ალბერტ დიდი იყო, არისტოტელეს ნაშრომთა კომენტირებისას უპირატესობას ამ მეთოდს ანიჭებდა.
ქართვ. ფილოსოფოსთაგან თ-ის შემოქმედებას იკვლევდნენ: შ. ნუცუბიძე ლ. მჭედლიშვილი შ. ხიდაშელი გ. თევზაძე და სხვ. ამ დიდი ბერძენი მოაზროვნის როლი ქართ. ფილოს. აზროვნების ფორმირების პროცესში საგანგებოდაა ხაზგასმული თ. ირემაძის ფილოს. გამოკვლევებში.
ლიტ.: [თემისტიოსი], წგ.: გეორგიკა, ალ. გამყრელიძისა და ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1961; თევზაძე გ., ანტიკური ფილოსოფია, თბ., 1995; ნუცუბიძე შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. 1, თბ., 1956; ხიდაშელი შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია, თბ., 1988; Iremadze T., Konzeptionen des Denkens im Neuplatonismus, Amsterdam – Philadelphia, 2004.
თ. ირემაძე
ლ. მჭედლიშვილი
მ. ღვალაძე