თემურლენგის ლაშქრობანი საქართველოში

თემურლენგის ლაშქრობანი საქართველოში, შუააზიელი მხედართმთავრის თემურლენგის ბრძოლა საქართველოს დასაპყრობად. 1386–1403 თემურლენგმა რვაჯერ დალაშქრა საქართველო. 1385 ოქროს ურდოს ხანი თოხთამიში სამხრ. კავკასიის ქვეყნებზე გავლით ჩრდ. ირანს შეესია. ამის საპასუხოდ თემურლენგიც მრავალრიცხოვანი ჯარით ირანისაკენ დაიძრა, საიდანაც 1386 შემოდგომაზე სამცხის მხრიდან საქართველოში შემოიჭრა. ბაგრატ V-მ, რ-იც თბილისში იყო გამაგრებული, სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია მტერს, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა ტყვედ დანებებოდა. თემურლენგმა ბაგრატ V-ს რჯულის გამოცვლა შესთავაზა ტახტის დაბრუნების სანაცვლოდ, რაზეც საქართველოს მეფემ უარი განაცხადა; მაგრამ როდესაც დარწმუნდა, რომ მტრის ხელიდან თავდახსნის სხვა გზა აღარ იყო, დათანხმდა. თემურლენგმა მას ტახტი დაუმტკიცა და 12-ათასიანი მხედრობით საქართველოში გამოისტუმრა. ბაგრატმა ამის შესახებ გზიდან საიდუმლოდ აცნობა თავის შვილს, გიორგის, რ-მაც გაჟლიტა მტრის ჯარი და მეფე დაიხსნა. თემურლენგის ეს ლაშქრობა გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით. მიქელ პანარეტოსის ცნობით, საქართველოს დედაქალაქში „„რა ქონება იგდო ხელთ, რა ხატები გაძარცვა და დაწვა, რამდენი თვალი პატიოსანი, მარგალიტი, ოქრო და ვერცხლი წაიღო, არავის შეუძლია აღწეროს". თემურლენგს თბილისიდან ნადავლად წაუღია აგრეთვე საქართველოს მდიდარი სამეფო ბიბლიოთეკა.

1387 გაზაფხულზე თემურლენგი მრავალრიცხოვანი ჯარით მეორეჯერ შემოესია საქართველოს. ბაგრატმა და გიორგიმ მოსახლეობა მიუდგომელ ადგილებში გახიზნეს და მომზადებული დახვდნენ მტერს. მიუხედავად სასტიკი წინააღმდეგობისა, თემურლენგმა მოახერხა საქართველოში შემოჭრა, მაგრამ ზურგიდან თოხთამიშის გამოჩენის გამო მალევე იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო.

1394 თემურლენგი ორჯერ შემოესია საქართველოს: პირველად სამცხე-საათაბაგოს დაესხა თავს, მეორედ – არაგვის ხეობას. ამჯერადაც თოხთამიშის გამოჩენამ გააბრუნა იგი საქართველოდან. 1399 მიწურულს თემურლენგი მეხუთედ მოვიდა სამხრ. კავკასიაში და გამოსაზამთრებლად ყარაბაღში დაბანაკდა, საიდანაც რჩეული მხედრობით პირადად ილაშქრა ჰერეთ-კახეთში, საშინლად ააოხრა და გაძარცვა ეს მხარე. 1400 გაზაფხულზე თემურლენგი უზარმაზარი ლაშქრით მეექვსედ შემოიჭრა საქართველოში. გადაწყვეტილი ჰქონდა საქართვ. მთელი მოსახლეობის გათათრება ან პირწმინდად გაჟლეტა. ქართველები გიორგი VII-ის მეთაურობით მამაცურად შეებრძოლნენ მტერს მდ. საგიმის პირას, ქვემო ქართლში, მაგრამ იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. თემურლენგი კვალდაკვალ დაედევნა მათ. სასტიკად მოაოხრა ქვემო ქართლი თბილისი, მუხრანის ველის მიდამოები, ქსნისა და ლეხურის ხეობები და გარს შემოერტყა გორის ციხეს სადაც გიორგი VII იყო გამაგრებული. გიორგიმ გაარღვია მტრის ალყა და გამაგრდა ძამის ციხეში, სადაც შვიდი დღე-ღამის განმავლობაში მამაცურად იგერიებდა მტრის გააფთრებულ იერიშებს. ძამის ციხის დაცემის შემდეგ საქართველოს მეფემ სავანეთის ციხეში გადაინაცვლა. მტერმა ეს ციხეც აიღო. გიორგი VII გადავიდა დას. საქართველოში. თემურლენგმა ვერ გაბედა ტყიან და უგზო ქვეყანაში მეფის დადევნება და ჯავრი სამცხეზე იყარა. შემდეგ გადავიდა თრიალეთში, იქიდან თეძმის ხეობით – მცხეთაში და დალაშქრა არაგვის ხეობა, ააოხრა ტაო. ლაშქრობა გაგრძელდა მთელ გაზაფხულ-ზაფხულს. მტერმა მოაოხრა მთელი აღმ. და სამხრ. საქართველო, დალეწა ციხე-კოშკები, გაძარცვა და დაანგრია ეკლესია-მონასტრები, გაკაფა ბაღ-ვენახები, დაწვა და გაანადგურა სოფლები და დაბა-ქალაქები, გაჟლიტა უამრავი ხალხი. ამ ლაშქრობიდან თემურლენგმა 60 ათასზე მეტი ტყვე წაიყვანა.

1401 თემურლენგი მეშვიდედ მოადგა საქართველოს ასაოხრებლად. გიორგი VII-მ ზავი შესთავაზა. თემურლენგი დათანხმდა, რადგანაც ოსმალეთის სულთანთან გადამწყვეტი შეტაკების წინ ზავი მისთვის ხელსაყრელი იყო. 1401 შამქორის ზავის პირობებით საქართველო კისრულობდა ხარკის გადახდას, თემურლენგის ლაშქრობებში მონაწილეობის მიღებას, სამიმოსვლო გზების უსაფრთხოების დაცვას. ქართველებს ეკრძალებოდათ მუსლ. ქვეყნებში სახალხოდ ქრისტ. რიტუალის შესრულება, ხოლო თავიანთ ქვეყანაში პატივით უნდა მოპყრობოდნენ მუსლიმანებს; სამაგიეროდ თემურლენგი საქართველოს მშვიდობას და ხელშეუხებლობას აღუთქვამდა. მიუხედავად ზავისა, იგი იმავე წელს თავს დაესხა თორთუმის ციხეში გამაგრებულ ქართველებს და მოაოხრა იქაური მხარე.

1403 ივლისში, ოსმ. სულთან ბაიაზიდ ილდირიმის დამარცხების შემდეგ, თემურლენგი მერვედ შემოიჭრა საქართველოში მოაოხრა სამცხე და ალყა შემოარტყა ბირთვისის ციხეს რ-ის ერთი მუჭა გარნიზონი სამი კვირის განმავლობაში მამაცურად იგერიებდა მტრის იერიშებს. ციხის აღების შემდეგ თემურლენგმა გაილაშქრა დას. საქართველოზე და გიორგი VII-ის დევნაში მივიდა აფხაზეთის საზღვრამდე. ბოლოს იგი, რაკი საქართველოს მეფის წინააღმდეგობა ვერ გატეხა, იძულებული გახდა დაზავებოდა გიორგი VII-ს. ზავი იმეორებდა შამქორის ზავის პირობებს და, რაც მთავარია, ცნობდა საქართველოს, როგორც ქრისტ. ქვეყანას. ეს იყო ქართვ. ხალხის დიდი გამარჯვება, რ-იც მოპოვებულ იქნა ადამიანთა აურაცხელი მსხვერპლისა და უზარმაზარი მატერ. ზარალის ფასად.

ლიტ.: კაციტაძე დ., საქართველო XIV–XV სს. მიჯნაზე (სპარსული და სპარსულენოვანი წყაროების მიხედვით), თბ., 1975; ლორთქიფანიძე მ., მუსხელიშვილი დ., მეტრეველი რ., საქართველოს ისტორია, ტ. 2, თბ., 2012; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; ტაბატაძე კ., ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ XIV–XV სს. მიჯნაზე, თბ., 1974; ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 3, თბ., 1982.

კ. ტაბატაძე