თეოდორე ბალსამონი

თეოდორე ბალსამონი, (Theódōros ho Balsamōn) XII ს. ბიზანტიელი საეკლესიო მოღვაწე, იურისტი. დაიბადა კონსტანტინოპოლში. ერთხანს კონსტანტინოპოლის პატრიარქის ხარტოფილაქსი, ანუ იურიდ. მრჩეველი ყოფილა, 1185–91 – ანტიოქიის პატრიარქი. მისი მთავარი ნაშრომია XIV ტიტულის „სჯულისკანონის" და „სჯულისკანონთა" კრებულის („ნომოკანონების" – საეკლ. კანონიკური კრებულების) კომენტარები. გამოყენებული აქვს მრავალი ისეთი ისტ. საბუთი, რ-ებიც სხვაგან არ მოიძებნება. თ. ბ. კონსტანტინოპოლის II მსოფლიო კრების (381) მეორე კანონის განმარტების დროს აღნიშნავს: „ნუ გაიკვირვებთ, თუ სხვა ეკლესიებსაც ჰპოვებ ავტოკეფალურად, როგორც, მაგალითად, ბულგარეთის ეკლესიას, კვიპროსისა და იბერიისას... იბერიის არქიეპისკოპოსი პატივში აიყვანა ანტიოქიის კრების დადგენილებამ. ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც .... ანტიოქიის უწმინდესი პატრიარქი იყო უფალი პეტრე, გამოტანილი იქნა კრების დადგენილება, რომ იქნეს თავისუფალი და ავტოკეფალური ეკლესია იბერიისა". უკანასკნელი გამოკვლევებით, პატრიარქი პეტრე არის V ს. 70–80-იან წლების ანტიოქიის პატრიარქი პეტრე ფულონი; ამრიგად თ. ბ-ის ცნობა მყარი საბუთია საქართვ. ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მიღებისა V ს-ში.

წყარო: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 8, თბ., 1970.

ლიტ.: ლომოური ნ., საქართველოს ეკლესია და მისი ავტოკეფალია, «ჯვარი ვაზისა», 1990, N3; Tamarati M., L’église géorgienne, Roma, 1910.

ნ. ლომოური