თეოდოს III

თეოდოს III, აფხაზთა სამეფოს (დას. საქართველო) მეფე დაახლ. 975–978, გიორგი II-ის ძე. ბავშვობიდანვე ბიზანტიაში იზრდებოდა. ლეონ III-ის გარდაცვალების (967) შემდეგ მსხვილ ფეოდალთა ჯგუფმა, რ-იც ცენტრ. ხელისუფლების გაძლიერების წინააღმდეგი იყო, თ. III დაუპირისპირეს ძმას – ახალგამეფებულ დემეტრე III-ს. ტახტისათვის ბრძოლაში თ. III დამარცხდა. დემეტრე III-ის ბრძანებით იგი დააბრმავეს რის გამოც წყაროებში მოიხსენიება როგორც „თვალდამწვარი", „მწუხარე". თ. III გამეფდა უძეოდ გარდაცვლილი დემეტრე III-ის შემდეგ. ბრმა მეფის მმართველობას ფეოდ. ანარქიის გაძლიერება მოჰყვა. გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III-მ ტახტიდან გადაყენებული თ. III 978 ტაოში გაგზავნა დავით III კურაპალატთან. ამის შემდეგ ის წყაროებში აღარ იხსენიება.

წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1965; Анчабадзе З. В., Из истории средневековой Абхазии (VI–XVII вв.), Сух., 1959.

ვ. გუჩუა