თეოსოფია

თეოსოფია (ბერძნ. theos – ღმერთი და sophia – სიბრძნე, ცოდნა; ნიშნავს „ღვთაებრივ სიბრძნეს").

თ., ფართო გაგებით, ღვთაებრივის ჭვრეტას ნიშნავს. ის არის მოძღვრება ღვთაებრივის მისტიკური ჭვრეტის შესახებ, რ-იც მიზნად ისახავს ღმერთთან, ღვთაებრივთან შესაძლო გაერთიანებას. თეოსოფები იყვნენ: ნეოპითაგორელები, გნოსტიკოსები, მისტიკოსები და ა. შ. ცნობილ ფილოსოფოსთაგან თეოსოფები იყვნენ: ფილონ ალექსანდრიელი, ი. ბემე, ფ. შელინგი, ფ. ქ. ფონ ბაადერი და სხვ. ამდენად, მრავალი მისტიკური, ოკულტისტური და გნოსტიკური ტრადიცია თ-დ იწოდება. მაგ., ებრ. მისტიკის დიდი ნაწილი, კერძოდ კი კაბალა და ხასიდიზმი ებრ. თ-ს წარმოადგენს. კაბალა ებრ. რელიგიის მიღმაც გავრცელდა. ამის საუკეთესო მაგალითებია პ. დ. მირანდოლას, ი. როიხლინისა და სხვათა კაბალისტური ნაშრომები.

თ., ვიწრო გაგებით, ნიშნავს XIX ს. ბოლოს ცნობილი ოკულტისტის, ე. ბლავატსკაიას (1831–91) მიერ ჩამოყალიბებულ ეზოთერულ მოძრაობას, რ-იც ინდურ სიბრძნეზე (განსაკუთრებით ბუდიზმსა და ბრაჰმანიზმზე) დაყრდნობითა და ღვთაებრივი არსებისა და ზეგრძნობადი სამყაროს შემეცნების საფუძველზე ადამიანების ზნეობრივი სამყაროს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ე. ბლავატსკაიას მოსაზრების თანახმად, თ. არის უმაღლესი ჭეშმარიტებების გამოცხადება, რ-იც ღვთაებრივიდან მომდინარეობს და ადამიანის შინაგან არსში ცხადდება. ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ ე. წ. „ქრისტიანული თეოსოფია", რ-იც ი. ბემეს ნააზრევისაგან იღებს დასაბამს, და ე. ბლავატსკაიას ე. წ. „თანამედროვე თეოსოფია".

ქრისტ. თ-ის დიდი გავლენა იგრძნობა როზენკროიცერთა ნაშრომებში კერძოდ კი, ი. ვ. ანდრეას (1586–1654) შემოქმედებაში ასევე ცნობილი პიეტისტის, ი. არნდტის (1555–1621) ნაშრომში „ჭეშმარიტი ქრისტიანობის ოთხი წიგნი". ამ უკანასკნელმა გადამწყვეტი გავლენა იქონია ცნობილი მისტიკოსის, ე. სვედენბორგის (1688–1772) თეოსოფიურ მოძღვრებაზე, კერძოდ კი, მის მთავარ ნაშრომზე „ჭეშმარიტი ქრისტიანული რელიგია". ე. სვედენბორგის თეოსოფიური მოძღვრება ი. კანტის მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. აკადემიური, ინტელექტუალური თ-ის შექმნაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ფ. კ. ეტინგერმა (1702–82). აღსანიშნავია, რომ „ქრისტიანული თეოსოფია" XX ს. აზროვნებაში – ნ. ბერდიაევის, ლ. ციგლერისა და, ნაწილობრივ, რ. შტაინერის მეშვეობით – უდავოდ ანგარიშგასაწევი მიმდინარეობა იყო.

საქართველოში მისტიკურ-თეოსოფიურ კვლევებს XX ს. პირველი ათწლეულების ქართველ მოაზროვნეებს შორის საგანგებო ადგილი ეკავა. ე. ბლავატსკაია 1858–63 ცხოვრობდა ოდესასა და თბილისში. ცნობილია, რომ გარკვეული პერიოდი თბილისში მოღვაწეობდა გ. გურჯიევი რ-მაც 1919 აქვე დააარსა „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი". მისი საქმიანობა ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების შემდეგ აიკრძალა. მსგავსი სახის ინ-ტები შემდეგ ჩამოყალიბდა ამერიკაში, ინგლისსა და ევროპის სხვა მრავალ ქვეყანაში. გურჯიევი ცნობილი გახდა, როგორც ე. წ. მისტიკურ-ოკულტისტური მოძღვრების, „მეოთხე გზის შემქმნელი", რ-საც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მრავალი მიმდევარი გამოუჩნდა.

აკადემიური ქრისტ. თ. ოდითგანვე იქცევდა ფილოს. ისტორიის ქართვ. მკვლევართა სათანადო ყურადღებას. ი. ბემეს მისტიკურ-თეოსოფიური კონცეფციის მიმოხილვა და შეფასება გვხვდება მ. გოგიბერიძის კ. ბაქრაძის და სხვათა ნაშრომებში. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია გ. თევზაძის ნაშრომები ფილოს. ისტორიის შესახებ, სადაც ვრცლადაა განხილული ი. ბემეს, ფ. ვ. ი. შელინგის, ფ. ფონ ბაადერის და სხვ. მისტიკოს-თეოსოფთა კონცეფციები.

საქართველოში საგანგებო ინტერესის საგანი გახდა ქრისტ. თ-ის ერთ-ერთი განშტოება – ანთროპოსოფია და მისი დამფუძნებელი რ. შტაინერი. ამას ისიც ადასტურებს, რომ ქართ. ენაზე მისი მრავალი ანთროპოსოფიული თხზულებაა თარგმნილი. რ. შტაინერის „თეოსოფია" 1970 ქართ. ენაზე თარგმნეს ზ. გამსახურდიამ და მ. კოსტავამ. მათვე ეკუთვნის თ-ის შესახებ არაერთი მნიშვნელოვანი გამოკვლევა.

ლიტ.: ახალი ფილოსოფიის ისტორია, ნაწ. 1. განმანათლებლობა (ფრენსის ბეკონიდან იმანუელ კანტამდე), თბ., 2009; ახალი ფილოსოფიის ისტორია, ნაწ. 2 (იმანუელ კანტიდან ფრიდრიხ ნიცშემდე), თბ., 2012; გოგიბერიძე მ., ფილოსოფიის ისტორია, ტ. 1, თბ., 1941; გურჯიევი გ., სიყვარულის ორი სახე, თარგმნა მ. ხერგიანმა, თბ., 1992; თევზაძე გ., აღორძინების ეპოქის ფილოსოფია (მარსილიო ფიჩინოდან იაკობ ბოემემდე), თბ., 2008; შტაინერი რ., თეოსოფია: შესავალი ადამიანის დანიშნულებისა და სამყაროს ზეგრძნობადი შემეცნების სფეროში. თარგმნეს ზ. გამსახურდიამ და მ. კოსტავამ, თბ., 1970.

თ. ირემაძე