თეოფილე ხუცესმონაზონი, XI ს. II ნახევრის და XII ს. დამდეგის მწერალი, მთარგმნელი. მოღვაწეობდა კონსტანტინოპოლში, ღვთისმშობლის მონასტერში. თავის მოძღვრად და მასწავლებლად მიიჩნევდა გიორგი მთაწმიდელს. ლიტ. მოღვაწეობა დაიწყო მეფე გიორგი II-ის დავალებით არა უადრეს 1073-ისა. მარიამ დედოფლისეული „ქართლის ცხოვრების" მინაწერის თანახმად, 1114 იგი ეფრემ მცირესთან არსენ იყალთოელთან და იოანე ტარიჭისძესთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში. თ. ხ. მეტად ნაყოფიერად მოღვაწეობდა სას. მწერლობის მრავალ დარგში. მას დიდი წვლილი მიუძღვის მეტაფრასული მწერლობის განვითარებაში. თარგმნა მეტაფრასული ხასიათის ჰაგიოგრაფიული და ჰომილეტიკური თხზულებანი, მ. შ. აღსანიშნავია სვიმეონ მეტაფრასტის საკითხავები (სექტემბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეთა), აგრეთვე ეპიფანე კვიპრელის, ანასტასი სინელის, კირილე ალექსანდრიელის, იოანე ოქროპირის თხზულებანი. მასვე ეკუთვნის თეოდორიტე კვირელისა და ეპიფანე კვიპრელის დოგმატ. თხზულებათა თარგმანები. ეგზეგეტიკურ თხზულებათაგან მისი თარგმნილია იოანე ოქროპირისეული ძველი აღთქმის წიგნების კომენტარები. თ. ხ-ის მთარგმნელობით მოღვაწეობას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართ.-ბიზანტ. ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისათვის. მისი ნათარგმნი თხზულებების ზოგიერთ ბერძნ. დედანს ჩვენამდე არ მოუღწევია, მ. შ. უნდა აღინიშნოს თეოდორე კვირელის „აღსარება მართლისა სარწმუნოებისა" და ილარიონ ქართველის „ცხოვრების" მეტაფრასული რედაქცია.
ლიტ.: კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.
რ. მიმინოშვილი