გოგნიაშვილი რევაზ დიმიტრის ძე (26. X. 1893, სოფ. ქვემო ხოდაშენი, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი, – 20. III. 1967, თბილისი), კომპოზიტორი და დირიჟორი. თბილისის საოპერო სცენაზე დადგმული პირველი ქართ. ოპერის „ქრისტინეს" ავტორი.
პირველდაწყებითი განათლება მიიღო თბილისის სამუსიკო სასწავლებელში (ი. ტერ-დავიდოვის კლასი), 1913 დაამთავრა პარიზის კონსერვატორია საკომპოზიციო განხრით (პედაგოგები: პროფ. პენიო, გრავარე, ივადონი). ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში პარიზის ერთ-ერთმა ცნობილმა ფირმამ გამოსცა გ-ის საფორტეპიანო პიესა „სევდა". 1913– 14 პარიზშივე დირიჟორობდა ერთ-ერთ სიმფ. ორკესტრს.
1914 დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო ინტენსიური შემოქმედებითი მოღვაწეობა. შეკრიბა და დაამუშავა ქართ. ხალხ. სიმღერები. იმავე წელს დაიწყო მუშაობა ოპერა „ქრისტინეზე" (მისივე ლიბრეტო, ე. ნინოშვილის მოთხრობისა და პ. ირეთელის პიესის მიხედვით).
1918 წლის 21 მაისს „ქართველ მომღერალთა კავშირის" თაოსნობით „ქართული კლუბის" სცენაზე შედგა გ-ის „ქრისტინეს" პრემიერა (რეჟ. კ. ანდრონიკაშვილი, დირიჟ. ნ. ქართველიშვილი, იასონის პარტიას ასრულებდა ვანო სარაჯიშვილი). იმავე წლის 17 ივნისს „ქრისტინე" დაიდგა თბილ. საოპერო თეატრის სცენაზე.
გ-ის სხვა ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ოპერები: „ჯადოსანი" (ქართ. ხალხ. ზღაპრის მოტივებზე, რ-საც ნაწყვეტების სახით ასრულებდა სიმფ. ორკესტრი) და „მზის ქურუმი" (საკულტორიტუალური ხასიათის), აგრეთვე ვოკალურ საკრავიერი და კამერული ნაწარმოებები. მის საკონცერტო მინიატიურებს ასრულებდა ვ. სარაჯიშვილი. დაწერილი აქვს მუსიკა დრამატ. თეატრების დადგმებისათვის (სატირის, თოჯინების, მოზარდ მაყურებელთა და სხვ. თეატრების 100-მდე სპექტაკლისათვის).
ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. სამუს. სკოლებში.
შ. ცუცქირიძე