თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ეპარქია. მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. მოიცავს არაგვისა და ივრის ხეობების ისტ. კუთხეებს – ერწო-თიანეთსა და ძვ. ფხოვის ტერიტორიას. ეპარქიას აღმ-იდან ესაზღვრება ალვან-თუშეთი, რ-იც ალავერდის ეპარქიის შემადგენლობაშია; დას-იდან – ხევისა და სტეფანწმინდის ეპარქია; სამხრ. და სამხრ.-დას-იდან – გუდამაყარ-მთიულეთი, რ-იც წილკნის ეპარქიას მიეკუთვნება; სამხრ.-აღმ-იდან – მცხეთა-თბილისის ეპარქია. ჩრდ-ის საზღვარი საქართვ.–რუს. სახელმწ. საზღვარს ემთხვევა ძვ. ქისტეთის, იმავე ინგუშეთის რესპუბლიკასთან.
ძვ. ქართულ საისტ. მწერლობაში აღმ. საქართველოს მთიელ მოსახლეობას საერთო სახელი „მთეულნი" ეწოდებოდათ. მთეულნი კახეთის ჩრდ. არაგვისა და თერგის ხეობაში სახლობდნენ. სადაც თითოეულ კუთხეს თავიანთი საკუთარი, ისტ.-ეთნოგრ. და ყოფა-ცხოვრების შესაფერისი, ტრად. სახელიც ჰქონდა. ამ მხარის უკიდურეს სამხრ-ით მდინარე ივრის დას. მხარეს, მდებარეობდა „ერწუ", ანუ „ერწო". ერწოს ზემოთ, იორზე, იყო „თიანეთი", რ-იც ადრიდანვე არა მარტო ქალაქურ დასახლებას, არამედ მთელ კუთხეს ერქვა. გუდამაყრის ხეობის აღმ-ით, ფხოველთა მთებზე, შეფენილი იყო „ფხოეთი", იგივე ფხოვი, რ-იც XV ს-მდე ფშავისა და ხევსურეთის ზოგადი სახელი იყო. ამდენად, სამღვდელმთავროს გეოგრ. საზღვრები ვრცელდება აღმ. საქართველოს მთის ისტ. კუთხეებზე – ფშავსა და ხევსურეთზე (ადრინდ. წერილობითი ძეგლების მიხედვით – „ფხოვზე") და ერწოსა და თიანეთზე (გარკვეულ პერიოდში ეს მხარე „ჟალეთის ქვეყნის" სახელით იყო ცნობილი).
ქვეყნის პოლიტ. მდგომარეობის მიუხედავად, თანამედროვე თ. და ფ.-ხ. ე-ის იურისდიქციაში არსებული ტერიტორიები მუდამ მცხეთის საკათოლიკოსოს გამგებლობაში ითვლებოდა.
XIX ს. დასაწყისიდან, საქართვ. მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, კახეთისა და აღმ. საქართველოს მთიანეთის საეკლ. ცხოვრება ერთ – კახეთ-ალავერდის ეპარქიას დაექვემდებარა. 1917, ავტოკეფალიის აღდგენისას, განახლდა წილკნის ეპარქიაც, რ-იც აერთიანებდა აღმ. საქართველოს „მთეულთ" – მთიულეთს, გუდამაყარს, ხევს, ფშავს, ხევსურეთს, ერწო-თიანეთსა და სხვ. 2003 წ. 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ საქართვ. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კრებაზე წილკნისა და ალავერდის ეპარქიათა ტერიტორიების საფუძველზე დაარსდა თ. და ფ.-ხ. ე. ამგვარი სახელწოდება – „თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის" – არ გვხვდება საქართვ. საეკლ. წარსულში, თუმცა იგი არსით საუკუნეთა წინ გაუქმებული „ჟალეთის", შემდეგ კი ძვ. „ხარჭაშოს" ეპარქიის განახლებას ნიშნავს (ხარჭაშოს ეპისკოპოსი „ხარჭაშნელად" იწოდებოდა).