თიანეთის მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი). აღმ-ით ესაზღვრება ახმეტის, დას-ით და ჩრდ-ით – დუშეთის, სამხრ-ით – მცხეთისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები. ფართ. 906,3 კმ² მოსახლ. 9,5 ათ. კაცი (2014). ცენტრი – თიანეთი. თ. მ-ში არის 2 დაბა (თიანეთი, სიონი), 84 სოფელი, 10 თემი: არტნის (ცენტრი – ზემო არტანი), ახალსოფლის, ზარიძეების, ნაქალაქარის (ცენტრი ზემო ნაქალაქარი), ჟებოტის, სიმონიანთხევის, ტუშურების, ღულელების, ჩეკურაანთგორის, ხევსურთსოფლის.
ისტორიული ცნობა. სიტყვა ,,თიანეთი" ორი მნიშვნელობით იხმარება: ერთ შემთხვევაში იგი აღნიშნავს გეოგრაფიულ მხარეს, მეორე შემთხვევაში – დასახლებული პუნქტის სახელწოდებას. ტყიანი გორებით შემოსაზღვრულ ადგილზე მდებარეობის გამო დაბას თავიდან „მთიანეთი" ერქვა. დროთა ვითარებაში პირველი ასო „მ" დაიკარგა და მივიღეთ ტოპონიმი „თიანეთი".
თიანეთი (ერწოსთან ერთად) ისტორიულად წარმოადგენდა ქართლის სამეფოს ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონს. იგი ადმინისტრაციულად კახეთის სამეფოში შედიოდა. საისტ. წყაროებში როგორც გეოგრ. მხარის სახელწოდება, პირველად IV ს-ში ქართლის სამეფოში ქრისტიანობის გავრცელებასთან დაკავშირებით იხსენიება. „მოქცევაჲ ქართლისაჲს" თანახმად, ქართლის მთიელების მოსაქცევად წასული წმ. ნინო წობენიდან „გარდავიდა ერწუდ და დადგა ჟალეთს, დაბასა ედემს, და ნათელ-სცა ერწუ-თიანელთა". ამავე ცნობას იმეორებს ლეონტი მროველი. ჯუანშერი ამ მხარეს იხსენებს ვახტანგ გორგასლის მიერ ოსეთზე ლაშქრობის მზადებასთან დაკავშირებით: „წარვიდა ვახტანგ და დადგა თიანეთს. და მუნ მიერთნეს ყოველნი მეფენი კავკასიანნი ორმოცდაათი ათასი მხედარი. და წარემართა სახელსა ზედა ღმრთისასა, განვლო კარი დარიალანისა". მოგვიანებით ვახტანგ გორგასალმა აქ ააშენა ეკლესია და დასვა ეპისკოპოსი, „მწყემსი ერწო-თიანეთისა, ფშავ-ხევსურეთისა და ხერკისა". „მატიანე ქართლისაში" რამდენჯერმეა მოხსენიებული თიანეთი, ერწო და ჟალეთი. კერძოდ, წყაროში თიანეთი იხსენიება ბაგრატ III-ის კახეთის ქორეპისკოპოს დავითთან ბრძოლის დროს. ბაგრატი „დადგა თიანეთს და იწყო შემუსრვად კახეთსა". დაახლოებით X ს-ში კახეთის სამთავროს ცენტრი თავდაპირველად ბოჭორმაში, ხოლო XI ს. დასაწყისში თიანეთშია გადანაცვლებული. როცა ბაგრატ IV კახეთის შემოერთებისათვის ბრძოლისას თიანეთში გადავიდა, მან დაწვა „დარბაზი ბოდოჯისა" – კახეთის მეფის კვირიკეს სასახლე (ეს დარბაზი სამეფო რეზიდენციად ითვლებოდა, რ-იც დღევანდელ ცხრაკარას ადგილას ყოფილა აგებული). ამის შემდეგ კახეთის ადმინისტრაციულმა ცენტრმა თელავში გადაინაცვლა, აღნიშნული ტოპონიმი კი გაქრა, ხოლო კუთხის პოლიტიკურმა ცენტრმა მთელი სანახების – „(მ)თიანეთის" სახელი დაიმკვიდრა. "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი" ერწო-თიანეთის მცხოვრებთ ასახელებს სხვა მთიულებს შორის, რ-ებიც მეფის მხარეზე იბრძოდნენ აჯანყებული ფხოველების დასამორჩილებლად: „მოუწოდა მეფემან ათაბაგსა და ყოველთა მთეულთა; დვალთა, ცხრაზმელთა, მოჴევეთა, ჴადელთა, ცხავატელთა, ჭართალთა, ერწოთიანელთა, მისცა ივანე ათაბაგსა და წარავლინა მათ ზედა". ერწო-ჟალეთზე გადიოდა სავაჭრო გზის ერთ-ერთი განშტოება, რ-იც ქართლს კავკასიის ალბანეთთან და სომხეთთან აკავშირებდა.
XIII ს. დასასრულს მონღოლებმა არაგვის ხეობასთან ერთად ერწო-თიანეთიც მიწასთან გაასწორეს: „წამოვიდნენ და მომართეს მთიულეთს, მოაოჴრეს სომხითი, ქართლი, ერწო-თიანეთი და დადგნენ მუხრანს და ხერკს და ერწო-თიანეთს და ბაზალეთს, და სტყუევნიდიან, სადა ვის მოაჴელიან..." (ვახუშტი ბატონიშვილი, XVIII ს.).
1478 თიანეთი მოარბია უზუნ-ჰასანმა. შაჰ-აბასმა გაგზავნა დიდი ჯარი ხერკისა და ერწო-თიანეთის წინააღმდეგ. თიანეთს როსტომთან დაპირისპირების გამო თავს აფარებდა თეიმურაზ I. როსტომმა ერწო-თიანეთი ზაალ არაგვის ერისთავს მისცა. 1722 თიანეთი მოაოხრეს ლეკებმა.
მხარის შესახებ ისტ. და გეოგრაფიულ ცნობებს გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილი.
არქეოლოგიური გათხრებისას თ. მ-ის ტერიტორიაზე აღმოჩენილია რომაული, სასანური (იხ. თოლენჯის განძი) და ბიზანტიური მონეტები, რ-თა მიხედვითაც შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ აღნიშნულ პერიოდში ივრის ხეობის მოსახლეობა ინტენსიურად იყო ჩართული საერთაშ. სავაჭრო ურთიერთობებში.
XV ს-ში, ერთიანი საქართველოს ფეოდ. სახელმწიფოს პოლიტ. დაშლის შემდეგ, ერწო-თიანეთი კახეთის სამეფოს ერთ-ერთი სამოურავო გახდა (იხ. თიანეთის სამოურავო).
1917-მდე ახლანდელი თ. მ-ის ტერიტ. შედიოდა თიანეთის მაზრის 1924-იდან – დუშეთის მაზრის შემადგენლობაში. 1932-იდან ყალიბდება დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ ერთეულად.
ბუნება. თ. მ-ის ტერიტ. მდებარეობს კავკასიონის სამხრ. კალთაზე და მოიცავს მდ. ივრის ზემო დინების აუზს სათავიდან სოფ. ბოჭორმამდე. აქვს საშუალო და მაღალმთიანი რელიეფი. მხოლოდ სამხრ. ნაწილში უკავია მცირე ფართობი ვაკეებს (თიანეთისა და ერწოს ქვაბულების ძირზე) და გორაკ-ბორცვებს. მუნიციპალიტეტის ტერიტ. ჩრდ. ნაწილი აგებულია ქვედაიურული ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით, სამხრ. – ზედაიურული ქვიშაქვებით, მერგელოვანი ფიქლებითა და კირქვებით (ფლიშური წყება), უფრო სამხრ-ით გავრცელებულია ქვედა და ზედაცარცული კირქვები, მერგელები და ქვიშაქვები, აგრეთვე მესამეული ქვიშაქვები, მერგელები, თიხები, კონგლომერატები. თიანეთისა და ერწოს ქვაბულები აგებულია მეოთხეული რიყნარით, ქვიშებით, თიხებით.
მუნიციპალიტეტის ძირითადი ოროგრაფიული ერთეულებია ქართლის კახეთის, გომბორისა და საბადურის ქედები. ქართლის ქედის მნიშვნელოვანი მწვერვალებია: ჭიჩო, სასოვეთავი, ელიასნიში. მუნიციპალიტეტს აღმ-იდან ესაზღვრება კახეთის ქედი (მწვ. გარეჯა, მუხათი) და გომბორის ქედის ჩრდ.-დას. ნაწილი. ქართლის ქედსა და ივრის ხეობას შორის განედურადაა გაწოლილი საბადურის ქედი, რ-იც ერწოს ქვაბულს სამხრ-იდან ესაზღვრება. თ. მ-ის მნიშვნელოვანი ოროგრაფიული ერთეულია ივრის ხეობა, რ-იც მუნიციპალიტეტის სამხრ. ნაწილში გაფართოებულია და თიანეთის ქვაბულს ქმნის. მის სამხრ-ით სიონის ქვაბულია, რ-იც ამჟამად თითქმის მთლიანად სიონის წყალსაცავს უკავია უფრო სამხრ-ით კი – ერწოს ქვაბული.
თ. მ-ის ყველაზე დაბალ ნაწილში ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. უფრო ზემოთ (1100 მ-იდან 1900 მ-მდე) ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული კიდევ უფრო მაღლა ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და მოკლე ზაფხული. ქედების თხემებზე 2400–2500 მ ზემოთ, ნამდვილ ზაფხულს მოკლებული მაღალმთის ზომიერად ნოტიო ჰავაა. ჰაერის საშ. წლ. ტემპ-რა დაბალ ნაწილში 8,5°C 2400 მ სიმაღლეზე იგი 0°C-მდე ჩამოდის, ხოლო ქედების თხემებზე გაცილებით უფრო დაბალია. იანვ. საშ. ტემპ-რა დაბალ ნაწილში –2, 0 °C-მდეა, მაღალმთიან ნაწილში კი –10 °C-ზე დაბლა ეცემა. ივლ. ტემპ-რა დაბალ ზონაში 19°C-ია, მთაში კი 8–10 °C არ აღემატება. აბსოლ. მინ –28 –40 °C შორის მერყეობს. აბსოლ. მაქს. 20–22°C-იდან 35–36°C-მდე აღწევს. ნალექები თ. მ-ის დაბალ ნაწილში არის 620 მმ წელიწადში, მაღალ ნაწილში – 1300 – 1800 მმ.
თ. მ-ის მთავარი მდინარეა იორი, მისი შენაკადებია ქუსნო, საგამი, აძეძი. იორი და მისი შენაკადები თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით საზრდოობენ. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა – ზამთარში. მდ. ივრის წყლის ბაზაზე აგებულია სიონის წყალსაცავი, რ-იც ასაზრდოებს ზემო სამგორის სარწყავ სისტემასა და სამგორის წყალსაცავს, არეგულირებს მდ. ივრის ჩამონადენს. სიონის წყალსაცავის კაშხალთან აგებულია სიონჰესი.
თ. მ-ის დაბალ ნაწილში ტყის ყავისფერი ნიადაგია, ერწოსა და თიანეთის ქვაბულებში – უკარბონატო ალუვიური ნიადაგი, ქედების კალთებზე – ტყის ღია და გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგი, რ-საც უფრო მაღლა კორდიანი და კორდიან-ტორფიანი მთის მდელოთა ნიადაგი ცვლის; ქართლისა და კახეთის ქედების თხემზე, მცირე ფართობზე, გვხვდება მცირე სისქის კორდიან-ტორფიანი ნიადაგი.
თ. მ-ის ქედების კალთების ქვემო ნაწილში გავრცელებულია მუხნარ-რცხილნარი. ქართლის კახეთისა და გომბორის ქედების კალთები და თხემების დიდი ნაწილი უკავია წიფლნარს. საბადურის ქედზეც წიფლნარებია კოლხ. ქვეტყის ელემენტებით. ქართლისა და კახეთის ქედების ჩრდ. ნაწილში და გომბორის ქედზე სუბალპ. მდელოებია მცირე ფართობზე არის ალპ. მდელოებიც.
მაღალ მთებში ბინადრობს არჩვი, ტყეებში – კავკ. ირემი, კავკ. მურა დათვი, მგელი, მელა, მაჩვი, კვერნა, იშვიათად – ფოცხვერი. მრავლადაა მღრღნელი: თაგვი, ვირთაგვა, ბუჩქნარის მემინდვრია, ჩვეულებრივი მემინდვრია და სხვ. ალპ. მდელოებზე შემორჩენილია ენდემური კავკ. შურთხი და კავკ. როჭო. მტაცებელ ფრინველთაგან მაღალმთიან ნაწილში გვხვდება კრავიჭამია, მთის არწივი, ჭკა. ტყეში ბინადრობს ძერა, ქორი, კოდალა, შაშვი, ჩხიკვი და სხვ. იორსა და მის შენაკადებში არის კალმახი, ქაშაპი, მტკვრის ტობი, ხრამული, მტკვრის წვერა, მურწა და სხვ. თევზით მდიდარია სიონის წყალსაცავი, სადაც ადგილ. სახეობებთან ერთად ბინადრობენ შემოყვანილი თევზები (სარკისებრი კობრი და სხვ.).
ძირითადი ლანდშაფტები: 1. დაბალი მთები მუხნარითა და რცხილნარ-მუხნარით, ტყის ყომრალი და ყავისფერი ნიადაგებით; 2. საშუალო სიმაღლის მთები რცხილნარ-წიფლნარით და წიფლნარით, ზოგან კოლხ. ქვეტყის ელემენტებით ტყის ყომრალ და კორდიან-კარბონატულ ნიადაგებზე; 3. მთათაშორისი ქვაბულები რცხილნარ-მუხნარით, ტყის ყომრალი, ალუვიური და კორდიან-კარბონატული ნიადაგებით; 4. მთა-მდელოს ლანდშაფტი (სუბალპ. და ალპ.) მთის მდელოებით კორდიან-ტორფიან ნიადაგებზე.
მოსახლეობა. მოსახლ. 98,1% ქართველია. ცხოვრობენ აგრეთვე სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც. განსახლების ძირითადი ზონა ზ. დ. 1000 –1200 მ ფარგლებშია. მოსახლ. საშ. სიმჭიდროვეა 104 კაცი 1 კმ²-ზე (2014).
მეურნეობა. მეურნ. წამყვანი დარგია მეცხოველეობა. მუნიციპალიტეტის მთელი ფართობის დაახლ. 40% უჭირავს სას.-სამ. სავარგულებს. მოჰყავთ მარცვლეული და საკვები კულტურები, მრავალწლიანი კულტურებიდან – ვაშლი და ქლიავი.
თ. მ-ში არის კვების (ყველ-კარაქის) და ადგილ. მრეწველობის (ხეტყის სახერხი და სხვ.) საწარმოები. მუნიციპალიტეტში რკინიგზა არ არის. საავტ. გზა მიდის თბილისისა (საბადურის, სიონის ან ჟინვალის გავლით) და ახმეტის მიმართულებით.
კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. თ. მ-ში არის სკოლამდელი დაწესებულებები, საჯარო, სამუსიკო და სპორტ. სკოლები, საკლუბო დაწესებულებები; თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მირზა გელოვანის მემორიალური სახლ-მუზეუმი.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება შპს „თიანეთის სამედიცინო ცენტრი".
ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები. მუნიციპალიტეტის ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან შემონახულია: თიანეთის ცხრაკარა (XI ს. I მეოთხედი), მარიამ წმინდის ეკლესიის კომპლექსი ჟებოტის მიდამოებში, ჟალეთის ხუროთმოძღვრული კომპლექსი (VIII–IX სს., შუა საუკუნეები), ბოჭორმის ციხე სოფ. ნადოკრაში არჩილის მონასტერი ჟალეთის ბაზილიკა (IX ს. დასასრული, X ს. დასაწყისი) სოფ. სიონთან, საყდრიონის წმ. გიორგის ეკლესია (VIII–IX სს.) და სხვ.
ი. აფხაზავა
მ. ბალიაური
გ. ზარდალიშვილი
თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა (არაკომერციული, არასამეწარმეო იურიდიული პირი – ააიპ). დაარსდა 1951, 1990 მუზეუმისათვის აშენდა შენობა. მისი ფართობია 340 კვ. მ მუდმივი ექსპოზიცია – 300 კვ. მ საცავი – 20 კვ. მ. მუზეუმის ფონდში დაცულია 3957 ექსპონატი – თიანეთის მუნიციპალიტეტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლ. ექსპედიციებისა და შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად მოპოვებული მასალები ადრე ბრინჯაოს ხანიდან გვიან შუა საუკუნეებამდე, ეთნოგრ. ყოფის ამსახველი მასალები, საეკლ. დანიშნულების ნივთები, ოთხთავის ხელნაწერი და ნაბეჭდი გამოცემები, ქსოვილების ნიმუშები (აღმ. საქართველოს მთიანეთის XIX ს. ფარდაგები, ხევსურული ხალხ. სამოსელი და აქსესუარები), შუა საუკუნეების კერამ. ჭურჭელი და სხვ. თ. მ. მ-ის ბაზაზე დაარსდა მირზა გელოვანის მემორიალური სახლ-მუზეუმი.
თ. მ. მ-ში ეწყობა გამოფენები: „ერწო-თიანეთის არქეოლოგია", „ნუმიზმატიკური მასალა მუზეუმის ფონდებიდან", „ხევსურული ფარდაგები". მუზეუმი ახორციელებს საგანმან. პროგრამებს: „კავშირი წარსულთან" (IX–X კლასის მოსწავლეებისთვის), „ტრადიცია და ფშავი" (ფარდაგის ქსოვის ხელოვნების სწავლება).