თიანეთის ცხრაკარა

თიანეთის ცხრაკარა, სასახლე, XI ს. ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი. მდებარეობს თიანეთის ჩრდ.-დას-ით 1 კმ-ზე, საჭურის ხეობის მარცხენა ნაპირის მაღლობზე, საიდანაც კარგად მოჩანს ივრის ხეობა, კვეტერასკენ მიმავალი გზა, საჭურის ხეობა და ზემო თიანეთის გარკვეული მონაკვეთი. ქვის თხელი ფილების სწორი რიგებით ნაგები სასახლე ორსართულიანი ყოფილა. ოთახები ერთმანეთს აგურით ამოყვანილი თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდებოდა. ქვედა სართული 4–4,5 მ სიმაღლისა იყო, ზედა კი, როგორც ჩანს, – უფრო მაღალი. შენობას ჰქონდა აივანი, რ-იც ღია ეზოში გადიოდა. სასახლე დიდი ზომებითა და დაგეგმარების სირთულით გამოირჩევა სხვა ცნობილ საერო ფეოდ. სასახლეთაგან. გ. ჩუბინაშვილი იზიარებს ს. ჯანაშიას მოსაზრებას, რომ ცხრაკარას ნანგრევები უნდა იყოს ერთ-ერთი ისტორიკოსის მიერ მოხსენიებული კახეთის მეფე კვირიკე III-ის (1010–32) სასახლე თიანეთში „დარბაზი ბოდოჯისა", რ-იც ბაგრატ IV-ს (1027–72) დაუწვავს. „გარდაადგა თიანეთსა და დაწვა დარბაზი ბოდოქისა, სახლი სახლოვანი დიდისა კვირიკე მეფისა აგებული" – მოგვითხრობს მარიამ დედოფლისეული ქართლის ცხოვრება.

ლიტ.: სონღულაშვილი ჯ., კიდევ ერთი ცხრაკარა ივრის ხეობაში, «ძეგლის მეგობარი» 1974, N36; Чубинашвили Г., Архитектура Кахетии, Тб., 1959; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 2, თბ., 2008.