თითისტარი, თავსა და ბოლოში წვრილი, ქვედა ნაწილში გამსხვილებული ჩხირი, რომლის ბზრიალით ძაფს ართავენ. შედგება ხის ტარისა და ხისავე კვირისტავისაგან (ცნობილია აგრეთვე ძვლის, ქვის, ლითონის, იშვიათად – ოქროს კვირისტავები). დანიშნულების მიხედვით თ. ორგვარია: სართავი და საძახავი. ქართ. ხალხურ სართავ ტექნიკაში სართავი თ-ის სახესხვაობებიდან აღსანიშნავია ხის ჯამში (სახრელი, ნატეხარა და სხვ.) მბრუნავი პატარა უკვირისტავო თ., რ-საც აღმ. საქართველოში ქართ. თ. ეწოდება. ამავე ტიპის კვირისტავიანი თ-ები დას. საქართველოში სხვადასხვა სახელწოდებითაა ცნობილი – ტარ-კვირისტავი (იმერეთი), ხელტარი (აჭარა), პატარა თ. (რაჭა), ჩერია (სამეგრელო), ჩერიჩერშლა (სვანეთი) და სხვ.
ქართ. თ-ის პროტოტიპი ბრინჯაოს ხანიდანაა ცნობილი. ბედენის აკლდამაში ნაპოვნი (ძვ. წ. XIX ს.) თ. და კვირისტავი ფორმითა და დამზადების ტექნიკით მიაგავს თანამედროვე ქართ. თ-ს. საქართველოში არქეოლ. გათხრების შედეგად აღმოჩენილია ადრეული ხანის კვირისტავები. ენეოლითის ხანის ძეგლებში (ყვირილის ხეობა, გამოქვაბული სამელე კლდე) მოპოვებული სხვადასხვა ზომისა და ფორმის ორნამენტიანი და უორნამენტო კვირისტავები იმაზე მიუთითებს, რომ იმდროინდელ საქართველოში რთვისა და ქსოვის საქმე საკმაოდ განვითარებული ყოფილა.
ლიტ.: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2013; ჩაჩაშვილი გ., ქართული ხალხური საქსოვი დაზგები, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე» 1954, ტ. 18 B.
გ. ჩაჩაშვილი