თითმერია ჯუმბერ იპოლიტეს ძე

თითმერია, ჯუმბერ იპოლიტეს ძე (20. II. 1939, ზუგდიდი, – 2. I. 2007, თბილისი), მწერალი კრიტიკოსი, მთარგმნელი, პუბლიცისტი. 1962 დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი. იყო ალმანახ „კრიტიკის" (1973–75) და ჟურნ. „საბჭოთა ხელოვნების" (1976–84) პასუხისმგებელი მდივანი; საქართვ. მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტ. ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგიის პასუხისმგებელი მდივანი (1985–87). 1996-იდან იყო გაზ. „კრიმინალური ქრონიკის" მთავარი რედაქტორი.

გამოქვეყნებული აქვს ლიტ.-კრიტ. წერილების კრებულები: „პანორამა" (1966, 1986), „დრო, ფიქრი, სიტყვა" (1979); „ისევ ... დრო. ფიქრი. სიტყვა" (1999), „საუბრები" (2004); შემდგენელია კრებულებისა: „იაკობის სამრეკლო" (1990), „აკაკის სამრეკლო" (1990) და სხვ. თ-მ თარგმნა ვ. შუკშინის მოთხრობათა კრებულები: „მგლები" (1978) და „წყენა" (1987); დ. გრანინის „მიზნის არჩევა" (1977); XI ს. იაპონელი მწერალი ქალის სეი-სიონაგონის რომანი "მარტოობის ჟამის ჩანაწერები" (1983); XIII ს. II ნახევრისა და XIV ს. დასაწყისის იაპონელი მწერალი ქალის ნიძიოს რომანი „საჩუმათო ამბავი" (1987); ლ. ტოლსტოის „რა არის ხელოვნება?" (1984) და „მოთხრობები, ნამდვილი ამბები, იგავ-არაკები" (1988); ე. ედიგეის „თვითმკვლელის დღიური" და ი. ხმელევსკაიას „რა თქვა მიცვალებულმა" (1989); ა. ქალანთარიანის რომანი „მარათონი", სალვადორ დალის „ერთი გენიოსის დღიური" (1988) და სხვ.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999) და ფრიტიოფ ნანსენის საპატიო მედლით.